Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გასულ წელს დადებითად აფასებს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას აზრით, 2002 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების

თავმჯდომარეთა მე-7 კონფერენცია იყო. კონფერენციას საქართველომ აპრილში უმასპინძლა. ეს მოვლენა ბატონმა ჭანტურიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო აღიარების დასტურად შეაფასა და აქტივში მოინიშნა. რაც შეეხება შიდა მდგომარეობას, 2002 წლის სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან განსხვავებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის პროცენტი ზრდის დინამიკით ხასიათდება. ნიშნავს თუ არა ეს ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას?

საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის ხელოვნური შემაფერხებელი კვლავაც კორუფციაა, რომელსაც, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ კარგა ხანს არაფერი ეშველება. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, კორუფციამ 2002 წელს განხილულ საქმეთა 13 პროცენტში იჩინა თავი. შესაბამისად, 40 მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული სასჯელი ამოქმედდა.

სასამართლოს კორუფციულობის 13 პროცენტიანი მაჩვენებელი 2002 წელს არაზუსტად და არაობიექტურად ეჩვენება ადვოკატ ეკა ბესელიას, რომელიც, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად გამოყოფს სასამართლოს ქვედა რგოლებს და არა უშუალოდ უზენაეს სასამართლოს. მისი თქმით, რეფორმირებულ სასამართლოში, ზოგადად, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, საგრძნობლად იმატა გამამართლებელი განაჩენების პრეცედენტებმა, რასაც ვერ ვიტყვით ქრთამის პრაქტიკის დაძლევაზე:
[ეკა ბესელიას ხმა]"არის ძალიან შემაშფოთებელი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მოსამართლეებისა საქმეების მიმართ: რატომ გამოვიტანოთ ობიექტური და გამამართლებელი განაჩენი, როცა არსებობს იმისი წინაპირობა, რომ ვიღაცა იტყვის, ფული აიღოო."
ადვოკატ ბესელიას აზრით, ყველაზე ნეგატიურად 2002 წელს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოღვაწეობა უნდა შეფასდეს. ნანა კაკაბაძე კი, ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", ამ მხრივ განსაკუთრებით გამოყოფს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც ამ ერთი თვის წინ სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო სამი ჩეჩენის რუსეთში ექსტრადირების შესახებ. რაც შეეხება 2002 წლის ყველაზე პროგრესულ და უჩვეულო სასამართლო გადაწყვეტილებას, ნანა კაკაბაძის სიმპათიები უზენაესი სასამართლოსკენ იხრება:
[ნანა კაკაბაძის ხმა]"სამ ჩეჩენ ექსტრადირებულ პირზე გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ. ეს იყო აშკარად ყველა პოლიტიკური ზეწოლისა და გავლენისაგან გათავისუფლებული სასამართლოს გადაწყვეტილება. თუნდაც ამდენად, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ იმედს მიჩენს იმისას, რომ აქ, ამ სასამართლოში, შესაძლებელია აპოვნინო ადამიანს დაკარგული უფლება."
თავის მხრივ, პოლიტიკურად თავისუფალი და პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება უმთავრეს სამომავლო პრიორიტეტად დასახა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ლადო ჭანტურიამ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობისადმი გამოთქმულ საახალწლო კეთილ სურვილებში რატომღაც მართლმსაჯულება და სამართლიანობა გამორჩა:
[ლადო ჭანტურიას ხმა]"მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ბედნიერება და ყველა მოქალაქეს დროზე ხელფასი, პენსია და სამუშაო ადგილები... და შუქი."
XS
SM
MD
LG