Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინების ბიზნესი თბილისში


თუკი საქართველოს ბიუჯეტის შედგენა-შესრულების ხარისხით, მისი მასშტაბებით ან ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით ვიმსჯელებთ, საქართველოში ბინათმშენებლობაში ან, საერთოდ,

უძრავ ქონებაში თანხების დაბანდება არც ისე მიზანშეწონილი უნდა იყოს. მიზანშეუწონლობის გარდა, იმ ფონზე, როცა პოლიტიკოსები საარსებო მინიმუმის 115 ლარამდე, ანუ 50-54 დოლარამდე, გაზრდაზე მსჯელობენ, გასაკვირიც უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქში ამდენი მშენებარე თუ ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლის ხილვა. თუმცა, როგორც ჩანს, ბიუჯეტიცა და პოლიტიკოსებიც ქვეყნის ეკონომიკის ნაწილს ასახავენ, იქნებ - მცირე ნაწილსაც კი.



თბილისში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თვალშისაცემი გახდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ზრდა. მათი დიდი ნაწილი არა ერთ და ორსართულიანი სახლები, არამედ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საოცრად სწრაფად აღმოცენებული კორპუსები გახლავთ, რაც შეიძლება მივიჩნიოთ იმის ნიშნად, რომ არა მხოლოდ ცალკეულ მაღალჩინოსნებს, არამედ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, შეიძლება ითქვას - ფენასაც, აქვს მოთხოვნილება და საშუალება შეიძინოს ახალი ბინა თბილისის ცენტრში. კომპანია “არსი” არაერთი წელია, რაც თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას აწარმოებს. “არსის” დირექტორმა მერაბ ჩადუნელმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებით გაიზარდა ახალი ბინების შეძენის მსურველთა რაოდენობა. ვინ არიან ისინი – ბინების მყიდველები? მერაბ ჩადუნელმა ასეთი პასუხი გამცა:

[ჩადუნელის ხმა]
“ჩვენი ძირითადი კლიენტები საშუალო შემოსავლის მქონე ხალხია. ესენი დიდ ბინებს არ ყიდულობენ. ძირითადად, მოთხოვნილება არის პატარა ბინებზე და საშუალო ბინებზე. საშუალო ფასი - ეს უფრო კვადრატულიდან გამომდინარეობს - არა ბოლომდე დამთავრებულზე ეს არის სადღაც 200-220 დოლარი კვადრატულ მეტრზე, რომელსაც იხდიან განვადებით. ესენი არიან, ძირითადად, ახალგაზრდები, ან უცხოეთში რომ იშოვეს ფული და ჩამოვიდნენ და უნდათ აქ ბინა იყიდონ ახალი; ახალგაზრდები - ისინი, ვინც სამსახურები იშოვეს რაღაც სადაზღვევო კომპანიებში და მაგათ ყოველთვიური შემოსავალი აქვთ და ყოველთვიურად შეუძლიათ გადაიხადონ”.

ჩადუნელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში მისი კომპანიის მიერ საბურთალოსა და ვაკეში აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 90-მდე ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელს გაყიდულ ბინებზე თითქმის ორჯერ მეტია.

რაც შეეხება იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებიც თბილისში საცხოვრებელი ფართის მშენებლობა-გაყიდვით არიან დაკავებულნი, ჩემი რესპონდენტი “არსიდან” ორ რეალურ კონკურენტზე ლაპარაკობს. ცნობისათვის: აქ საუბარია არა, უბრალოდ, სამშენებლო ფირმებზე, არამედ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც იძენენ ტერიტორიას, იღებენ კრედიტს, უკვეთენ მშენებლობას და ყიდიან საბოლოო პროდუქციას.

რაც შეეხება სამშენებლო ორგანიზაციებს: ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 458 ასეთი ორგანიზაცია არსებობს. მათი 80 პროცენტზე მეტი კერძოა და მიღებული შეკვეთების 100 პროცენტი თუ არა, დიდი წილი მაინც კერძო ფირმებისა და პირებისაგან მოდის. გენო ნიჟარაძე სამშენებლო კომპანია “თბილმრეწვმშენის” დირექტორი გახლავთ. მისი თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა კერძო შეკვეთების რაოდენობა და წელს 70 პროცენტი შეადგინა, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების ხარჯზე. თუმცა “თბილმრეწვმშენის” ხელმძღვანელი არ არის კმაყოფილი საკუთარი ბიზნესით საქართველოში, ასევე უკმაყოფილოა იმ მშენებლობების ხარისხით, რომლებიც დღეს სრულდება:

[ნიჟარაძის ხმა]
“ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ჩვენი შესაძლებლობების 10 პროცენტს ვაკეთებთ. ჩვენ დატვირთულები არა ვართ და ვეძებთ სამუშაოებს. ახლა იძულებული ვართ, მეზობელ ქვეყნებში ვიწყებთ მომავალ წლიდან მუშაობას და შეიძლება მე ჩემი ფირმით სულ გადავიდე და სხვა ქვეყანაში ვიმუშაო. ჯერ ერთი აქ პირობები საოცარია. ძირითადად, აშენებენ არამშენებლები, ან თითო-ოროლა მშენებლები თუ ჰყავთ. ძირითადად, ბრიგადები ჰყავთ დაქირავებული უმუშევარი რაიონებიდან: საჩხერე, ჭიათურა... გადასახადი რომ არ გადაიხადონ და დიდი მოგება იპოვონ და ასეთი რაღაცა... მერე, რა შენდება: ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ მშენებლობა არ არის მარტო ვიზუალური პლანი, მშენებლობაში მთავარი არის მდგრადობა”.

გენო ნიჟარაძის აღნიშნულ მოსაზრებას “არსის” დირექტორის კომენტარიც ეხმიანება. მერაბ ჩადუნელმა განმიცხადა:

[ჩადუნელის ხმა]
“არის დაკავებული არაპროფესიონალებიც ამ საქმიანობით. ზოგიერთმა კერძო პირმაც დაიწყო ასეთი საქმეების კეთება, რომელიც საბოლოო ჯამში ცუდ შედეგებამდე მიდის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვწუხვართ იმიტომ, რომ იმიჯს, ეს ჩვენს იმიჯსაც აგდებს დაბლა”.[სტილი დაცულია]

ოფიციალური მონაცემებით, ანუ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მდგომარეობის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ იანვარ-სექტემბერში შესრულებული 170 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებიდან კერძო ორგანიზაციების წილად 86 პროცენტი მოდის. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების რაოდენობას, იმავე პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა 604 ბინა. ყველაზე ბევრი ბინა თბილისში აშენდა. ისინი ფართობითაც გამოირჩევა: მათი საშუალო სიდიდე, სტატისტიკის დეპარტამენტის თანახმად, 237 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 2002 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში აშენებული საცხოვრებელი სახლების 42 პროცენტი დედაქალაქზე მოდის.

პროფესიონალის თუ არაპროფესიონალის, მშენებლის თუ არამშენებლის ხელით, ხარისხიანი თუ ნაკლებად ხარისხიანი, გემოვნებით თუ უგემოვნოდ, მაგრამ თბილისში არ წყდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რაც, მრავალგვარი მოსაზრების მიუხედავად, ალბათ, მაინც დადებითი ტენდენციაა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG