Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ჩეჩენ მეომართა ექსტრადიციის საკითხი კვლავ ღიად რჩება


3 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციის საკითხი ქართული სამართალწარმოების ურთულეს პრობლემადაა ქცეული. იურიდიულ წინააღმდეგობებთან ერთად, პრობლემის დროულ გადაწყვეტას

პოლიტიკური გარემოებებიც უშლის ხელს. კერძოდ, საქართველოს რუსეთის წინაშე ნაკისრი აქვს ვალდებულება მოახდინოს საზღვრის დარღვევის გამო დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადიცია, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების მოთხოვნები თბილისს ამ ვალდებულების შესრულების საშუალებას არ აძლევს.

30 იანვარს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში უნდა განხილულიყო 3 ჩეჩენი მეომრის რუსეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. განხილვა პროცესის დაწყებიდან 1 საათში შეწყდა. ამის მიზეზი გახდა სატელეფონო ზარი უცნობისა, რომელმაც სასამართლოს ადმინისტრაციას აუწყა, რომ შენობაში ბომბი იყო. შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაციის შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დაადასტურა. მოგვიანებით სასამართლო პროცესი 7 თებერვლამდე გადადებულად გამოცხადდა.

იძულებითი შესვენების გამოცხადებამდე მოსამართლემ პროცესში მონაწილე მხარეებს ამცნო, რომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 10 დღის წინ დაცვის მხარის მიერ აღძრული შუამდგომლობა. კერძოდ, 3 ჩეჩენი მეომრის დამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს ოფიციალური დოკუმენტების 7 ტომიანი კრებული, რომელიც რუსეთში პატიმართა წამების ფაქტებს ადასტურებს.

იმის თაობაზე, თუ რას აძლევს დაცვის მხარეს ეს შუამდგომლობა, ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი ასეთ განმარტებას იძლევა:

[ძამუკაშვილის ხმა] „არსებობს ასეთი კონვენცია, წამების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ევროპული კონვენცია, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ არანაირი პირი არ შეიძლება გადაეცეს იმ სახელმწიფოს, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს იმ სახელმწიფოში, - ანუ ყველა ვარიანტი იგულისხმება - როგორც გაძევება, ასევე ექსტრადიცია, - სადაც არსებობს იმის რისკი, რომ აწამონ ან მოექცნენ არადამიანურად და დამამცირებლად.“

შესაბამისად, პროკურატურა იძულებული გახდა თავადაც მოეძებნა კონტრარგუმენტი. 30 იანვარს სასამართლო პროცესზე პროკურატურამ 3 ჩეჩენი მეომრის რუსეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასამყარებლად შუამდგომლობა აღძრა და მოსამართლეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წარუდგინა ტერორიზმთან საბრძოლოდ მობილიზაციის შესახებ. გაითვალისწინებს თუ არა ამას სასამართლო, მომავალი გვიჩვენებს.

ამ ახალმა გარემოებებმა კიდევ უფრო გააჭიანურა 3 ჩეჩენი მეომრისთვის ისედაც წინააღმდეგობებით აღსავსე განაჩენის გამოტანა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს მოსკოვისათვის მიცემული სიტყვა შეასრულოს და ტერორისტებად გამოცხადებული 3 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიცია განახორციელოს. მოსკოვის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მთავარი ხელის შემშლელი ევროსასამართლოს ფაქტორი თითქოს მოიხსნა თავად ამ ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. მაგრამ ევროსასამართლოს რეკომენდაცია, საქართველომ საკუთარი კანონების შესაბამისად გადაწყვიტოს ჩეჩენთა საკითხი, სულაც არ იძლევა მეომართა ერთი ხელის მოსმით ექსტრადირების საშუალებას. მაკა ძამუკაშვილის განმარტებით:

[ძამუკაშვილის ხმა] “ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს ევროსასამართლომ თქვა, გადაეცითო. ევროსასამართლომ თქვა, გადაცემა-არგადაცემის საკითხი მოარეგულირეთ თქვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისადო, იმავე ევროკონვენციისა და იმ დოკუმენტების შესაბამისად, რაც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი. ევროსასამართლო აწი შეამოწმებს, სასამართლო სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობა კანონიერად იმოქმედებს თუ უკანონოდ.”

ამ განცხადებიდანაც ცხადია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მომავალ გადაწყვეტილებას მოსკოვსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია ელის.
XS
SM
MD
LG