Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო და თბილისის ბიუჯეტი


ოპოზიციურია თუ არა თბილისის საკრებულო? ამ შეკითხვაზე, არჩევნების შედეგების მიხედვით, მხოლოდ დადებითი პასუხის გაცემა შეიძლება. თუმცა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები საკრებულოს

საქმიანობის პირველივე დღიდან უპირისპირდებიან ერთმანეთს. მთავარი ბრალდება, რომელიც ხშირად გაისმის საკრებულოს თავმჯდომარის - მიხეილ სააკაშვილის -მიმართ, ხელისუფლებისადმი ფარული კომფორმიზმია. თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესი ამ ბრალდებას ან დაადასტურებს, ან გააქარწყლებს.

ორშაბათს გაზეთმა “მთელი კვირა”, რომელიც “რეზონანსის” ყოველკვირეული დამატებაა, გამოაქვეყნა ინტერვიუ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარესთან – ლევან გაჩეჩილაძესთან. იგი მკითხველს არწმუნებს, რომ თბილისის მართვაში ოპოზიციურმა საკრებულომ არაფრის შეცვლა არ მოისურვა: “მერიის სტრუქტურა ისეა ორგანიზებული, რომ მერისა და პრემიერის შეუცვლელად მუნიციპალურ ხელისუფლებაში არაფერი შეიცვლება. კორუფციული დარჩება ადგილობრივი ხელისუფლებაც, დედაქალაქის 2003 წლის ბიუჯეტიც და, ხშირ შემთხვევაში, ვერაფერს გააკეთებს ასეთი სიამაყითა და ტაშისკვრით მოსული საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია თავისი ფორმით და არა – შინაარსით”.

დღეს თბილისის საკრებულოში ახალი პოლიტიკური დრამატურგია იქმნება. ოპიზიციური საკრებულოს უმრავლესობას შიდა ოპოზიცია უტევს. თბილისის პრემიერის გიორგი შერაძის პოსტზე დატოვება დაპირისპირებისთვის სერიოზული საყრდენია: სააკაშვილისა და მისი გუნდის კრიტიკა ყოველთვის ამ ფაქტით დაიწყება.

გამოიკვეთა თემაც – კორუფცია. ოპოზიცია საკრებულოს უმრავლესობას ჯერჯერობით მხოლოდ იმის გამო ამუნათებს, რომ მის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა კორუფციასთან ბრძოლაში კაპიტულანტურია. მაგრამ როგორც კი დედაქალაქის 2003 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყება, საფიქრებელია, რომ ბრალდებები უფრო სერიოზულ შინაარსს შეიძენს.

რამდენად მოინდომებს საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რეალურ დაპირისპირებას? ეს ყველაზე მკაფიოდ ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოჩნდება. ლევან გაჩეჩილაძის თავმჯდომარეობით უკვე მუშაობს ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ქმნის დოკუმენტს მერიის ახალი სტრუქტურისა და ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. სავარაუდოა, რომ ეს ჯგუფი თბილისის ბიუჯეტის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობას დაუპირისპირდება და საჯაროდ მოითხოვს კორუფციული “ხვრელების” ამოგდებას. ამგვარი “ხვრელების” გარეშე კი საქართველოში არც ერთი დონის ბიუჯეტი არ არსებობს.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილისთვისაც ბიუჯეტი კორუფციასთან ბრძოლის იარაღია. ამიტომ მძაფრ განცხადებებს საზოგადოება მისგანაც მოისმენს. საკრებულოს უმრავლესობისთვის ბიუჯეტის განხილვა, ერთი მხრივ, ძალაუფლების ბერკეტია, მაგრამ, მეორე მხრივ, საფრთხეცაა. წინა საკრებულოში ბიუჯეტის თანხები ისე ნაწილდებოდა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ, საბოლოოდ, ყველა, ვისაც ხმის ამოღება შეეძლო, კმაყოფილი რჩებოდა. ამიტომ 2003 წლის ბიუჯეტი სერიოზული გამოცდა იქნება მერისთვისაც, საკრებულოს უმრავლესობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც.
XS
SM
MD
LG