Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სასამართლო ხელისუფლება მოქალაქეს დაუპირისპირდა


ბოლო დროს საქართველოს რეფორმირებულ სასამართლო სისტემაში კორუფციისა და უსამართლობის რამდენიმე ფაქტი გახმაურდა. მათი უმრავლესობა რეგიონებში მოხდა,

რადგან როგორც ჩანს იქ მოსამართლეთა კონტროლი სუსტად ხორციელდება. საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ მოქალაქეს ნუგზარ ერაგიას ქუთაისის მოსამართლეთა თითქმის მთელი კორპუსი დაუპირისპირდა. ახლა ერაგია დაპატიმრებულია და მას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

[მარინა დახუნდარიძის ხმა] „ახალ წელს მერიის წინ მივალ და გადავიწვავ თავს თუ ნუგზარ ერაგია, დაუყონებლივ ის წესიერების, პატიოსნების ეტალონი ადამიანი თავის შვილებს არ დაუბრუნდება სახლში.“

პროტესტის ასეთი ფორმით იმუქრება ქალაქ ქუთაისის მკვიდრი 9 შვილის დედა მარინა დახუნდარიძე. იგი იმ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, რომლის ჩაშლის შემდეგ პოლიციამ ნუგზარ ერაგია დააკავა.

2002 წლის 8 ნოემბერს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე პროცესზე ნუგზარ ერაგია ერმალო ლანჩავას წარმომადგენლად გამოდიოდა და ადვოკატის ფუნქციას ასრულებდა. ერმალო ლანჩავამ სააქციო საზოგადოება „ელექტრომექანიკოსს“ რამდენიმე სასამართლო პროცესი მოუგო და ამჯერად მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. მან მოსამართლის აცილება ითხოვა, რადგან დურმიშხან ჟორჟოლიანს ლანჩავა რამდენჯერმე გამტყუნებული ყავდა, რომელიც შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენებით შეცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით ამ დროს მოსამართლე ხელში პატარა დანას ათამაშებდა, რაზეც ნუგზარ ერაგიამ შენიშვნა მისცა. მოსამართლემ კი შესვენება გამოაცხადა და დარბაზიდან გავიდა. მოგვიანებით სასამართლო პროცესი გადადებულად გამოცხადდა და მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს ერაგია. მის წინააღმდეგ ჩვენება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ყველა მოსამართლემ მისცა. შესაბამისად ნუგზარ ერაგიას პატიმრობა ზესტაფონის სასამართლომ შეუფარდა და ამ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ 27 დეკემბერს, პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. ერაგიაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე 3 წლამდე თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს სამართალწარმოებაზე მუქარის ან ძალადობის განხორციელების გამო.

ქუთაისის მოსამართლემ დურმიშხან ჟორჟოლიანმა ჩემთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ:
[დურმიშხან ჟორჟოლიანის ხმა] „დაგვემუქრა მაგალითად სახლის გადაწვით, განადგურებით და რა ვიცი რაღაცეებით.“

ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ნუგზარ ერაგიას დაკავების მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ერაგიას განცხადებების საფუძველზე ქუთაისის მოსამართლეთა წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოს დისციპლინარული სანქციები აქვს გამოტანილი.
მასვე ადასტურებს რადიო თავისუფლების ქუთაისელი კორესპონდენტი ნინო ღაჭავაც, ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ:
[ნინო ღაჭავას ხმა] „ერაგიას დაახლოებით 38 საჩივარი აქვს სხვადასხვა დაწერილი და ქალაქის სასამართლოში თავმჯდომარის გარდა ყველა მოსამართლეზე აქვს გამოცხადებული დისციპლინარული დევნა. მისი იზოლაცია ჭირდებოდათ თუნდაც იმიტომ რომ მოსამართლეებზე დისციპლინარული დევნის მოთხოვნით სარჩელები არ დაწეროს და იგივე ელექტრომექანიკოსს დაანებოს თავი.“

ამას მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანი უარყოფს და აცხადებს, რომ ერაგიას საჩივრების საფუძველზე საყვედური არავის მიუღია.
[დურმიშხან ჟორჟოლიანის ხმა] „მაგას აქვს გაუთავებელი საჩივრები, ეს კაცი არის დაავადებული, მე მგონი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაჭირდება რა, შემოწმება დაჭირდება იმიტომ რომ წელიწადში აქვს შემოტანილი 500 სარჩელი და საჩივარი. უმიზნოდ ჩივის სულ ნებისმიერ თემაზე, არ ისვენებს...“

ამჟამად მოსამართლეებმა ნუგზარ ერაგიასაგან დროებით კი დაისვენეს, მაგრამ მათ მოსვენებას არ ჰპირდება „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ ადვოკატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ადვოკატის ფუნქციის შემსრულებელი მოქალაქის პატიმრობიდან დასახსნელად. ორგანიზაციის ლიდერის ლია მუხაშავრია სასამართლო სისტემის რეგიონულ რგოლებში არსებულ ვითარებას ასე აფასებს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „მე ვფიქრობ რომ მათ უკვე აშკარა უკანონო, აშკარა თავხედურ მოქმედებაზე იწყეს გადასვლა იმის გამო რომ შემაკავებელი ღონისძიებები მათი მხრიდან უკანონობისა ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად შედეგიანი იყო, ან საერთოდ არ იყო გამოყენებული. მოგეხსენებათ ხელისუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ხელისუფლება აფსოლუტურად აფუჭებს, აი ეს მოუვიდათ ჩვენს მოსამართლეებს. განსაკუთრებით შემზარავი მდგომარეობაა რაიონებში და პროვინციებში, ქუთაისის მაგალითი არის ამისი ნათელი დადასტურება, იმიტომ რომ თბილისში ალბათ მსგავსი რამ არ მოხდებოდა.“

თუ რა შეგდეგს გამოიღებს ცენტრში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციების მცდელობა რეგიონებში წინ აღუდგნენ იმას რასაც დედაქალაქში არ დაუშვებდნენ, ახლო მომავალში გახდება ნათელი. თუმცა არის უამრავი ფაქტი რომლებიც ცენტრამდე ვერ აღწევს და რეაგირების გარეშე რჩება. ასეთი ტენდენცია კი დღის წესრიგში აყენებს ორიოდე წლის წინ რეფორმირებული სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმირების აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG