Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში აზიელი მოკავშირეების მიმხრობას ცდილობს ჩრდილოეთ კორეასთან აღძრულ კონფიქტში


ანდრო ეული, პრაღა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავის რანჩოში, ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ევროპის კავშირმა მხარი აუბეს

მის ინიციატივას და გასული წლის დამლევს საწვავის მიწოდება შეუწყვიტეს ჩრდილოეთ კორეას, და რომ მსოფლიო არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რათა "კორეის ნახევარკუნძული თავისუფალი იყოს ბირთვული იარაღისაგან".


ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მართალია სამხრეთი კორეა და ჩინეთი არ ეთანხმებიან ვაშინგტონის პოზიციას, რომ ჩრდილოეთი კორეა სრულ იზოლაციაში იქნეს მოქცეული, და მაინც ვაშინგტონის ძალისხმევა აზიის ქვეყნები დარაზმოს ჩრდილოეთი კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩჟონ ირის წინააღმდეგ, შესაძლოა წარმატებით დამთავრდეს.

"ეს ქვეყნები შესაძლოა ზეწოლას ახდენენ ფხენიანზე, და ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით ამის შესახებ" - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა, გულისხმობდა რა ჩინეთსა და სამხრეთ კორეას. "ვიცი, რომ ორივე ქვეყანა ჩვენს პოზიციას იზიარებს, როცა საქმე კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ შეიარაღებას შეეხება. და ჩვენ, მუდმივ კონტაქტში ვართ იაპონელებთან, სამხრეთ კორეელებთან, ჩინელებთანა და რუსებთან" - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაპონელ და სამხრეთ კორეელ დიპლომატებს შაბათს მოელიან ვაშინგტონში; ისინი, როგორც ვარაუდობენ ორშაბათს გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას იმ კრიზისთან დაკავშირებით, ჩრდილოეთი კორეის ბირთვულმა პროგრამამ რომ გამოიწვია. ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხებში ჯეიმს კელი, აზიაში გაემგზავრება.

რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ ჯორჯ ბუშის მრჩევლები: მათ მოუხდებათ გაეროს უშიშროების საბჭოს დარწმუნება იმაში, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალა უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ბაღდადმა არ მოახდინა თავისი მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია, მაშინ როცა დიპლომატიითა და ეკონომიკური ზეწოლით ჯერ კიდევ შეიძლება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება.

ზოგიერთ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, უშიშროების საბჭოში, მიაჩნიათ, რომ გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს თავისი მისია ერაყში, ხოლო ვაშინგტონმა ისეთივე თანამიმდევრული პოლიტიკა უნდა გაატაროს ბაღდადის მიმართ, როგორც ეს ფხენიანის შემთხვევაში ხდება.

პრეზიდენტ ბუშის მრჩევლები არ იზიარებენ ამგვარ პოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ ერაყი არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა რეჟიმზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ის ეკონომიკური ზეწოლა, რაც შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო ამჯერად ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში.
"ერაყში, ჩვენ, არსებითად ყველა დიპლომატიური და ეკონომიკური შესაძლებლობა ამოვწურეთ" - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თუმცა კერძო საუბარში, ჯორჯ ბუშის ცალკეული მრჩევლები აღიარებენ, რომ ჩრდილოეთი კორეის კრიზისმა, და ბუშის გადაწყვეტილებამ, არ გამოიყენოს სამხედრო ძალა ფხენიანის წინააღმდეგ, მაშინ როცა ამ ქვეყანას რამდენიმე თვეში შეუძლია განაახლოს ბირთვული იარაღის წარმოება, ერთობ გაართულა აშშ-ის პოზიცია გაეროში.

"ძნელი იქნება კონფრონტაციის გამართლება სადამ ჰუსეინთან, რომელმაც გაეროს განიარაღების ექსპერტები მიიღო ქვეყანაში, ხოლო იგივე ექსპერტები ქვეყნიდან გააძევა ჩრდილოეთი კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩჟონ ირმა, ჩვენ კი დიპლომატიური გზით ვაპირებთ ფხენიანთან აღძრული კრიზისის მოგვარებას" - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში.

ამასობაში, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა პეკინში ჩო ჩჟინ-სუმ პარასკევს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან ფხენიანის ბირთვული პროგრამის თაობაზე აღძრული კრიზისის მოსაგვარებლად. იმავე დღეს, სამხრეთი კორეის არჩეულმა პრეზიდენტმა რო მუ ჰენმა გამოთქვა მზადყოფნა - შუამავლის ფუნქცია იკისროს კორეის ორ სახელმწიფოს შორის.
XS
SM
MD
LG