Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა ჰაერში გამოკიდებული დარჩა. “გაერთიანებული დემოკრატები” თავს მოტყუებულებად გრძნობენ


ნაკლებად სავარაუდოა “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივამ შედეგი გამოიღოს და მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა მოჰყვეს.

ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, თანაც, მას შემდეგ, რაც 2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურას ამოწურავს. ასეთი იყო პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაც და 25 დეკემბრის პარლამენტის საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგიც. საგანგებო სესიის დღის წესრიგში სახელფასო მინიმუმის გაზრდის საკითხის წინა პლანზე წამოწევა არ მოხერხდა.

ის, რომ “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ უნდა იქნეს განხილული, თავისთავად, ბევრზე მეტყველებს. “გაერთიანებული დემოკრატები” პრინციპულად მოითხოვდნენ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის საკითხი საბიუჯეტო დებატებამდე განხილულიყო, რასაც ორი ლოგიკური ახსნა ჰქონდა. პირველი : მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტთან, ამდენად, ლოგიკური იქნებოდა, თუკი მის მიზანშეწონილობასა ან მიზაშეუწონლობაზე პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის განხილვის წინ იმსჯელებდა და მეორე – “გაერთიანებული დემოკრატები” მზად იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასა და სახელისუფლებო ფრაქციებთან ეთანამშრომლათ და, მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, 2003 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის დაეჭირათ მხარი. მათი ინიციატივის მიმართ თანმხვედრი ნაბიჯი არ გადაიდგა. 25 დეკემბრის საგანგებო სესიაზე გამოსვლისას ზურაბ ჟვანიამ თქვა, რომ ის პრეზიდენტმა მოატყუა, რომ შევარდნაძის მიერ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ვითომდა ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული დავალება, შეესწავლა“გაერთიანებული დემოკრატების” არგუმენტები სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის სასარგებლოდ, ტყუილი აღმოჩნდა, რადგან, დავალების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი მას არ შეხვედრია. საგანგებო სესიაზე ზურაბ ჟვანია უაღრესად კრიტიკული იყო საკუთარი კოლეგების მიმართაც, რომლებმაც, ჯერ ბიუროს სხდომაზე მოახდინეს “დემოკრატების” მოთხოვნის იგნორირება, შემდეგ კი - საგანგებო სესიაზე. პარლამენტმა უარი თქვა დღის წესრიგის შეცვლასა და მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხზე მსჯელობის გადმოწევაზე. “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივის ირგვლივ საგანგებო სესია 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ იმსჯელებს და, როგორც ზურაბ ჟვანიამ თქვა, ასეთ შემთხვევაში მსჯელობას აზრი აღარ ექნება:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ბიუჯეტის განხილვის შემდეგ ამას არავითარი აზრი არა აქვს. 75 დეპუტატი ითხოვს მხოლოდ იმას, რომ განვიხილოთ საკითხი. ვთხოვე ფრაქციებს, ვთხოვე პრეზიდენტს, ვთხოვე მინისტრებს და ამაზე ეუბნებით ხალხს უარს? დაფიქრდით, რას აკეთებთ და რას დაემსგავსა საქართველოს პარლამენტი.”


მსჯელობა საკითხზე, თუ რას დაემსგავსა საქართველოს პარლამენტი, მართლაც, აქტუალურია. საშემოდგომო სესია მან კვორუმის არარსებობის გამო ისე ამოწურა, რომ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყება ვერ მოახერხა; 25 დეკემბერს 4 საათზე გახსნილი საგანგებო სესიის პირველი 2 საათი კი, მთლიანად, დღის წესრიგის საკითხებზე დებატებს მოახმარა. ცალკე თემაა პარლამენტის წევრების, ლამის, ძირითად საქმიანობად ჩამოყალიბებული მოვლენა - ერთმანეთის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფრაქცია“გაერთიანებული დემოკრატების” წევრი ვასილ მაღლაფერიძე ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის დეპუტატ ირაკლი გოგავას, სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი კი საჯარო შეურაცხყოფისთვის მობოდიშებას გიორგი ბარამიძისგან ითხოვს. დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის დაბინძურებულ ატმოსფეროსთან გასამკლავებლად 25 დეკემბრის საგანგებო სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებისთვის რძის დარიგება მიიჩნია მიზანშეწონილად.
XS
SM
MD
LG