Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის მაქოსებური დიპლომატია


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში უჰალსტუხო შეხვედრებისთვის ემზადებიან. არაფორმალური სამიტის თარიღისა და დღის წესრიგის

შეთანხმება დაევალა თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანს იური იაროვს, რომელიც აზერბაიჯანის ლიდერ ჰეიდარ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, პარასკევს თბილისში ჩამოვიდა. თუმცა, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ იური იაროვს, რომელსაც რუსეთის საელჩო აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ ბლოკირებული დახვდა, მთელი თავისი დიპლომატიური ნიჭის გამოყენება მოუწევს იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ივანო-ფრანკოვსკში ჩასვლაზე დაითანხმოს.

კონფლიქტოლოგთა შორის გავრცელებული მოსაზრებით, კრიზისის მოგვარებას ორი პირობიდან ერთ-ერთი აუცილებლად ესაჭიროება: პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის არ არსებობს - ურთიერთობის იმ დონემდე გაუარესება, რომ კრიტიკულმა მასამ დაპირისპირებული მხარეები აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდას შემოუსხდნენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კონფლიქტის ქრესტომათიულ ნიშნებს ატარებდა და მას არც დენთის სუნი აკლდა. პანკისის ხეობის საავიაციო დაბომბვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა გენერალურ შტაბს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ მეამბოხეთა წინააღმდეგ სამეტაპიანი სამხედრო ოპერაციის გეგმის შემუშავება დაავალა. რუსეთ-საქართველოს შორის სიტუაციის განმუხტვა შარშან სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კიშინიოვის სამიტის შემდეგ დაიწყო.

თანამეგობრობის ცხოვრებაში ახლაც სამიტის პერიოდი დგება და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, კანონზომიერად, ისევ საშიშ ზღვართან არის მისული: შარშანდელი წლის მიწურულს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქციები მოჰყვა. რამდენიმე დღეა გადაკეტილია მოძრაობა ენგურის ხიდზე, ვეტერან მებრძოლებს ბლოკირებული აქვთ რუსეთის ფედერაციის საელჩო თბილისში. ხოლო თუ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყდება, რუსეთის სამხედრო ბაზების სატრანსპორტო ბლოკადით თავად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრიც იმუქრება. სიტუაცია რომ ძალზე საშიშია, ამას რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ის მიმართვაც მოწმობს, რომელიც 17 იანვარს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა გადასცა. ელჩის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, ამის დასტურად, ახალი ინიციატივით გამოდის:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] "კერძოდ, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რათა ნდობის გასაძლიერებლად ჩავატაროთ ქართულ-აფხაზური შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვას და ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას მოგვცემს. "

ამ ფონზე პარასკევს საქართველოში ჩამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი. თუმცა ძალიან ძნელი სათქმელია, რომ მისმა ვიზიტმა რაიმე კარდინალურად შეცვალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. ექსპერტთა შეფასებით, იური იაროვი ყველაზე სუსტი ფიგურაა იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებსაც ეს თანამდებობა წინა წლებში ეკავათ. თანაც, აღმასრულებელი მდივნის ეს ვოიაჟი, რასაც თანამეგობრობის სივრცეში"მაქოსებურ დიპლომატიას" უწოდებენ, ძალზე მოკრძალებულ მიზანს ისახავს - შეათანხმოს თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურებთან მოსალოდნელი სამიტის დღის წესრიგი. "უჰალსტუხო შეხვედრა", რომლის ინიციატივაც უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ეკუთვნის, უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში, სავარაუდოდ, 27-28 იანვარს ჩატარდება. მისი დღის წესრიგის გახუნებულ საკითხებს შორის, რა თქმა უნდა, კვლავ გამოსაჩენ ადგილზე იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემა, რომელიც, ეჭვს გარეშეა, ამჯერადაც ნაცნობი შედეგით - სტატუს-კვოს აღდგენითა და კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობის დამცველების კიდევ ერთი ვადით დარჩენით დასრულდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG