Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვალდებულებებს არღვევს რუსეთი აფხაზეთის ანექსიის მიზნით


აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მხარეთა შორის შუამავლად აღიარებული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა. რუს პოლიტიკოსებს არ სურთ აღიარონ,

რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენითა და აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის რუსეთის მოქალაქეებად გადაქცევის მცდელობით, რუსეთი მთელ რიგ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.
რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე რეაგირებას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე აპირებს. პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ლევან ალექსიძე კი გამოდის ინიციატივით, აფხაზეთის მიმართ რუსეთის ქმედებები გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრდეს. ჩემთან საუბრისას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებულ ტერიტორიაზე მან შემდეგი კომენტარი გაუკეთა:

[ლევან ალექსიძის ხმა ]“მე არ მახსოვს საერთაშორისო სამართლის ისტორიაში მსგავსი საქციელი ერთი სუვერენული სახელმწიფოსი მეორე სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. თან იმ სახელმწიფოსი, რომელსაც შუამავალს უწოდებენ. არ არის რუსეთი შუამავალი. ის არის კონფლიქტის ხელშემწყობი, ამავე დროს, მშვიდობის დამცველი მხარე, რომელიც აფხაზეთში აშკარა მცოცავ ანექსიას ახორციელებს. მე მაქვს ინიციატივა ვუჩივლოთ მას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და, თუ რუსეთის მხარე უარს იტყვის სასამართლოში გამოცხადებაზე, მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდება მისი აგრესიული ზრახვები. ეს იქნება ძალიან კარგი პრეცედენტი საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაში.”

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში პროცესი რომ გაიმართოს, საქართველოს მხარეს მოგების ყველა წინაპირობა ექნება, რადგან რუსმა პოლიტიკოსებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ან აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების დარიგებით რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არ არღვევს, არსებობს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა, არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის წესები და არ არსებობს არგუმენტი აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკის გასამართლებლად. ამას დიდი ახსნა-განმარტება არც სჭირდება, მაგრამ, რუსი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი უცნაური განცხადებებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც აფხაზეთის პრობლემას და საქართველოს უკავშირდება.

აფხაზეთი დე-იურე საქართველოს შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მსოფლიოს 189 სახელმწიფოს მიერ. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ყველა რეზოლუციის ამოსავალი პრინციპი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები მრავალგზის იქნა მხარდაჭერილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა სამიტებზეც. 1996 წელს ამ თანამეგობრობის წევრმა სახელმწიფოებმა აფხაზეთი კიდევ ერთხელ ცნეს საქართველოს შემადგენელ ნაწილად და ივალდებულეს: არ წასულიყვნენ სეპარატისტულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, არ გაეწიათ დახმარება მისთვის და არ დათანხმებულიყვნენ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით. ყველაფერ ამის შემდეგ, თუ აფხაზეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება ანდაც აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს ამ ნაწილში რუსეთის პასპორტების გავრცელება ჩვეულებრივი საქველმოქმედო მოვლენაა, ყოველ შემთხვევაში, კონსტანტინ ზატულინისა და სხვა რუსი პოლიტიკოსების განმარტებით, თანაც მაშინ, როცა აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქიდან გამოძევებულია, მაშინ ეს მოვლენა, ლევან ალექსიძის თქმით, სათამაშო აღარაა და სერიოზულ რეაგირებას ითხოვს. პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მომხრეა რუსეთის გამოხტომებს სათანადო პასუხი გაეცეს, მათ შორის, აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანითაც, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესებზე უარესს არაფერს გამოიწვევს და, კიდევ, ლევან ალექსიძის განმარტებით, აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების გავრცელებამ, შეუძლებელია, აფხაზეთის ტერიტორიის საბოლოო დაკარგვის ალბათობა გაზარდოს, რადგან, ისევ საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზებს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
XS
SM
MD
LG