Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთს ახალი პოლიტიკური ფიგურა მოევლინა


გასულ კვირაში, ხუთშაბათს, მადრიდის ერთ-ერთ

ფეშენებელურ სასტუმროსთან უჩვეულოდ ბევრი ადამიანი შეკრებილიყო. მათ გამვლელები, ალბათ, რომელიმე კინო- ან პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლებად ჩათვლიდნენ და ამ ვარაუდით ჭეშმარიტებისაგან დიდად დაშორებული არ იქნებოდნენ! თუმცა, საქმე პოპის ან კინოს კი არა, პოლიტიკის ვარსკვლავს ეხებოდა: სასტუმროსთან გაჩერებული ავტომანქანიდან გადმოვიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე მარია ასნარის მეუღლე ანა ბოტეია. მან თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულმა აიარა კიბეები და სასტუმროში გამართულ შეკრებაზე გამოაცხადა, რომ იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.

მაინც, რას აპირებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ან როგორია პოლიტიკურ სარბიელზე მისი წარმატების შანსები? დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან “ქალი და მსოფლიო” ამ და ზოგიერთ სხვა შეკითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

ანა ბოტეიას მიზანი, ამ ეტაპზე, მადრიდის მთავრობაში ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის დაკავებაა, რაც საკმაოდ ადვილად განსახორციელებელ ამოცანად ითვლება და აი, რატომ: მადრიდის მერობის კანდიდატი ალბერტო რუის გაიარდონი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისი გამარჯვება მაისის ადგილობრივ არჩევნებში, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევს. პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კი გაიარდონის საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია: გეგმის მიხედვით, მას სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი უნდა ჩაბარდეს. ასე რომ, ანა ბოტეია საყოველთაო ყურადღებას დღესდღეობით ორ მამაკაცს უმადლის – ესპანეთის მმართველი კონსერვატიული სახალხო პარტიის ორ წამყვან წევრს, რომელთაგან ერთი – მისი მეუღლეა.

სახალხო პარტიის წევრია თვით ანა ბოტეიაც, ოღონდ სულ ერთი წლის წინ ის კატეგორიულ უარს ამბობდა პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმაზე - “ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩემი ქმარია პოლიტიკაშიო”. მაგრამ ასნარის 49 წლის მეუღლემ, რომელიც განათლებით იურისტი გახლავთ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა – თუ ის აქამდე საჯარო ასპარეზზე ქველმოქმედებით (ანუ გავლენიან მამაკაცთა ცოლების ტრადიციული საქმიანობით) იყო დაკავებული, ახლა მადრიდის სოციალურ პრობლემებზე ზრუნვას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ჯერ კიდევ მის ქმარს უკავია.

ანა ბოტეია ერთგვარ ტაბუს ამსხვრევს: ესპანეთში გენერალ ფრანკოს დიქტატურის შემდეგ მთავრობის არც ერთი მეთაურის ცოლი არ მდგარა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. “ბოტეიას გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ყველა თვისება აქვსო”, ირწმუნება არჩევნების ექსპერტი ხოსე ლუის სანჩესი. ხოლო კონსერვატიულ გაზეთ “ელ მუნდოში” გამოთქმული აზრით, ახალბედა პოლიტიკოსი თავის სახელგანთქმულ მეუღლესაც კი ადვილად დაჩრდილავს. “ეტყობა, ანა ბოტეია არის დაჯილდოვებული ყველა იმ თვისებით, რომელიც მის ქმარს აკლიაო” წერს “ელ მუნდო” და ამ შეფასებას შემდეგნაირად ასაბუთებს: “ასნარი სიტყვაძუნწია, მის მეუღლეს კი ადამიანების მოხიბვლა ეხერხება. ასნარი მორიდებულია, მისი მეუღლე კი გულღია და თავისუფალი. ასნარს თავისი იმიჯი არასოდეს ადარდებდა, მისი ცოლი კი ცდილობს, ყველას თავი მოაწონოსო”. ანა ბოტეია რომ სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს, ეს მემარცხენე ორიენტაციის გაზეთ “ელ პაისის” თანამშრომელმა, ფრანსისკო პერეხილმაც დაგვიდასტურა: [ფრანსისკო პერეხილის ხმა] “ის ყოველთვის იღიმება. თავს შესანიშნავად ართმევს საჯარო გამოსვლებს, თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოთქმას. ვფიქრობ, ანა ბოტეია იმავდროულად ძალიან ამბიციური, ძალიან ძლიერი პიროვნებაა, გაცნობიერებული აქვს, ვინ არის. ის არ მიეკუთვნება პრემიერ-მინისტრის ცოლებს, რომლებიც საჯაროდ არაფერს ამბობენ. ბოტეია მიჩვეულია საჯარო გამოსვლებს, თავისი შეხედულების ნებისმიერ საკითხზე გამოთქმას.”

