Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 იანვარს აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტების გაცემა დაიწყო


8 იანვარს აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტების გაცემა დაიწყო, ენგურის ხიდზე კი უკვე სამი დღეა გრძელდება აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ხელისუფლების არასაკმარისი გავლენის გამო, გაუგებარია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დევნილთა საპროტესტო აქციას. ამის მიუხედავად, აქციის მასშტაბები ფართოვდება.

ენგურის ხიდზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვისაც შეფერხებულია. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კი სამ ძირითად პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს: კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, სოხუმსა და სოჭს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის შეწყვეტა. როგორც ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა ვარაუდობს, თუ აქციის მონაწილენი ოფიციალური პირებისგან, პირველ რიგში კი, ალბათ, სახელმწიფო მინისტრისგან მიიღებენ იმის გარანტიას, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეწყვეტა მოხერხდება, მაშინ აქცია დასრულდება. თუმცა ჯერჯერობით აქციის გაფართოება უფროა მოსალოდნელი და ამის თაობაზე თავად ლაშა ბერულავა მოგახსენებთ:
[ლაშა ბერულავას ხმა] “გაიზრდება შემადგენლობა - აქციის მონაწილეთა რაოდენობა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები ესაუბრნენ წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სხვადასხვა რაიონების წარმომადგენლებს და აპირებენ ჩამოსვლას. გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობენ, ქუთაისიდან და გორიდანაც ელოდებიან დევნილებს.”
აქცია ენგურის ხიდზე ჯერჯერობით სახელმწიფოს პირველი პირების მხრიდან პრაქტიკული იგნორირების პირობებში მიმდინარეობს. არადა, ფაქტია, რომ სახელმწიფო და დევნილთა აქცია, თავიანთი მიზნებით, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარულნი არიან ერთმანეთის მიმართ. განსხვავება ისაა, რომ დევნილები პასუხს საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მაშინ, როცა თავად ხელისუფლება დაგვიანებულად და არაადეკვატურად რეაგირებს სოხუმის მოქმედებაზე, რუსეთში გაგზავნილ პროტესტის ნოტებზე კი ცინიკურ პასუხებს ღებულობს. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, აფხაზეთის მიმართ სანქციები და ბლოკადა არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ამოქმედდა სოჭი-სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთი, რაც, თავისთავად, ეკონომიკური თვალსაზრისით, არაფერია, რომ არა რუსეთის კარგად გაშიფრული შორსმიმავალი გეგმები, რომელთა შორის აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, პირველ რიგში, რუსეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მცდელობას ასახელებს. რაც შეეხება რუსულ პასპორტიზაციას, მასში ნადარეიშვილი აფხაზეთის საბოლოო ანექსიის საშიშროებას ხედავს - ანექსიისა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეების დაცვის ფორმით განხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება ასეთ ვითარებაში დაბნეულად გამოიყურება - ეს დაბნეულობა კიდევ უფრო გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინი ამ დღეებში სოხუმში დანიშნული შეხვედრის შემდეგ თბილისში არ ჩამოვა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, ლოშჩინინისგან ოფიციალური პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG