Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო კალეიდოსკოპი 2002-12-31


განვლილი წლის მნიშვნელოვან მოვლენათა მიმოხილვა, ცხადია, ყველა საყურადღებო ამბავს, მსოფლიოსა თუ ცალკული რეგიონისათვის მნიშვნელოვან ყველა სიახლეს ვერ მოიცავს.

ასეთი ამოცანა მიზნად არც ჩვენ დაგვისახავს: საახალწლო კალეიდოსკოპში გიამბობთ განვლილი 12 თვის მანძილზე მომხდარ ზოგიერთ საინტერესო თუ კურიოზულ ამბავზე.

“ტაიმის” უჩვეულო არჩევანი

წლის ბოლოს ჟურნალმა “ტაიმმა” ისევ მოახერხა საყოველთაო ინტერესის მიპყრობა: აშშ-ში გამომავალმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, რომელშიც რახანია დამკვიდრდა ე.წ. “წლის ადამიანის” დასახელების ტრადიცია, ამჯერად წლის ერთდროულად სამი ადამიანი დაასახელა! ეს გადაწყვეტილება მით უფრო უჩვეულოდ უნდა ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამივე ქალია და სამივე - კოლინ როული, შერონ უოტკინსი, და სინტია კუპერი - სრულიად უცნობი ფართო საზოგადოებისათვის. მათ დამსახურებებზე საუბარი ჩვენი კალეიდოსკოპისათვის განკუთვნილ დროში ვერ ჩაეტევა, მაგრამ მსმენელის მომავალი ცნობისათვის მოსამზადებლად იმასღა დავძენ, რომ ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ “ტაიმმა” “წლის ადამიანად” ... რობოტი აირჩია.

რობოტის მისია ხეოფსის პირამიდაში

სექტემბერში მსოფლიო სენსაციის მოლოდინში გაირინდა: 141 ტელეკომპანიის კამერები იყო მიმართული სახელგანთქმული ხეოფსის პირამიდისაკენ, რომლის ვიწრო დერეფნებში – იქ, სადაც ადამიანს ფეხი არასოდეს დაუდგამს - სათამაშოსხელა რობოტი მიცოცავდა. მაგრამ ფარაონთა საიდუმლოს მიკვლევის სურვილით შეპყრობილებს იმედი გაუცრუვდათ - დისტანციურად მართვადმა რობოტმა სახელად “პირამიდ-როვერი” სულ 60 მეტრი გაიარა და ახალი კარი აღმოაჩინა. ეს იყო და ეს. თუმცა, მომდევნო თვეში ეგვიპტის ძველთაძველმა კულტურამ კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება...

“ცოდნისა და ცივილიზაციის შუქურა” ისევ ანათებს

ოქტომბერში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ერთდროს“ცოდნისა და ცივილიზაციის შუქურად” აღიარებული წიგნსაცავი – “Bibliotheca Alexandrina”. გიგანტური შენობა (მისი აღმართვა 220 მილიონი დოლარი დაჯდა) ასიოდე მეტრით არის დაშორებული ლეგენდად ქცეული ბიბლიოთკიდან, რომელიც ფარაონ პტოლემეოს პირველის ნებით 2300 წლის წინ ააგეს. თავის დროზე, ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 48 წელს ალექსანდრიაში გამანადგურებელი ხანძრის გაჩენამდე, იქ ანტიკური სამყაროს ლამის მთელი ცოდნა - 700 ათასი ხელნაწერი იყო თავმოყრილი! რაც შეეხება ახალ ბიბლიოთეკას, მასში ამჟამად დაცული წიგნების რიცხვი, მართალია, ჯერ 240 ათასს არ აღემატება, მაგრამ დროთა განმავლობაში 8 მილიონს მიაღწევს.

ჯორჯ ბუში დიდსულოვნებას იჩენს

დაბოლოს, კიდევ ერთი სასიხარულო სიახლის შესახებ, ოღონდ შეერთებულ შტატებს მივაშურებთ: ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტის პოსტზე თითქმის ორწლიანი მოღვაწეობის მანძილზე პირველად გადაწყვიტა, ისარგებლოს ამნისტიის გამოცხადების უფლებით. მან 25 დეკემბრამდე, ანუ ქრისტშობის დღესასწაულის აღნიშვნამდე გასცა განკარგულება, წვრილმანი დანაშაულებისათვის მსჯავრდებული 7 პატიმრის გათავისუფლების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულებიდან ერთ-ერთია ყოფილი ფოსტალიონი, რომლის დანაშაული 10 დოლარისა და 90 ცენტრის მოპარვაში მდგომარეობდა. ფოსტალიონს ბედმა გაუღიმა - მანამდე ბუში კატეგორიულ უარს ამბობდა შეწყალებაზე, თუ ერთ გამონაკლისს არ ჩავთვლით: 2001 და 2002 წლებში პრეზიდენტმა სიცოცხლე აჩუქა...ინდაურებს, რომელთაც მისი სუფრა უნდა დაემშვენებინათ ნოემბრის მიწურულს, მადლიერების დღესასწაულზე. თუმცა, ჯორჯ ბუშის ჟესტი ორიგინალობით არ გამოირჩევა – მის ავტორობას ლეგენდარულ აბრაამ ლინკოლს მიაწერენ.
XS
SM
MD
LG