Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს სადღესასწაულოდ არ სცალია


ერთ-ერთში იმ ქვეყნებიდან, სადაც ერაყის კრიზისთან დაკავშირებული მოვლენები და მათი განვითარების პერსპექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, სამშაბათს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ლაპარაკია ისრაელზე.

კენჭისყრის შედეგი არაორაზროვანია: დამაჯერებელი, შეიძლება ითქვას, ტრიუმფული გამარჯვება მოიპოვა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ, ლიკუდმა, რომლის სათავეში პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დგას: მან თითქმის გაიორმაგა მანდატების რაოდენობა 120-კაციან პარლამენტში და ახლა 37 მანდატს ფლობს.

მაგრამ შარონს მაინც არ ეტყობა საზეიმო განწყობილება, რისი მიზეზიც მან არჩევნების დღესვე დაასახელა: [შარონის ხმა] “გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ზეიმის დრო არა გვაქვს. არ დაგვიმთავრებია ბრძოლა ტერორისტულ ორაგნიზაციებთან, რომელთა მხსვერპლის რიცხვი ყოველ დღე მატულობს. ჩვენს წინაშე დგას ერაყთან დაკავშირებული საშიშროება, ხოლო სოციოეკონომიკური კრიზისი კვლავინდებურად საფრთხეს უქმნის ეკონომიკას და ისრაელის ყოველი მოქალაქის კეთილდღეობის შანსს”.

თუმცა, მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა, სხვა საკითხს, ახალი მთავრობის შექმნას უკავშირდება. შარონი გამორიცხავს ულტრამემარჯვენე ძალებთან კოალიციას, რომელიც მთავრობის სტაბილურობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდიდა და აი, რატომ: მაშინ,როცა შარონი მზად არის, განიხილოს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის საკითხი, ულტრამემარჯვენე, რელიგიური პარტიები კატეგორიულ უარს ამბობენ ბიბლიური საზღვრების მქონე ისრაელის კონცეპციასთან გამოთხოვებაზე. ასე რომ, არიელ შარონი ცენტრისტულ და მემარცხენე ძალებთან თანამშრომლობაზე არის დამოკიდებული და დიდი დაბრკოლების წინაშე დგას: წამყვანი მემარცხენე პოლიტიკური ძალა, შრომის პარტია, კენჭისყრაში მარცხის მიუხედავად, უარს ამბობს შარონთან კოალიციაში შესვლაზე და ოპოზიციაში დარჩენას აპირებს.

ასე რომ, დღეს არავინ უწყის, რა სახით ვიხილავთ ისრაელის მომავალ მთავრობას. მიმომხილვევლების ვარაუდით, განსაკუთრებულმა სიტუაციამ, როგორიც არის სავარაუდო ომი ერაყის წინააღმდეგ, შესაძლოა პოზიცია შეაცვლევინოს მემარცხენეებს.
XS
SM
MD
LG