Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემა საქართველოსა და რუსეთის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ფონზე


გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრების წინ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გააქტიურება სხვადასხვა მიმართულებით უწევს.

ერთი მხრივ, ის რუსეთთან მოლაპარაკებას ააქტიურებს (მოსკოვში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩადის, ედუარდ შევარდნაძე კი დიდ იმედებს ამყარებს პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც 28 იანვარს უნდა შედგეს), პარალელურად კი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დონეზე იგეგმება სპეციალური ღონისძიებები, აფხაზეთის პრობლემისადმი რუსეთის დესტრუქციული დამოკიდებულების საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაპროტესტებლად. ეს ყველაფერი რუსეთსა და დასავლეთს შორის ძველებურ თამაშს ჰგავს. თუმცა ედუარდ შევარდნაძეს აქვს კოზირი, რომელიც პუტინთან აფხაზეთის პრობლემაზე საუბრისას შეიძლება გამოადგეს. სხვა საკითხია, გამოყენებული იქნება თუ არა ის.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ ბუშის ბოლო წერილით ზურგგამაგრებული უნდა წავიდეს. თუმცა, დასავლეთსა და რუსეთს შორის მისი თამაშის წესებიდან გამომდინარე, საეჭვოა, პუტინის და შევარდნაძის შეხვედრას ჯორჯ ბუშის წერილის პათოსი დაეტყოს. ცნობილია, რომ 28 იანვარს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები სწორედ აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ, ჯორჯ ბუშის, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულ, წერილში კი, ედუარდ შევარდნაძის თქმით, წერია: “მოვა დრო და ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის პრობლემას საფუძვლიანად ჩაუღრმავდება და დღის წესრიგში ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხს დასვამს.”


მინიშნება რომ, მართლაც, სერიოზულ დატვირთვას ატარებს, ცხადია. ედუარდ შევარდნაძემაც 20 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, მაგრამ, ამ იმედით ფრთაშესხმულს, მას არც რუსეთი და მისი პრეზიდენტი დავიწყებია. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრას ვერ ჰპირდება, შევარდნაძე ელის, რომ მისი და პუტინის შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და, რომ რუსეთი გააუქმებს აფხაზეთთან დაკავშირებით ცალმხრივ გადაწყვეტილებებს. უფრო მეტიც, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ომის განახლების ტოლფასი იქნება. აქედან გამომდინარე, გააკეთა მინიშნება, რომ ის ამ სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანის მოთხოვნას ჯერჯერობით არ გაიზიარებს. იქვე რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის გარკვეულ კომპრომისებზე წასვლის მზადყოფნა გამოავლინა და საქართველოს საზოგადოებას, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების იმედით, გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოწოდებას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ რუსეთთან შევარდნაძის დამოკიდებულებას არაადეკვატური და აბსურდული უწოდა. აფხაზეთის საკითხებზე მუშაობისთვის “გაერთიანებული დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ 20 იანვარს ერთობლივი პრესკონფერენციაც ჩაატარეს და ივარაუდეს, რომ, საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით, ხელისუფლება აფხაზეთში ვითარების დაძაბვას შეუწყობს ხელს.

აშკარაა, აფხაზეთის თემა პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო კამპანიაში წამყვან ადგილს დაიკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა ისევ არ ჩანს, აფხაზეთის პრობლემას ბევრი გამოიყენებს. მანამდე ხელისუფლება გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას ელის, თუმცა კი მას მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ უკავშირებს. რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს ხელისუფლების მანევრებში აფხაზეთის საკითხი ჰაერში გამოკიდებული რჩება. მასთან დაკავშირებით მოსკოვში მოლაპარაკებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მართავს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აპირებს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ პოლიტიკის დაგმობა მოსთხოვოს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთის მიმართ ატარებს.
XS
SM
MD
LG