Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წელს ევროპის კავშირმა ახალი ევროპის შექმნა დაიწყო


2002 წელი ევროპის კავშირისთვის მნიშვნელოვანი წელია.

ახლახან დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გადაწყდა, რომ კავშირში მიიღებენ კიდევ 10 სახელმწიფოს. სამს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან: ბალტიისპირა ქვეყნებს - ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს. მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას 2004 წელს მიუსხდებიან: ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი - ასევე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები; აგრეთვე, სლოვაკეთი, სლოვენია და ხმელთაშუა ზღვის ორი კუნძული - სახელმწიფო მალტა და კვიპროსი. დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც წელს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ასე მიესალმა ახალ წევრებს, როგორც მან თქვა, თავიანთ ოჯახში:
[რასმუსენის ხმა]
ჯერჯერობით კავშირში შესვლის სიხარულს ვერ იზეიმებენ რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც, ეკონომიკური სისუსტის გამო, მეორე რიგში მოხვდნენ. მათ 2007 წლისთვის მოუწევთ დაუბრუნდნენ ევროპას, როგორც კავშირის გაფართოებაზე ამბობენ ხოლმე.

ევროპის კულტურული ბირთვის დაშლა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, როცა ნაციონალისტური სენით შეპყრობილმა ერებმა ზურგი შეაქციეს თავიანთ კულტურულ სახლს, ევროპულ სახლს, და ეს ერთობა მცირე ფსევდოკულტურულ ავტონომიებად დაიშალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ დამოუკიდებელი ქვეყნების ნაწილი, არსებითად, სრულიად ევროპული ბუნებისა, სოციალიზმის ბანაკში გააერთიანეს და დასავლეთი ევროპა - კაპიტალისტური ევროპაღა - ითვლებოდა ჭეშმარიტ ევროპად. ევროპას, როგორც კულტურულ ერთობას, თავის დროზეც არავინ მისტიროდა, მაგრამ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ერთობის დაშლა ტრაგედიად მიაჩნდათ. საბოლოოდ, ამ - ჯერ კულტურულად, შემდგომ პოლიტიკურად - დაშლილი ევროპის ეკონომიკური გაერთიანება ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ კავშირში გაერთიანებისთვის მიწვეულ ქვეყნებს ფულის გამო ჰქონდათ პრეტენზია. ისინი სავსებით აღიარებენ თავისუფალი ბაზრის დასავლურ პრინციპს, ასევე დასავლურ, დემოკრატიულ წყობას, მაგრამ, აი, საწყისი კაპიტალი, რომელსაც კავშირი მათ მომავალში გადაუხდის, მეტი მოინდომეს. 2002 წელს გამოქვეყნდა მომავალი წევრების სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ფინანსური დახმარების პროექტი. მაშინვე დაიწყო ამბოხი კანდიდატთა შორის უდიდესმა - პოლონეთმა, რომელსაც ყველაზე მძლავრი და ინდივიდუალური ბუნების აგრარული სექტორი აქვს. ეს ამბოხი სხვა ქვეყნებსაც გადაედო. ევროპის კავშირმა წინასწარ გამოცხადებული თანხის გაზრდაზე უარი არ თქვა. ამ დათმობით კანდიდატ სახელმწიფოებს, მათ მთავრობებს, უკვე გზა გაეხსნათ კავშირისკენ. კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ამ გადაწყვეტილების დამტკიცება, ალბათ, არ იქნება რთული პროცესი, თუმცა მოულოდნელობები გამორიცხული არ არის. გაგახსენებთ ირლანდიის რეფერენდუმს. იმისათვის, რომ კავშირი გაფართოებულიყო, საჭირო გახდა მისი სტრუქტურების გარდაქმნა, რაც საფრანგეთში, ნიცაში, შესაბამისი ხელშეკრულებით განმტკიცდა. კავშირის წევრების პარლამენტებმა ნიცის ხელშეკრულება მიიღეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამის თაობაზე რეფერენდუმი მოაწყო, ირლანდია იყო. პირველ რეფერენდუმში ირლანდიელებმა უარი თქვეს კავშირის გაფართოებაზე, მაგრამ ოქტომბრის მეორე რეფერენდუმში მათ მაინც თანხმობა განუცხადეს ნიცის გადაწყვეტილებას. ახლა რეფერენდუმები უნდა მოეწყოს კავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში, რომელთა მთავრობები მზად არიან თავიანთ ხალხს შეუძღვნენ კავშირში. მაგრამ რას იტყვის ეს ხალხი, ცნობილი არ არის. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ევროპის კავშირში გაერთიანებას. მოჰყავთ გერმანიის გაერთიანების მაგალითი, როგორც წარუმატებელი გაფართოებისა, ყოველ შემთხვევაში, სოციალური და საზოგაედოებრივი თვალსაზრისით. მოწინააღმდეგეთა გარდა, ბევრია ისეთი მოქალაქე, რომელსაც პოზიცია არ აქვს. ასეთების არსებობა კი ხშირად რეფერენდუმის მცდარ შედეგს უწყობს ხელს. ვარაუდობენ, რომ კავშირში შესვლას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება პოლონეთში. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ალექსანდერ სმოლარმა ჩვენს რადიოს შემდეგი განუცხადა:
[სმოლარის ხმა]
“არაერთი საზრუნავი და შიში ახლავს კავშირის გაფართოებას, ეს ამ პროცესის ფართო პანორამის ნაწილია და ერთობ უარყოფითი ნაწილი. მაგრამ ის გარდამავალი პერიოდის ფენომენი მგონია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა შეცვლის”.
ალბათ, ამ პოლონელი ექსპერტის ეს აზრი გამოხატავს გაფართოების საერთო პათოსს: ის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. 2002 წელი შეიძლებოდა გამხდარიყო სასიხარულო თურქეთისთვისაც, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროპელთა რიგებში მოხვედრას ესწრაფვის, არის რა ნატოს წევრი და დასავლეთის ერთგული მოკავშირე. მაგრამ კავშირში მის შესვლას ბევრი კატეგორიული მოწინააღმდეგეც ჰყავს. სხვათა შორის, თურქეთს კავშირში რეკომენდაცია მისცა შეერთებულმა შტატებმა, ასევე ბრიტანეთმა. მაგრამ გერმანია-საფრანგეთის ტანდემის გადაწყვეტილებით, თურქეთს ჯერ მოცდა მოუწევს. ამ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს არაერთი პირობა, რომელიც კავშირის წევრობის კანდიდატებს წაეყენებათ. ამ ქვეყნის წარმომადგენელს ბრიუსელში 2005 წელს გაესაუბრებიან და ანგარიშს მოსთხოვენ. თურქულ ფენომენთან ევროკავშირს პრობლემა ექნება კვიპროსშიც. ამ კუნძულის ნაწილი დაკავებული აქვს თურქეთს. კვიპროსის კავშირში გაწევრიანება ნიშნავს არა მისი მცირე, თურქული, ნაწილის, არამედ მხოლოდ მკვიდრი ბერძნული ნაწილის გაწევრიანებას .
ბოლოს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ ინციატივას გაგაცნობთ: პერ სტიგ მიოლერი ფიქრობს, რომ კავშირმა თავის მეზობელ არაწევრ ქვეყნებთან - უკრაინასთან, ბელორუსიასა და მოლდავეთთანაც - უნდა გააფართოოს ურთიერთობა და დაეხმაროს მათ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG