Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2003 წლის მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები


მიმდინარე წელიწადი საპარლამენტო არჩევნების წელიწადია. პარტიები, რომლებიც სერიოზულ როლს შეასრულებენ პოლიტიკურ პროცესში, უკვე ცნობილია. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია,

როგორ დაჯგუფდებიან ისინი და, საბოლოოდ, როგორ პოლიტიკურ ფონს შექმნიან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

როდესაც 2003 წლის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, ამჯერად ვგულისხმობთ პარტიებს, პოლიტიკურ ძალებს და არა მაინცდამაინც ლიდერებს. რადგან საპარლამენტო არჩევნებში თანაბარი მნიშვნელობა მიენიჭება როგორც ლიდერების რეალურ რეიტინგებს, ასევე პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობას ადგილობრივი ორგანიზაციების დონეზე.

ამდენად, ადვილი განსასაზღვრია ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურ გავლენას მოახდენენ პროცესების მიმდინარეობაზე. ასეთი პარტია სულ შვიდია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განცდილი მარცხის მიუხედავად, მოქალაქეთა კავშირის გამორიცხვა პოლიტიკური პროცესიდან შეუძლებელია. მხოლოდ, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ პარტიას ნაკლები ბერკეტი ექნება წინასაარჩევნოდ. საფიქრებელია, რომ მოქალაქეთა კავშირს მთავარ მოთამაშეებს შორის პარტნიორი არ ეყოლება. ერთადერთი პარტია, რომელთანაც გამორიცხული არ არის კონსულტაციები, მრეწველთა პარტიაა.

შემდეგი პოლიტიკური ძალა, რომელიც უსათუოდ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, “აღორძინებაა”. ეს პარტია ბლოკს შეკრავს თუ დამოუკიდებლად გამოვა არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ შვიდ მთავარ “მოთამაშეს” შორის მას პარტნიორი ან არ ეყოლება, ან შეიძლება ჰყავდეს მრეწველთა პარტიის სახით.

უსათუოდ დამოუკიდებლად ცდის ბედს ლეიბორისტული პარტია. შალვა ნათელაშვილი ყოველთვის აცხადებს, რომ მას წინასაარჩევნოდ პარტნიორები არ სჭირდება. მართალია, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასამართლო დავის საგნად იქცა იმის გარკვევა, გადალახა თუ ვერა ლეიბორისტულმა პარტიამ ბარიერი; მართალია, ამ განხილვების შემდეგ ლეიბორისტები პარლამენტის მიღმა აღმოჩნდნენ; მართალია, პარტია აღმშენებლობის პროცესს ნაკლებ ყურადღებას უთმობს და ადგილებზე ძლიერი ორგანიზაციები არ გააჩნია, მაგრამ ამ ფაქტორების მიუხედავად, არჩევნებიდან არჩევნებამდე, შალვა ნათელაშვილის ფენომენი სულ უფრო მეტი წარმატების გარანტი ხდება.

შემდეგი პარტია, რომელსაც 7%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი შეიძლება ჰქონდეს, მრეწველთა პარტიაა. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ მრეწველთა პოზიციები ძველებურად მყარი აღარ არის. წინასაარჩევნო დაპირება, რომ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ცარიელი ლოზუნგი აღმოჩნდა, რაც მრეწველების შანსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არ არის გამორიცხული, მრეწველებმა პარტნიორის მოძებნაზე და ამით საკუთარი პოზიციების გამყარებაზე იფიქრონ. საფიქრებელია, რომ არჩევნების წინ მრეწველებთან კონსულტაციებს გამართავს ყველა მთავარი მოთამაშე, გარდა ლეიბორისტული პარტიისა. თავად მრეწველებს კი იმდენად მყარი პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნიათ, რომ წინასწარ შეიძლებოდეს განსაზღვრა, რომელ ბანაკში აღმოჩნდება ეს პარტია საბოლოოდ.

შემდეგი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს წარმატების იმედი, ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილი მთელ საქართველოში პოპულარული ლიდერია. პარტია ფიქრობს და მუშაობს ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებითაც. იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების მოგების ამბიცია აქვს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება, სავარაუდო პარტნიორები მოიშოროს და არჩევნებში დამოუკიდებლად ცადოს ბედი.

შემდეგი პოლიტიკური მოთამაშე გაერთიანებული დემოკრატების პარტიაა. ამ პარტიის მთავარ ძალად უნდა მივიჩნიოთ ზურაბ ჟვანიას გამოცდილება პარტიული აღმშენებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით. ჟვანიას სამომავლო ამბიციების გათვალისწინებით, პარტია თავს არ დაზოგავს არჩევნებში წარმატების მისაღწევად. თუმცა, რა წარმომადგენლობითაც არ უნდა მოხვდნენ გაერთიანებული დემოკრატები პარლამენტში, იქ უსათუოდ შემოიკრებენ პარტნიორებს და თავის მდგომარეობას გაიუმჯობესებენ.

დაბოლოს, მეშვიდე პოლიტიკური მოთამაშე ახალი მემარჯვენეების პარტიაა. ამ პარტიამ საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად მოიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საფიქრებელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტიაც დამოუკიდებელი ძალა იქნება და დაეყრდნობა საკუთარ ფინანსებს და ძლიერ ადგილობრივ ორგანიზაციებს. თუ რომელიმე პარტია პასუხისმგებლობით ეკიდება ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, ეს სწორედ ახლების პარტიაა.

მომავალი არჩევნების თავისებურება ისაა, რომ ჯერ ერთი, წინასწარ არის ცნობილი შვიდი მთავარი მოთამაშე; და მეორეც: მათ შორის ალიანსების გაფორმება და ბლოკების შეკვრა მოსალოდნელია მხოლოდ არჩევნების შემდეგ და არა არჩევნების წინა პერიოდში. იმის გამო, რომ ამჯერად, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მთავარი მოთამაშე შვიდია და არა ორი, მათ შორის კონკურენციამ რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს.
XS
SM
MD
LG