Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედროები ომისთვის ემზადებიან, განიარაღების ინსპექტორებს კი ბევრი საქმე აქვთ


ერაყის წინააღმდეგ ომის მოლოდინში და გაეროს განიარაღების ინსპექტორების საქმიანობის შემყურე მსოფლიო ყურადღებით ისმენს პოლიტიკოსთა ყველა ნათქვამს და მათ განცხადებებში ცდილობს ამოიკითხოს,

იქნება ომი თუ არა, მიაგნებენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს თუ არა. ორშაბათიც არ იყო გამორნაკლისი ამ მხრივ. სპარსეთის ყურეში, სადაც შეერთებული შტატები თავის ჯარს დღითიდღე აძლიერებს, დასავლეთის ერთ-ერთი სამიედო მოკავშირე საუდის არაბეთია. დასავლეთის ყველაზე დაუძინებელი მტერიც, საუდის არაბეთის ყოფილი მოქალაქე ოსამა ბინ ლადენიც ხომ თავისი სამშობლოს ხელისუფლებას ამიტომ წაეკიდა, რომ რიადმა იქიდან ამერიკელებს მეზობელი ერაყის წინააღმდეგ ომის გამართვის საშუადება მისცა. ახლა საუდის არაბეთი ვაშინგტონისთვის დახმარების საქმეში უფრო თავშეკავებულია და მხოლოდ გაეროს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. ამ სამეფოს კრონპრინცმა აბდულა იბნ აბდელაზიზმა თავის თანამემამულეებს, ხელოვნების და მეცნიერების მუშაკებს მიმართა და გაანდო მისეული წინათგრძნობა, რომ ომი არ იქნება. იქვე თქვა, ვხედავთ ფლოტის და არმიის რა რაოდენობას მოუყარა შეერთებულმა შტატებმა ჩვენს რეგინში თავი, მაგრამ ერაყთან სამხედრო კონფლიქტი სათუოაო. კრონპრინცის თქმით, ერაყელები ჩვენი - მაჰმადიანების და არაბების - ძვირფასი ნაწილი არიან, გაერომ შანსი უნდა მოგვცეს არაბებს, ომი თავიდან ავიცილოთო.
ორშაბათსვე მალაიზიის პრემიერ-მინისტრი მაჰათირ მოჰამადი კუალა ლუმპურში გამოვიდა აზია-წყნარი ოკეანის საპარლამენტო ფორუმის წინაშე. მალაიზიამ წელს ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გადაიბარა. ამ ფორმუში კი, სხვათა შორის, შეერთებული შტატები და კანადაც არიან გაერთიანებული. მალაიზიის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ერაყთან ომი ტერორისტული ორგანიზაციების გავლენას მაჰმადიანურ სამყაროში გააფართოებს. ერაყზე თავდასხმა მუსლიმანების წინააღმდეგ კიდევ ერთ აგრესიად იქნება მიჩნეული, თქვა მან. მოჰამადმა შეკრებილთა ყურადღება მიაქცია ვაშინგტონის მიერ “ბოროტების ღერძის” ნაწილად გამოცხადებული ორი სახელმწიფოს, ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის მიმართ ამერიკის მთავრობის განსხვავებული დამოკიდებულებისკენ, თუმცა ორივე მათგანი მასობრივი განადგურების იარაღის ქონაშია ეჭვმიტანილი. ვაშინგტონი ერაყს ომით ემუქრება, კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეას კი დახმარებას აღუთქვამს ენერგეტიკული პრობლემების მომგვარებაში, იმ პირობით, თუკი ფხენიანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის განვითარებაზე.
ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი ომის მიმართ ბრიტანეთის დამოკიდებულება ცნობილია. პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას თავგამოდებული მომხრე ჰყავდა ყოველთვის ბრიტანეთის პრემიერის ტონი ბლერის სახით. ამ სახელმწიფოს მთავრობა, როგორც ეს ორშაბათს ლეიბორისტული პარტიის საქმეთა მმართველმა, ჩრდილოეთი ირლანდიის ყოფილმა მინისტრმა ჯონ რიდმა განაცხადა, კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი საშუალებები მთლინად უნდა იქნეს ამოწურული, უთხრა ბიბისის კორესპონდენტს რიდმა. კვირას ბრიტანეთის კაბინეტის წევრმა კლერ შორტმა განაცხადა, რომ მთავრობის მოვალეობაა გაეროს გზით იაროს. მხოლოდ ასე შევძლებთ, თქვა მან, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გადავაფიქრებინოთ, დროზე ადრე დაიწყოს ომი.
ვაშინგტონი ომისთვის მზადებას ერთი წამითაც არ წყვეტს. სპარსეთის ყურეში ჯარის და ხომალდების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. ორშაბათს თურქეთში ჩავიდა ამერიკის სამხედრო ექსპერტების დიდი ჯგუფი, რომელმაც ამ ქვეყნის სამხრეთის აეროპორტები და ნავსადგურები უნდა შეამოწმოს, რამდენად გამოსადეგია ისინი ერაყთან ომის შემთხვევაში ამერიკის არმიისთვის. სამხრეთშივე მდებარე ინჯირლიკის აეროპორტიდან ექსპერტები განაწილდებიან და შემოწმებას ჩაატარებენ დიარბაქირის, ბათმანის, მალათიის და მუსის სამხედრო აეროპორტებზე, ასევე ხმელთაშუა ზღვის ორ ნავსადგურში, საიდანაც ამერიკის არმიისთვის დამატებითი ძალის თუ ტვირთის მიწოდება შეიძლება.
ის, რომ ამერიკელები ბაზებს ამოწმებენ, არ ნიშნავს, რომ მათ იქიდან ომის წარმოების გარანტია აქვთ. თურქეთს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუთმობს თუ არა დასავლეთს თავის ბაზებს. ამ ქვეყნის პრემიერმა აბდულა გიულმა დემონსტრატიულად იმოგზაურა სირიაში, იორდანიაში, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში, რათა ომის თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებოდა არაბ მეზობლებს. ერაყი კი თურქეთს დაუფარავად ემუქრება, თუკი ამერიკის მხარეს იბრძოლებთ, არამარტო სამრეწველო თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრივაც დიდ ზარალს ნახავთო, აცხადებს ბაღდადი თურქეთის მისამართით.
აქვე გეტყვით, რომ საბერძნეთმა, თურქეთის მსგავსად ნატოს წევრმა, გამოაცხადა, რომ კუნძულ კრეტაზე არსებული ბაზის გამოყენების, ასევე ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში გადადგილების ნება მისცა აშშ-ს.
ამ დროს ერაყში გაეროს ინსპექტორები განაგრძობენ მუშაობას. სამუშაო დიდია. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ გამოაცხადა პარიზში, გაეროს ინსპექტორებს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდებათ იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი. ორშაბათს ინსპექტორებმა უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტები მოინახულეს და იქ სტუდენტებს გაესაუბრნენ მათი კვლევის შესახებ. გაეროს ექსპერტები ეწვივნენ ასევე სარაკეტო- სამრეწველო კომპლექსს ბაღდადიდან 100 კილომეტრში.
უნგრეთში, ორ კვირაში, ამერიკელი ოფიცრები, რომელთა 150 კაციანი ჯგუფი იქ უკვე ჩავიდა, დაიწყებენ 3000 ერაყელი ემიგრანტის წვრთნას. სწავლების მიზანია სადამ ჰუსეინის შემდგომი პერიოდის ერაყში ამერიკელი ჯარისკაცებისა და ერაყის მოსახლეობის ურთიერთკავშირის და ურთიერთგაგების უზრუნველყოფა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG