Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთზე დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკული სისტემა კვლავ კრიზისს განიცდის


რუსეთიდან საქართველოში მიმავალ გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება შეწყდა. ამან კი, ჯაჭვური რეაქციის მსგავსად,

ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებაც გამოიწვია, რადგან გაითიშა გაზზე მომუშავე თბილისის თბოელექტროსადგური. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა სომხეთიც, რომელიც გაზით საქართველოზე გამავალი მილსადენებიდან მარაგდებოდა.

რუსეთიდან საქართველოში მიმავალ მთავარ 1200 მილიმეტრიან მილსადენზე გაზის გაჟონვა რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 14 იანვარს ხანძრის გაჩენის შემდეგ აღმოაჩინეს.

მაშინ საქართველოს გაზით მომარაგების შენარჩუნება სათადარიგო 700 მილიმეტრიანი გაზსადენით მოხერხდა, მაგრამ 18 იანვარს ისიც მწყობრიდან გამოვიდა. გაზის გაჟონვა იმდენად მასშტაბური იყო, რომ აფეთქების საშიშროების გამო საქართველო-რუსეთის ლარსის გამშვები პუნქტიც კი დახურეს.

საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილსადენების დაზიანება ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია ჯერ არ დადასტურებულა. რუსეთის წარმომადგენლების მტკიცებით კი, მილსადენების დაზიანება და გაზის აალება მეწყერმა და კლდიდან ლოდების ჩამოცვენამ გამოიწვია.

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას მიერ 20 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სათადარიგო მილსადენი, დაახლოებით, 5 დღეში აღდგება:

[მირცხულავას ხმა] „მიმდინარეობს იქ მუშაობა 700 მილიმეტრიანზე. მე რატომ ვჩერდები ამაზე, იმიტომ რომ უფრო ადრე 700 მილიმეტრიანის აღდგენა მოხდება. პარალელურად მიდის 1200 მილიმეტრიანის აღდგენაზე მუშაობა.“

მინისტრის პროგნოზით, ძირითადი გაზსადენის აღდგენას, დაახლოებით, 2 კვირა დასჭირდება. სავარაუდოდ, ამ ხნის მანძილზე საქართველოს დედაქალაქს ბუნებრივი აირის გარეშე და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის პირობებში ცხოვრება მოუწევს.

ელექტროენერგიით მომარაგებაც გაზზე დამოკიდებული აღმოჩნდა, რადგან ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სომხეთი იძულებული გახდა თბილისისთვის 100 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეწყვიტა. გაზის უქონლობის გამო გაჩერდა თბილისის თბოელექტროსადგურის 250 მეგავატიანი მე-9 ენერგობლოკიც.

20 იანვარს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „AES-თელასის“ ხელმძღვანელები მიიწვიეს და დედაქალაქის დენით მომარაგების საკითხებზე მოილაპარაკეს. თელასს მთავრობამ ელექტროენერგიის რუსეთიდან შესყიდვა შესთავაზა. სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით:

[ჯორბენაძის ხმა] „ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეთანხმება, რომ AES-თელასმა იმპორტი დაიწყოს რუსეთიდან თვითონ. ეგ ხელს შეუწყობს იმას, რომ სტაბილური გახდეს სისტემაში მოცულობა ელექტროენერგიისა.“

ოფიციალური წყაროების ცნობით, სახელმწიფო კანცელარიაშივე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გაზის მოწოდების აღდგენამდე თბილისს ელექტროენერგია გრაფიკით ექნება. შეზღუდვები, ძირითადად, შუადღით 12 დან 18 საათამდე განხორციელდება. ამ მონაკვეთშიც, სამსაათიანი მონაცვლეობით, დედაქალაქის ხან ერთი და ხან მეორე რაიონი იქნება განათებული.

ჩემი მცდელობა AES-თელასში გამერკვია, მართლაც აპირებს თუ არა ამერიკული კომპანია ელექტროენერგიის რუსეთში შეძენას და მთავრობის მიერ გაცხადებული გრაფიკის დაცვას, უშედეგოდ დამთავრდა. თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო ბრიტანჩუკმა მისი კომპანიის მთავრობასთან მოლაპარაკების არც ერთი დეტალი არ იცოდა. ასე რომ, თუ რამდენად შეეფერება რეალობას თბილისის ელექტრომომარაგების შესახებ საქართველოს მთავრობის დაპირებები, უახლოეს დღეებში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG