Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ჩატარებისთვის ემზადება


მაისის თვეში, სახელწოდებით "მედქერ -რესქიუერ 2003", საქართველოს ტერიტორიაზე, ერთიმეორის მიყოლებით, ორი მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება გაიმართება.

სამშაბათს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მუშაობა დაიწყო ამ საერთაშორისო სამხედრო სწავლების დასკვნითმა დაგეგმარების კონფერენციამ, რომელზეც, რუსეთის გარდა, მონაწილე სახელმწიფოთა ყველა სამხედრო დელეგაციამ მოიყარა თავი. სამხედრო მანევრები, რომლის ორგანიზატორები ამერიკა და საქართველოა, ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამის შემადგენელი ნაწილია და იგი საგანგებო ვითარების დროს სამხედრო მედიკოსთა ურთიერთქმედების კოორდინირებას, მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას და ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობასაც ითვალისწინებს.

საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს მოდელზე გადასვლის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან მისი ყველა სეგმენტის მაქსიმალურ თავსებადობას მოითხოვს. ამიტომ ნატოს “მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამებში, საბრძოლო ნაწილების ერთი მიზნით ურთიერთქმედების პარალელურად, ლოგისტიკისა და სამედიცინო ქვედანაყოფების თანამედროვე სტანდარტებით გაწვრთნასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საქართველოს ტერიტორიაზე "მედქერის" ტიპის ორი სწავლება გაიმართა, რასაც შედეგად მოჰყვა პროფესიული ცოდნის ამაღლება და სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ნატოს სტრუქტურებზე გადასვლა.
წინამორბედთა მსგავსად, "მედქერ -რესქიუერ 2003" სამედიცინო ხასიათის სწავლებაა, მაგრამ, როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატოსთან თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ვიცე პოლკოვნიკმა ირაკლი ბატკუაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, ამჯერად მას რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურებაც ახასიათებს.
[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "სწავლება არის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" სულისკვეთების ფარგლებში, ანუ ეს არ არის ნატოს სწავლება, ეს არის საქართველო-ამერიკის ორმხრივი სწავლება, რომელზეც ჩვენ ერთობლივად მოვიწვიეთ რამდენიმე ქვეყანა. ძირითადში, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ითვალისწინებს ორ სწავლებას: პირველი იქნება "მედქერ", ანუ სამედიცინო სწავლება, რომელიც დაიწყება 17 მაისს და დასრულდება 31 მაისს. ამის შემდეგ, 1 ივნისიდან 15 ივნისამდე, ჩატარდება უკვე მეორე სწავლება, "რესქიუერი"-სამეთაურო-საშტაბო სწავლება, კომპიუტერული."

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ზედიზედ ორი საერთაშორისო სწავლება, რომელშიც, სავარაუდოდ, რვა ქვეყნის 120-ზე მეტი სამხედრო სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას, მთლიანად ქართული საკოორდინაციო შტაბის წევრების მიერ დაიგეგმა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შემდგომში უკვე დამოუკიდებლადაც შეეძლება დაგეგმოს ასეთი ხასიათის საველე მეცადინეობები. მით უფრო, რომ "მედქერ -რესქიუერ 2003"-ის დამთავრების შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დარჩება კომპიუტერული შტაბი და კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის გარემონტებაც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია დახმარება, რასაც, სწავლების ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ამერიკელი სამხედროები საქართველოს მოსახლეობას გაუწევენ.

სწავლების ლეგენდის თანახმად, მრავალეროვნულმა სამხედრო-სამედიცინო კონტინგენტმა მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ოპერაცია წარმოსახულ რაიონებში უნდა აწარმოოს.

თუმცა, ვინაიდან საქართველოს ბოლო ხანს ძალიან შემოეჩვია მიწისძვრები და საქართველოს მოსახლეობას არა ვირტუალურად, არამედ რეალურად ესაჭიროება სამედიცინო მომსახურება, ამიტომ თბილისთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები "მედქერ -რესქიუერ 2003"-ის მსვლელობის დრო სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ვიცე- პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის თქმით, დახმარებისთვის აუცილებელი მედიკამენტები ადგილზევე შეისყიდეს დიდ ბრიტანეთში განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების მესამე ავიაბაზის წარმომადგენლებმა, რომლებიც სწავლების ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან.

გარდა ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა დააფინანსეს ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის საავადმყოფოს რემონტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების დამთავრების შემდეგ "მედქერ -რესქიუერ 2003"-ზე საქართველოში ბევრი კეთილი მოგონება დარჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG