Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წელი შუა აზიის ქვეყნებში


დღეს განვაგრძობთ განვლილი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში მომხდარი მთავარი მოვლენების შეჯამებას და წლის მიწურულის ტრადიციად ქცეულ ამ მორიგ მიმოხილვას ამჯერად შუა აზიას დავუთმობთ.

შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონისადმი მსოფლიოს ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.

შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერებს სრული საფუძველი აქვთ, კმაყოფილი იყვნენ 2002 წლით. ჩვენი თანამშრომელი, შუა აზიის საკითხების ექსპერტი ზამირა ეშანოვა ერთადერთ გამონაკლისად ასახელებს თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვს, რომელზეც გასული თვის ბოლოს თავდასხმა განხორციელდა, და რომლის იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან სულ უფრო იზრდება. დანარჩენმა ოთხმა ქვეყანამ კი, პირიქით, კიდევ უფრო განამტკიცა კონტაქტები უცხოეთთან, პირველ რიგში კი შეერთებულ შტატებთან: უზბეკეთსა და ყირგიზეთში განთავსებულია ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების ათასობით სამხედრო მოსამსახურე, უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებიან ტაჯიკეთშიც, ხოლო ყაზახეთი, ვაშინგტონის ანტიტერორისტული ძალისხმევის მხარდაჭერის ნიშნად, მას თავისი საჰაერო სივრცითა და საჰაერო ბაზებით სარგებლობის უფლებას აძლევს.

ვაშინგტონისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მადლიერებამაც არ დააყოვნა – მიმავალი წლის მანძილზე არაერთი სამხედრო, სამთავრობო თუ საპარლამენტო დელეგაცია ეწვია ტაშკენტსა და ბიშკეკს, სადაც ქებით მოიხსენიეს შუააზიელების თანამშრომლობა ტერორის წინააღმდეგ ომში. მეორე მხრივ, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებიც ეწვივნენ ვაშინგტონს და, როგორც იუწყებიან, თეთრ სახლში თბილად იქნენ მიღებული.

დასავლეთის მადლიერება ფინანსური დახმარებითაც გამოიხატა: თუ რეგიონისთვის შეერთებული შტატების მიერ 2001 წელს გამოყოფილი თანხა 230 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლეულს ის თითქმის 600 მილიონამდე გაიზარდა. ასეთივე ტენდენცია დაეტყო დასავლეთის საფინანსო უწყებებს, რომელთა შორის გამოირჩევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – მისი დახმარება 2002 წლის მანძილზე თითქმის 150 მილიონი დოლარით გაიზარდა და 400 მილიონს მიაღწია.

მაგრამ დამატებითი მილიონები ჯერ არ დატყობია შუა აზიის რიგით მცხოვრებთა ცხოვრებას. ის კი არა, მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების პირობები, ფაქტობრივად, ხუთივე რესპუბლიკაში გაუარესდა. ამ აშკარა შეუსაბამობის მიზეზად შუა აზიის საკითხების ექსპერტი, ჟურნალ "ეკონომისტის" თანამშრომელი დაფნე ტერ-საკარიანი ფულის განაწილების პრობლემასა და მის არამიზნობრივ ხარჯვას მიიჩნევს. მისივე განმარტებით, [დაფნე ტერ-საკარიანის ხმა] “რეგიონში შეინიშნება საექსპორტო შემოსავლების მატება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ შემოსავლებით ადამიანთა ვიწრო წრე საგრებლობს. გარდა ამისა, რეფორმების ტემპი შენელდა. ის თითო-ოროლა რეფორმაც კი, რომლებიც ხორციელდებოდა, ძალას კარგავს. ამ მხრივ ვითარება სულ უფრო უარესდება.”

შუა აზიაში ცხოვრების პირობების გაუარესება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით არ აიხსნება – ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შემაშფოთებელი ვითარება სუფევს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც სხვებზე ლიბერალურად ითვლებიან. ექსპერტები უჩივიან, მაგალითად, პრესის თავისუფლების შეზღუდვას. აი, რას ამბობს “ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის” თანამშრომელი, ალექს ლუპისი:

[ალექს ლუპისის ხმა] “მთავრობები დამოუკიდებელი მასმედიის საქმიანობაში ხედავენ საფრთხეს, რომელიც მათ ავტორიტეტს ემუქრება, რომელიც პრინციპულად შეუთავსებელია მათი მმართველობის სტილთან. მაგრამ ისინი დასავლეთთან ახლო ურთიერთობამ უფრო ფრთხილი გახადა – ცდილობენ, თავი უფრო ლიბერალურად და ტოლერანტულად მოგვაჩვენონ.”

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, მართალია, პირობა დადეს, რომ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ადამიანის უფლებებს წამოწევენ, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთთან დაახლოებით გათამამებული შუააზიელი ლიდერები განაგრძობენ ადამიანის უფლებების ხელყოფას და თავიანთ მოქმედებას ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით ამართლებენ. შესაბამისად, მოსახლეობა კარგავს ნდობას ანტიტერორისტული ძალისხმევისა და, ამასთან ერთად, დასავლეთისადმი. როგორც “ადამიანის უფლებათა ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის” აღმასრულებელი დირექტორი, აარონ როუდსი დაასკვნის, [აარონ როუდსის ხმა] “ტერორიზმის წინააღმდეგ ომი ადამიანის უფლებებისათვის ომი უნდა იყოს… შექმნილი ვითარება სახიფათოა იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებული ანტიტერორისტული ომის გამო, დასავლეთი თითქოს ეგუება შუა აზიის რეპრესიული მთავრობების პოლიტიკას. ეს კი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მართლაც რომ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.”
XS
SM
MD
LG