Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი კანცელარიაში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შეთანხმებით დაიწყო


ახალ, 2003, წელს საქართველო ახალი ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ჩაგდების გამო, ახალ წელს ძალაში გასული წლის ბიუჯეტი დარჩა.

რამდენ ხანს გასტანს გასული წლის ბიუჯეტით ცხოვრება, ისევ პარლამენტზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის მოთხოვნით, 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ხელახალი განხილვა იქ დაუყოვნებლივ, იანვრის პირველ დეკადაში, უნდა დაიწყონ. 2003 წლის 3 იანვარს კი საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტი ჩაგდებული ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების შეთანხმებით იყვნენ დაკავებულნი.


საქართველოში ჯერ კიდევ საახალწლო, ესე იგი არასამუშაო განწყობილება სუფევს. საქართველოს მთავრობას კი ამ განწყობილების დაძლევა და სამუშაო რიტმზე გადასვლა სხვებზე ადრე მოუწია. 3 იანვარს სახელმწიფო კანცელარიაში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობდნენ და 2002 წლის დეკემბრის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებითაც იწონებდნენ თავს. უფრო მეტიც, იქ დეკემბრის თვის ბიუჯეტის რეკორდული შესრულება აღნიშნეს. რაგინდ წარმოუდგენელიც უნდა იყოს, მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ გასული თვის საბიუჯეტო მაჩვენებლები საუკეთესოა ბოლო წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს შორის, რომ გასული წელი, ეკონომიკური ზრდის თავლსაზრისით, ყველაზე წარმატებული იყო. ასეა თუ ისე, გარკვეულ ციფრებში გამოხატული მიღწევები რეალურ ცხოვრებას ჯერ არ დასტყობია. ბათუმში სახელმწიფო მინისტრის ამასწინანდელი ვოიაჟის მიუხედავად, აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოსარიცხი თანხა ჯერაც არ გადმორიცხულა, 2003 წლის რეალობა კი უწინდებურად 2002 წლის მწირი ბიუჯეტის პარამეტრებს ემორჩილება. აქედან გამომდინარე, 2003 წელს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანაა, მიაღწიოს 2003 წლის შედარებით გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცებას. პრეზიდენტი ითხოვს, წლევანდელი ბიუჯეტის პროექტის ხელმეორე განხილვა პარლამენტში 2 კვირაში დაიწყოს, რისთვისაც მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტის ერთხელ უკვე ჩაგდებულ პროექტს უცვლელი სახით შესთავაზებს. ბიუჯეტის პროექტში რაიმე სერიოზული ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. ძალაში რჩება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდის, აგრეთვე პედაგოგთა ხელფასების თუ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მოთხოვნები; მინიმალური ხელფასის 115 ლართან გატოლება კი სერიოზულად არ განიხილება. მოკლედ, პარლამენტს, ბიუჯეტის პროექტის სახით, არაფერი ახალი არ შეეთავაზება.

3 იანვარს კანცელარიაში, 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ძველ პარამეტრებსა და დეკემბრის თვის ბიუჯეტის წარმატებით შესრულებაზე მსჯელობის გარდა, რიგი სამინისტროებისა და უწყებების არასაკმარისი მუშაობაც გაიხსენეს და გასული წლის წარუმატებლობად პრეზიდენტის ისეთი ბრძანებულებების დაუმტკიცებლობა დაასახელეს, როგორიცაა ბრძანებულებების პროექტები: “საქართველოს მინერალურ-რესურსული პოლიტიკის შესახებ”, “საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ”,“ სტიქიური მოვლენების განვითარების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” და ასე შემდეგ. საკუთარ ნაკლოვანებებს მთავრობა ჯერჯერობით მხოლოდ ამ კუთხით აღიარებს. იქ გასული წლის ეკონომიკურ წარმატებებს ხედავენ და მომავალი წარმატებების, მათ შორის, 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის სიკეთისა სჯერათ. ვინ იცის? რუსმა ასტროლოგებმა ხომ ედუარდ შევარდნაძეს 2003-ში წარმატებული ფინანსური წელიწადი და საინტერესო ეკონომიკური წინადადებების მიღება უწინასწარმეტყველეს!
XS
SM
MD
LG