Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო და კერძო პირი ქართულ რეალობაში


იმის შემდეგ, რაც საქართველომ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება გამოაცხადა, ქვეყნის ხელისუფლებას ყოველმხრივ უნდა ეზრუნა საჯარო და კერძო პირის ფუნქციების გასამიჯნად.

ამ საკითხის საკანონმდებლო ასპექტი გაცილებით უკეთ არის მოგვარებული, ვიდრე ეთიკური მხარე.

ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არჩევნები მოსახლეობის ნებას ასახავს, საჯარო და კერძო პირის ცხოვრების წესი მკაფიოდ არის გამიჯნული. ეს მათი ფუნქციიდან გამომდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტს და ადგილობრივ ხელისუფლებას, არჩევითი ორგანოები კი ამტკიცებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა ეშელონს. არჩეულებიც და მათ მიერ დანიშნულებიც სახელმწიფოსგან ხელფასს იმისათვის იღებენ, რომ ხალხის ნება აღასრულონ. შესაბამისად, კერძო და საჯარო პირს შორის მთავარი სხვაობა გამოიხატება ორი მარტივი ფრაზით. კერძო პირი ამბობს: “ვაკეთებ იმას, რაც მინდა”; საჯარო პირი ამბობს: “ვაკეთებ იმას, რასაც ჩემგან ითხოვენ და ელიან”. ამიტომ არის, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ჟურნალისტს ეთიკური კოდექსი უკრძალავს კერძო პირის ცხოვრებაში ჩახედვას, თუნდაც მისი ფოტოს გამოქვეყნებას ნებართვის გარეშე. სამაგიეროდ, ეთიკური კოდექსი არ კრძალავს საჯარო პირის ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, განსაკუთრებით, თუ ეს დეტალები ორმაგ სტანდარტს ადასტურებს.

ქართულ რეალობაში ყველაფერი პირიქითაა. ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია თქვას: “ვაკეთებ იმას, რასაც ჩემგან ითხოვენ და ელიან”; საჯარო პირები კი სწორედ იმით იწონებენ თავს, რომ მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ.

ამ ყირამალა წესრიგის ყველაზე მკაფიო დასტურია სამხედრო ამბოხებები, რომლებიც პერიოდულად ეწყობა საქართველოში. როდესაც სამხედროები აკეთებენ იმას, რაც თავად სურთ, რაღა ითქმის სამოქალაქო პირებზე – მინისტრებსა და პარლამენტარებზე. ცხადია, არც მათ აინტერესებთ, რას ითხოვს და რას ელის მათგან საზოგადოება, ისინიც საკუთარი სურვილების ასრულებით ნებივრობენ.

სამაგიეროდ, რიგითი მოქალაქე, კერძო პირი, ცხოვრობს ისე, როგორც მისგან ითხოვს და ელის ხელისუფლება. მაგალითად, მხოლოდ უკიდურესად პესიმისტები თუ იფიქრებდნენ, რომ მიმდინარე ზამთარიც ნავთით და შეშით იქნებოდა გასატანი. ვინ დაიჯერებდა, რომ ამჟამინდელ პირობებს საზოგადოება ისევ ჩუმი მორჩილებით შეხვდებოდა.

სინამდვილეში, ის, რაც ხდება, ღრმად ლოგიკურია. ყირამალა წესრიგი იმით იწყება და მთავრდება, რომ საჯარო პირები, სინამდვილეში, სულაც არ ცხოვრობენ ხელფასით, რომელსაც ბიუჯეტიდან იღებენ. შესაბამისად, ისინი ხალხის წინაშე ვალდებულებას ვერ გრძნობენ და, პირიქით, საზოგადოებას საკუთარ კანონებს უწესებენ. ვიდრე საჯარო პირები აგრძელებენ ცხოვრებას ისე, როგორც მათ სურთ, კერძო პირებსაც მოუხდებათ ცხოვრება ისე, როგორც მათგან ითხოვენ.
XS
SM
MD
LG