Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული დაცვა და ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა?


ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით,

2003 წელს საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს გასული წლის ბოლო სხდომაზე მიიღეს და რომელსაც "საქართველოს თავდაცვის სისტემაში სახელმწიფო სამხედრო პროგრამათა პაკეტი" ეწოდება, თავისი არსით ნამდვილად რევოლუციურია. ყოველ შემთხვევაში, როდესაც 20 პროცენტითაც ვერ ხერხდება არმიის რიგების დაკომპლექტება, ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიული დაცვის სისტემისა და ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის შესახებ აბსტრაქციას ემსგავსება. რას ნიშნავს სამხედრო პროგრამათა პაკეტი და რა პერსპექტივა აქვს ამ ამბიციური გეგმების განხორციელებას?

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს უამრავი აქილევსის ქუსლი აქვს: არაკონტროლირებადი ტერიტორიები, სუსტად დაცული საზღვრები, მოშიშვლებული საჰაერო სივრცე, უპატრონოდ მიტოვებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და საინჟინრო ნაგებობები. რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს განმგებლობაში არსებული საწარმოების ხელმძღვანელებმა, რბილად რომ ვთქვათ, არ იციან, თუ როგორ იმოქმედონ საგანგებო და საომარი ვითარების დროს, ვინ რომელ უბანზე არის პასუხისმგებელი. ზემოხსენებული სახელმწიფო სამხედრო პროგრამათა პაკეტი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მისმა ავტორმა, კოსმოსური და საინჟინრო ტექნიკის გენერალურმა კონსტრუქტორმა, პარლამენტის წევრმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა წარუდგინა, სწორედ ამ საშიში ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად.
[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "ეს მოიცავს სწორედ სამხედრო გადაზიდვების, სამხედრო კომუნიკაციების ამოქმედებას შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო სისტემებისა, ერთდროულად. მაგალითად, ის, რომ შეიარაღებულ ძალებში უკვე უნდა იყოს მილსადენების დაცვის ქვედანაყოფი, ავტოგზების ქვედანაყოფი, სარკინიგზო ქვედანაყოფი, წყლის მომარაგების ქვედანაყოფი და, ანალოგიურად, ეს სამოქალაქო სისტემებშიც უნდა იყოს, რათა განსაკუთრებულ პირობებში ერთობლივად ამოქმედდნენ, ეს ცხადია და ამ პროგრამაში უკვე იყო ჩადებული."

თუ 640 გვერდიანი კონცეფციის შექმნას ელგუჯა მეძმარიაშვილმა ხუთი წელი მოანდომა, საქართველოს თავდაცვის სისტემის ერთიან სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა უკვე ერთი ადამიანის შესაძლებლობას აღემატებოდა და ამისთვის შესაბამისი აკადემიის შექმნა გახდა საჭირო. გარდა ამისა, ახალმა რეალობამ საქართველოს ხელისუფლება ახალი ამოცანის - საქართველოს ტერიტორიული დაცვის სისტემის შექმნისა და სახელმწიფოს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრის- წინაშე დააყენა. ედუარდ შევარდნაძემ ამ პროგრამების შედგენაც ელგუჯა მეძმარიაშვილსა და მისი თაოსნობით შექმნილ სამხედრო-საინჟინრო აკადემიას დაავალა. მიუხედვად იმისა, რომ აკადემიას ჯერჯერობით არც თავისი სასწავლო-მატერიალური ბაზა აქვს და არც ცალკე დაფინანსება, გენერალური კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი ტერიტორიული დაცვის სისტემის შექმნასაც ჩვეული მონდომებით შეუდგა.

მე ვთხოვე გენერალ მეძმარიაშვილს, კონკრეტული სცენარის - პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისული ვითარების - მაგალითზე აეხსნა, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ტერიტორიული დაცვის სისტემა, და შევახსენე პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებაც, რომ ტერიტორიული დაცვის სისტემის შექმნა დააჩქარებს ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "ტერიტორიული დაცვის პრინციპის ამოქმედების შემთხვევაში, არა მარტო პანკისის, არამედ ჯერ კიდევ აფხაზეთის მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. იმავე გალში, ოჩამჩირესა და სხვა რაიონებში ტერიტორიული დაცვის სისტემის ელემენტებიც რომ ყოფილიყო, და ეს პრეზიდენტმაც აღნიშნა, მაშინ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა - მოსახლეობაც ორგანიზებული იქნებოდა, დაცული იქნებოდა ობიექტები და, ბოლოს და ბოლოს, განადგურდებოდა ის კომუნიკაციები, რომლითაც მოწინააღმდეგე მოგვდევდა."

სახელმწიფოს სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფისა და ტერიტორიული დაცვის ერთიანი სისტემის შექმნას, რომლის პირველი მოსამზადებელი ნაწილის განხორციელება წელიწადნახევრის შემდეგ არის ნავარაუდევი, თავდაპირველად კონკრეტული უწყებების მოხელეთა გადამზადება, სტრატეგიული ობიექტების ნუსხის დადგენა, სამეთაურო საშტაბო სწავლებისა და შეკრებების ორგანიზება დასჭირდება. ყველაფერი ეს უკვე ხსენებულ სამხედრ-საინჟინრო აკადემიის ბაზაზე მოხდება. ხოლო ფინანსებისა და შესაბამისი რესურსების მოზიდვის გარანტიას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო კომისია იძლევა.

თუმცა ელგუჯა მეძმარიაშვილი არ მალავს, რომ სამოქალაქო სტრუქტურებში თავდაცვითი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, შესაძლოა, ტრადიციულ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას წააწყდეს. განსაკუთრებით იმ თანამდებობის პირთა მხრიდან, რომლებიც ელემენტარული სამხედრო ამოცანის – გაწვევის ორგანიზების მიმართ გაუგებარ გულგრილობას იჩენენ.
[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა]"არა მარტო გამგებლებამდე, არამედ მინისტრებამდე და მათ მოადგილეებამდე, რომელთა პროფესიული პასუხისმგებლობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ელემენტარული ცოდნა საკუთარი მოვალეობისა სათანადო დონეზე არ დგას. და ჩემს მიერ, როგორც გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის და კომისიის კოორდინატორის მიერ, ნებისმიერი მათი არაეფექტური ქმედების შემთხვევაში, მე უშიშროების საბჭოს წინაშე დავსვამ საკითხს."[სტილი დაცულია]

ერთი სიტყვით, კაცი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კოსმოსური რეფლექტორული ანტენით მსოფლიო აალაპარაკა, კვლავაც დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ტერიტორიული დაცვის აბსტრაქტული იდეა სულ მალე კონკრეტულ შინაარსს შეიძენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG