თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში ყრმა იესოს 2003-მედ დაბადების საიდუმლო ყველაზე ემოციურად მაინც ბავშვებმა აღიქვეს.
[დათო]“მე რა მომწონს და, წირვა რომ ტარდება და ქრისტეს რომ პატივს სცემენ.”
[ამირანი]“ჩვენ ვემზადებით გზა იესოსთან. ვამზადებთ გზას და კატახსაციები გვიტარდება და აქ მომიყვანეს და ძალიან მომეწონა და ამიტომ დავრჩი აქა. ჩვენ ვემზადებით იესოსთან შესახვედრად.”[სტილი დაცულია]
საზეიმო წირვის შემდეგ, მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში სწორედ ბავშვებმა გაითამაშეს ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონის” ის ეპიზოდი, რომელიც ეპისკოპოსის სახლში ჟან ვალ-ჟანის საბედისწერო სტუმრობასა და ასევე საბედისწერო ქურდობას ასახავს. წლევანდელი ქრისტეშობა თბილისის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში გამორჩეული სწორედ ამ სცენით აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ, ტრადიციულად, ტაძარში მოზეიმე მრევლი რელიგიურ დღესასწაულებზე მხოლოდ სახარების სიუჟეტის რომელიმე მონაკვეთის ინსცენირების მოწმე ხდება. ამჯერად კი მათ წინაშე ლიტერატურული გმირები წარდგნენ; მათ შორის კი, ცენტრალური ფიგურა, რასაკვირველია, ლეგენდარული ეპისკოპოსი იყო. ლიტერატურულ ეპისკოპოსს, სხვებთან ერთად, ღიმილით ადევნებდა თვალყურს ნამდვილი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზატო:
[ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზატო] “მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ეს მრევლი გაიზარდოს უფრო სულიერად, ვიდრე რიცხვით. ეს არის ჩემი პირადი მიზანი , აქ, საქართველოში.”
ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური საკათედრო ტაძრის მრევლს ერთი ძმა მიემატა: ანდრია ბეგლარიშვილი მხოლოდ ხუთი წლისაა; იგი სწორედ საზეიმო წირვაზე მოინათლა. გილოცავთ, ანდრია.
[ანდრია]“спасибо.”
[ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზატო]“გულით და სულით მინდა, გილოცავთ ყველა თქვენ, კათოლიკებო, რადგან თქვენს გულში იყოს სიახლე და ყოველთვის ერთია სიახლე. შობა არის ღმერთის ყველაზე დიდი სიყვარულის ნიშანი ჩვენს მიმართ. დღეს მინდა, აგრეთვე, მთელი მსოფლიოსათვის რომ იყოს ეს მილოცვა. განსაკუთრებულად პალესტინაში, სადაც დაიბადა იესო და იქ არ არსებობს მშვიდობა ამ მომენტში. არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ ის ცათა სასუფეველი, რომლისთვისაც იესო ქრისტე დაიბადა დედამიწაზე.”[სტილი დაცულია]