Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულიზმი ქართულ პოლიტიკაში


მთავარი ბრალდება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის - პოპულიზმია. თავიდან მთავარ პოპულისტებად შალვა ნათელაშვილი

და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ აღიარებული, ხოლო იმის შემდეგ, რაც "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" მინიმალური ხელფასის ექვსჯერ გაზრდა მოითხოვეს, პოპულისტ-პოლიტიკოსთა რიგებს ხელისუფლებამ ზურაბ ჟვანიაც მიათვალა.

არის თუ არა ქართული პოლიტიკა პოპულისტური?

პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ, ამომრჩეველთა კეთილგანწყობა დაიმსახურონ და მათ გულში იმედები გააღვივონ. ასეა საქართველოშიც, იმის მიუხედავად, რომ არჩევნების შედეგი მოსახლეობის ნებაზე უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ამომრჩეველს მილიონ სამუშაო ადგილს დაჰპირდა, ცხადია, ეს დაპირება პოპულისტური იყო. როდესაც მრეწველთა პარტიამ არჩევნების წინ ქვეყანას გადარჩენის იმედი მისცა, მათი დაპირებაც წმინდა წყლის პოპულიზმად შეფასდა. როდესაც შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს უფასო განათლებას და ჯანდაცვას ჰპირდება, ესეც პოპულიზმია და ისიც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მდიდრებს სახლებს ჩამოართმევს და ღარიბებს დაურიგებს. როდესაც პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ამომრჩეველს ისეთი დაპირებით იზიდავენ, რომელსაც ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, ან რაც პოლიტიკურად განუხორციელებელია - ასეთ პარტიებს და ლიდერებს ყველა ქვეყანაში პოპულისტებად ნათლავენ.

არის თუ არა ქართული პოლიტიკა პოპულისტური? ამ შეკითხვაზე პასუხი ადვილი არ არის ერთი გარემოების გამო. წინა ორი საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო სახელისუფლო პარტიამ. მომავალ არჩევნებში კი მოგების რეალური შანსი ოპოზიციას აქვს. თუ მოქალაქეთა კავშირს ბევრი ბერკეტი ჰქონდა საბოლოო შედეგის მისაღწევად, ოპოზიციის მთავარი საყრდენი ხალხია. ამიტომ, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პარტიები თავის მოკავშირედ რიგით მოქალაქეს გამოაცხადებენ; მათი დაპირებები და სამომავლო გეგმებიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, სამართლიანობის დამყარებასთან, სამუშაო ადგილების შექმნასთან. ხელისუფლება კი ყოველთვის იტყვის, რომ ოპოზიციის პოლიტიკა პოპულისტურია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქალაქეთა კავშირიც და აღორძინების კავშირიც სახელისუფლო პარტიებია, ცხადია, მომავალ არჩევნებში ოპოზიცია გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე წინა ორი არჩევნების დროს. და, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, არსებით მნიშნველობას შეიძენს მოსახლეობის პოლიტიკური ნება. რის საფუძველზე ჩამოყალიბდება ეს ნება, - ილუზიური თუ რეალური დაპირებების საფუძველზე, - ამის განსაზღვრისთვის ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს: ის, ვინც აბსოლუტურ სიკეთეს სთავაზობს დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ხალხს ატყუებს. ხოლო ის, ვინც ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებს მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეიძლება სიმართლეს ამბობდეს, შეიძლება არა.

ამომრჩეველს საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოუხდება გადაწყვეტა - სინამდვილეში რამდენად სანდოა ის, რითაც ამჯერად შეეცდებიან მისი ნდობის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG