Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ალიანსებისა და ბლოკების საფუძვლები


საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველ საპარლამენტო არჩევნებს ახალი გამოცდილებით ხვდება. კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, მიმდინარე წელიც საარჩევნო წელია.

საფიქრებელია, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნები თვისებრივად განსხვავებული აღმოჩნდება წინამორბედებისგან.

გასულ საპარალამენტო არჩევნებში კონსტიტუციის მიერ დაწესებული 7%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, ბლოკმა “საქართველოს აღორძინება” და პარტიამ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

ამ სამ პოლიტიკურ ძალას შორის მეტ-ნაკლებად შეკრული და ერთიანი მხოლოდ მრეწველთა პარტია იყო. ბლოკი “საქართველოს აღორძინება” ოფიციალურად აერთიანებდა ოთხ დამოუკიდებელ პარტიას, ხოლო მოქალაქეთა კავშირი არაფორმალურად შეკოწიწებულ კონგლომერატს წარმოადგენდა.

რა აერთიანებდა იმ პარტიებს, რომლებმაც თავი მოიყარეს “აღორძინების” ბლოკში? ტრადიციონალისტები დეკლარირებული მემარჯვენეები არიან, სოციალისტები – ღია მემარცხენეები, ხოლო დემოკრატიული აღორძინების კავშირი საკუთარ თავს ცენტრისტული მიმართულების პარტიად აცხადებს. პოლიტიკური პლატფორმის ერთიანობაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. სამაგიეროდ, ბათუმის პოლიტიკურ ცენტრში თავმოყრილ პარტიებს არ დაუმალავთ, რომ ისინი ქმნიდნენ ერთიან ფრონტს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეს ცნობილი საარჩევნო პრინციპია: როდესაც დიდ ბლოკში ერთიანდებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები, როგორც წესი, მოქმედებას იწყებს ერთიანი ფრონტის პრინციპი, მოწოდებით: ყველანი რეჟიმის წინააღმდეგ!

ასლან აბაშიძემ ბათუმში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი სწორედ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებს დააფუძნა. ამ ცენტრს თავისი მემარჯვენეებიც ჰყავდა, მემარცხენეებიც და ცენტრისტებიც. ჰყავდა, აგრეთვე, პოლიტიკური პლატფორმის არმქონე, მაგრამ ნაციონალური იდეის ერთგული პარტიაც.

ედუარდ შევარდნაძემ არჩევნების წინ პოლიტიკურ კონკურენტებს “შავი ძალა” უწოდა და ამით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი აღიარა, მოახდინა მისი ლეგიტიმაცია.

არის თუ არა მოსალოდნელი ერთიანი ფრონტის პრინციპის ამოქმედება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? პოლიტიკური პროცესი ამ შეკითხვაზე უარყოფით პასუხს გვთავაზობს. მართალია, ნაციონალური მოძრაობის მიზნებში თავიდან გამოსჭვიოდა ნებისმიერ ძალასთან ინტეგრაციის სურვილი, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგში ეს საკითხი აღარ დგას. თანაც, მიხეილ სააკაშვილის რესურსი ერთიანი ფრონტის ლიდერობისთვის არასაკმარისად და შეუსაბამოდ გამოიყურება. გასულ საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატიული ცენტრის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ასლან აბაშიძის მრავალმხრივ რესურსებზე დაყრდნობით. და მაინც, ბლოკმა არჩევნები წააგო. ასე რომ, წლევანდელ არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმის მქონე პარტიების გაერთიანებას ერთიან საარჩევნო ბლოკად აღარ უნდა ველოდოთ.

მაშ, რა არის მოსალოდნელი?

ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ არაოფიციალურ ბლოკზე, რომელსაც მოქალაქეთა კავშირი წარმოადგენდა თავისი საარჩევნო სიის სახით. რამდენ ნაწილადაც დაიშალა მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქცია, სწორედ იმდენი ინტერესთა ჯგუფისგან შედგებოდა ფორმალურად ერთიანი საარჩევნო სუბიექტი. მაგრამ ძირითადმა საზღვარმა გაიარა ორ ძალას შორის: ცვლილებების მოსურნეებსა და ცვლილებების მოწინააღმდეგეებს შორის.

საქართველოში მეტად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა პოლიტიკური მითი იმის შესახებ, რომ რეფორმებს ხელს უშლიდა ბალანსის პოლიტიკა, ხოლო ბალანსის პოლიტიკა აუცილებელი იყო საზოგადოების სტაბილურობისთვის. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბალანსი დაირღვა, მაგრამ არც რეფორმები დაწყებულა და არც რევოლუცია. სამაგიეროდ, უძრაობა შენარჩუნდა. არადა, სახელისუფლო პარტია, სინამდვილეში, სწორედ ამ ბზარმა გახლიჩა: გარდაქმნების მომხრეები აუმხედრდნენ გარდაქმნების მოწინააღმდეგეებს.

როდესაც გარდაქმნებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ როგორც რეფორმატორული, ისე რევოლუციური სულისკვეთების პოლიტიკოსები, რადგან ზოგიერთ დარგში შენარჩუნებული საბაზო მდგომარეობა ექვემდებარება რეფორმირებას, ზოგიერთ სფეროში კი რევოლუციური ცვლილებებია საჭირო. ამიტომ, განსხვავებული პოლიტიკური ტემპერამენტის მიუხედავად, გარდაქმნების მომხრე პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით და უძრაობის მომხრეთა პირისპირ. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს იქნება მთავარი წყალგამყოფი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. პოლიტიკური ალიანსები შეიქმნება იმ პარტიების შეკავშირებით, რომელთა ლიდერებიც არსებულ რეალობას აუმხედრდნენ და ედუარდ შევარდნაძეს უძრაობის მომხრეთა ბანაკში მიუჩინეს მისთვის კუთვნილი ადგილი.

ამ თვალსაზრისით, მიმდინარე წლის მთავარ პოლიტიკურ ტენდენციად, ალბათ, გარდაქმნის მომხრეთა შორის მეტ-ნაკლებად მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ვივარაუდოთ. თუმცა, საარჩევნო ბლოკად მათი გაერთიანება მოსალოდნელი არ არის, რადგან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ თითოეული პოლიტიკური ლიდერი შეეცდება, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი საარჩევნო ალაფი.
XS
SM
MD
LG