თუმცა, ანა ბოტეიას არც კრიტიკა აკლია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ულტრაკონსერვატიული შეხედულებებია. ბოტეია, ეკლესიის ერთგული კათოლიკე და სამი შვილის დედა, აბორტის მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნება და ასევე ღიად ილაშქრებს ჰომოსექსუალური ქორწინების წინააღდმეგ, რომელსაც მის თანამემამულეთა შორის უკვე ბევრი მიიჩნევს საზოგადოების ლიბერალიზაციის განუყოფელ ნაწილად.

არანაკლებ მწვავე და, ალბათ, უფრო ობიექტური კრიტიკის საგანია ის გარემოება, რომ ანა ბოტეიას პროფესიული გამოცდილება არ გააჩნია –28 წლის წინ ხოსე მარია ასნარზე დაქორწინების შემდეგ მას სამსახურში აღარ უვლია. ასე რომ, ძნელი სათქმელია, როგორ გაუმკლავდება გამოუცდელი პოლიტიკოსი მადრიდის მწვავე სოციალურ პრობლემებს, თუნდაც მდგომარეობას უსახლკაროთა ხუხულებით სავსე უბნებში, რომლებიც ესპანეთის დედაქალაქის ზოგ ნაწილს მესამე მსოფლიოს ღატაკთა დასახლებებს ამსგავსებს.

ამიტომ გავრცელდა მოსაზრება, რომ სახალხო პარტიის საარჩევნო სიაში ანა ბოტეიას შეყვანამ, შესაძლოა, არათუ არ გააუმჯობესოს, პირიქით, გააუარესოს მადრიდის მერობის კანდიდატ ალბერტო რუის გაიარდონის წარმატების შანსი. როგორც ესპანელი ჟურნალისტი ფრანსისკო პერეხილი ამბობს: [ფრანსისკო პერეხილის ხმა] “გადამწყვეტი მნიშვნელობის შეკითხვა ასე ჟღერს – ანა ბოტეია მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ალბერტო რუის გაიარდონის სასარგებლოდ თუ საზიანოდ? საქმე ის არის, რომ ანა ბოტეიას თითოეული სიტყვა ყურადღებას მიიპყრობს, ყველაფერი გავრცელდება საინფორმაციო საშუალებებით. მისი შეცდომა ძალიან დიდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არჩევნებზე და პირიქით – თუ ანა ბოტეიას გამოსვლები საინტერესო იქნება, თუ ისინი ელექტორატს მოეწონება, ეს გაიარდონს ძალიან კარგ შედეგებს მოუტანს.”

ასეა თუ ისე, 9 იანვარს ესპანეთს ახალი პოლიტიკური ფიგურა მოევლინა. ის გარემოება, რომ ანა ბოტეია პრემიერ-მინისტრის მეუღლეა, მას სხვებთან კონკურენციაში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მართალია, პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი მალე გამოეთხოვება ესპანეთის პოლიტიკურ სარბიელს (ის უარს ამბობს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე და აღარც სახალხო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს), მაგრამ მიმოხილველების, მათ შორის ფრანსისკო პერეხილის ვარაუდით, ეს არ უნდა მივიჩნიოთ არც ასნარისა და არც მისი მეუღლის პოლიტიკური კარიერის დასასრულად: ასნარი, ალბათ, ევროკავშირის საერთაშორისო სცენაზე გადაინაცვლებს. ხოლო რაც შეეხება მის მეუღლეს, აი, რას ვარაუდობს გაზეთ “ელ პაისის” თანამშრომელი: [ფრანსისკო პერეხილის ხმა]“არ ვიცი, გახდება თუ არა მომავალში ანა ბოტეია მინისტრი. თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ მაისის ადგილობრივ არჩევნებში სახალხო პარტიის კანდიდატი გაიარდონი გაიმარჯვებს. ხოლო თუ ის მომავალში ესპანეთის მთავრობის მეთაური გახდა, ანა ბოტეია მინისტრობის ანგარიშგასაწევ კანდიდატად უნდა ჩაითვალოს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური ქალი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს”.
XS
SM
MD
LG