Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ წყალობენ ჯეიმს ბონდს კორეელები...


40 წელია, კეთილი ნების ადამიანებს საიმედო დამცველი ჰყავთ – საკმარისია, რომელიმე კაცთმოძულე დიქტატორსა თუ ბოროტმოქმედს მსოფლიოზე გაბატონების სურვილი გაუჩნდეს,

რომ საქმეში დიდი ბრიტანეთის საუკეთესო აგენტი ჩაერევა ხოლმე და სულ რაღაც ორსაათნახევარში ახერხებს კაცობრიობის ხსნას საშინელი განსაცდელისაგან... ასეა კინოეკრანზე: როცა მას ჯეიმს ბონდი ამშვენებს, “ჰეპი ენდი” გარანტირებული გვაქვს.

მაგრამ ბონდის ბოლო თავგადასავალში ფანტაზია და რეალობა სახიფათოდ დაემსგავსა ერთმანეთს: ფილმი “დღეს ნუ მოკვდები” გვიამბობს დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემაზე – ჩრდილოეთი კორეის კრიზისზე, რომელიც არავინ უწყის, “ჰეპი ენდით” დამთავრდება თუ არა.
[მუსიკა – 007-ის მოტივი]
“დღეს ნუ მოკვდები” (ლეგენდარული აგენტის თავგადასავლების ამსახველი რიგით მე-20 ფილმი) ბოროტების განსახიერებად წარმოგვიდგენს ჩრდილოკორეელ ოფიცერს, რომელსაც სამხრეთ კორეაში შეჭრა განუზრახავს.

ფხენიანში აღშფოთებას ვერ მალავენ. “ფილმი კორეელებს შეურაცხყოფსო”, ირწმუნებიან ჩრდილოეთი კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც შეერთებული შტატები “ძალადობისა და უზნეობის გამავრცელებელი ძალის შტაბ-ბინად” არის მოხსენიებული.

არ იფიქროთ, რომ ჯეიმს ბონდის მისიამ სამხრეთი კორეა მაინც აღაფრთოვანა! ეკრანებზე ფილმის ორი კვირის წინ გამოსვლის შემდეგ ბოლო არ უჩანს მისი ბოიკოტისაკენ მოწოდებასა და საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა შედეგად ლეგენდარული აგენტის ბოლო თავგადასავალი ჩვეული კომერციული წარმატებისაგან საგრძნობლად არის დაშორებული. როგორც ჩვენმა კოლეგამ, კეტლინ ნოქსმა შეიტყო, სამხრეთკორეელების ნაწილი მათი სამშობლოს ჩამორჩენილ ქვეყნად დახატვამ გააჯავრა- ერთ სცენაში გუთნით მხვნელ გლეხს ვხედავთ. ნაწილი კი (ბუდისტები) აღაშფოთა ეროტიკულმა სცენამ, რომელიც ბუდას ქანდაკებასთან ვითარდება. სეულში გამომავალ გაზეთ “კორეა ჰერალდის” ჟურნალისტი ენდრიუ პეტი უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზს ასახელებს: [პეტის ხმა] “სამხრეთკორეელების დაახლოებით ნახევარი ჩრდილოეთისა და სამხრეთის გაერთიანებას ემხრობა. ამიტომ შერიგების მომხრეები თავიანთი ძალისხმევის საზიანოდ მიიჩნევენ ფილმში ჩრდილოკორელების სამხრეთზე თავდასხმის მოსურნეებად წარმოსახვას”.

ამასობაში, კინოფილმის დისტრიბუტორები თავს იმართლებენ არგუმენტით, რომ საქმე ეხება გასართობ და არა დოკუმენტურ ფილმს, რომ არ ღირს მისდამი ასე სერიოზულად მიდგომა.

ვინ არის მართალი ამ დაპირისპირებაში, მსმენელმა განსაჯოს. ერთი რამ კი ეჭვს არ იწვევს: 007-ის კორეული თავგადასავლის გარშემო უთანხმოება ცხადჰყოფს, რამდენად რთულია პასუხი შეკითხვაზე, რომლის წინაშეც ამჟამად დგანან ე.წ. მწვავესიუჟეტიანი ფილმების ავტორები. შეკითხვა ასე ჟღერს: ვინ არიან “ცუდები” გლობალიზაციის ეპოქაში?

იყო დრო, როცა ჰოლივუდის ფილმებში “ცუდებად” ინდიელები, შემდეგ მექსიკელები გვევლინებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს როლი ნაცისტებს ერგო. შემდეგ კი ცივი ომი გამეფდა – თუ კინომცოდნე დიმიტრის ელეფტერიოტისს დავუჯერებთ, “იდეალური ეპოქა “ცუდების” სიუხვის თვალსაზრისით”: [ელეფტერიოტისის ხმა] “პოლიტიკური თვალსაზრისით, ის უცნობი, საშიში რაღაც, რაც რკინის ფარდის მიღმა იმყოფებოდა, იდეალურად ერგებოდა უარყოფითი პერსონაჟის როლს“.

მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ გამონაკლისები – მათგან ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელია რუსი აგენტი ქალი, რომელიც 1963 წელს გადაღებულ ფილმში “რუსეთიდან სიყვარულით” ჯეიმს ბონდის ერთგული მოკავშირე ხდება.
[მუსიკა კინოფილმიდან “რუსეთიდან სიყვარულით”]

დავუბრუნდეთ “ცუდებს” – მათი, ანუ ე.წ. “უარყოფითი პერსონაჟების” შერჩევას ცივი ომის დამთავრების გარდა კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან ერთს კინომცოდნე დიმიტრის ელეფტერიოტისი განმარტავს: [ელეფტერიოტისის ხმა] “ცუდებს წინათ ხშირად ჰქონდათ გარკვეული გარეგნული მახასიათებლები: მათ სხეულის რომელიმე ნაწილი დაზიანებული ჰქონდათ. ასე იყო, მაგალითად ჯეიმს ბონდის ფილმებში – ხშირად, ცუდები ხეიბრები იყვნენ. ახლა კი, როცა ინვალიდებისადმი დამოკიდებულება იცვლება და ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნაზე ლაპარაკობენ, სულ უფრო ძნელი ხდება გარეგნულად ადვილად ამოსაცნობი უარყოფითი პერსონაჟების შექმნა.”

როგორც ამჟამინდელი კინოჰიტი, “ბეჭდების მეუფე” ადასტურებს, კიდევ უფრო საჩოთიროა რასობრივი კუთვნილების საკითხი: ცნობების თანახმად, ბევრის უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ ფილი ბოროტების სამსახურში მდგომებს, ლამის გამონაკლისის გარეშე, მუქკანიანებად და ხვეულთმიანებად წარმოგვისახავს...

მაშ, რა გამოსავალი რჩება? როგორ უნდა გვაჩვენონ მწვავესიუჟეტიანი ფილმების ავტორებმა კეთილსა და ბოროტს შორის მარადიული ბრძოლა ისე, რომ არც ერთი რასა, ერი თუ ხეიბარი არ შეურაცხყონ? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვსმენია.

ყოველ შემთხვევაში, კორეის თემის მოშველიება, როგორც ჩანს, არ ღირს - თვით ჯეიმს ბონდმაც კი ბოლო თავგადასავლის შედეგად მთელი ნახევარკუნძული გაანაწყენა და დაკარგა თავისი ერთ-ერთი უერთგულესი თაყვანისმცემელი, ჩრდილოეთი კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ირი...
XS
SM
MD
LG