Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის საშობაო მიმართვა


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციულ მიმართვაში "ურბი ეტ ორბი" (ქალაქისა და მსოფლიოსადმი), რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ,

მორწმუნეებს ურთიერთთანაგრძნობისა და შემწყნარებლობისკენ მოუწოდა. მიმართა რა სიტყვით რომის წმიდა პეტრეს მოედანზე, წვიმიან ამინდში შეკრებილ ქოლგამომარჯვებულ 20 000-მდე მორწმუნეს, პაპმა თქვა, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მძიმდება - წმიდა მიწაზე კვლავაც უაზრო ძალადობა ბობოქრობს, ხოლო ერაყის კრიზისი დღითიდღე მწვავდება.

იოანე პავლე მეორემ ებრაელებსა და პალესტინელებს მოუწოდა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობა ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ, ამასთანავე, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მსოფლიო თანამეგობრობასაც მიმართა მოწოდებით, არ დაუშვას ომი ერაყთან.

თავის მიმართვაში, რომელიც პირდაპირი ტელე- და რადიოეთერით გადაიცემოდა მსოფლიოს 50 სახელმწიფოში, 82 წლის იოანე პავლე მეორემ მოიხსენია ტერორიზმის პრობლემაც, აგრეთვე ის შიში, მთელს მსოფლიოს რომ მოედო გასული წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

"შობაა მშვიდობის დასაბამი! ბეთლემის გამოქვაბულიდან დაჟინებული მოწოდება მოესმის დღეს მსოფლიოს: არ აჰყვეს უნდობლობას, ეჭვებსა და გაწბილებას, მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის ტრაგიკული რეალობა გაურკვევლობასა და შიშს ჰბადებს" - განაცხადა იოანე პავლე მეორემ.

პაპის თქმით, "ნებისმიერი აღმსარებლობის მორწმუნეებმა, კეთილი ნების ადამიანებთან ერთად, უარი უნდა თქვან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლინებაზე, რაც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს".

თავისი გამოსვლის ბოლოს, იოანე პავლე მეორემ 62 ენაზე, მათ შორის ქართულად, მიულოცა მორწმუნეებს ქრისტეშობის დღესასწაული.
XS
SM
MD
LG