Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიხში მოქცეული აფხაზეთის პრობლემა და გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია


აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შინაარსს საქართველოში არავინ გაუკვირვებია. გაეროს უშიშროების საბჭოსგან უფრო მეტს აქ არავინ ელოდა.

აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები კარგა ხანია შეეგუენ აზრს, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა ფიქრობენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაური თამაზ ნადარეიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს შემდგომი სხდომისთვის აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას ითხოვს.


პუტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზებზე მუშაობას ააქტიურებს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ უკვე მომზადებულია კონფლიქტის მოგვარების პროგრამა და ის პარლმანეტს 10 დღის ვადაში წარედგინება. 30 იანვარს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გააქტიურება პარლამენტმაც სცადა, ოღონდ - ნახევრად ცარიელ დარბაზში. აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ პარლამენტარების მსჯელობა აფხაზეთში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებათა მკაცრი შეფასებით ამოიწურა. მხარდაჭერილ იქნა დოკუმენტი, რომლის თანახმად, თუ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება უმოკლეს დროში არ გამოკვეთს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების მიმართულებებს და თუ რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებას ბოდენის დოკუმენტის განხილვაზე არ დაიყოლიებს, საქართველო გაეროს აფხაზეთში მშვიდობის იძულებით დამყარების მოთხოვნით მიმართავს.


ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცოცხლება რუსეთშიც იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და იქ რუსეთის პასპორტების გავრცელებასთან დაკავშირებით რუსეთის მკაფიო პოზიციის გამოკვეთის დავალება გასცა. ბევრს და, მათ შორის, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელს თამაზ ნადარეიშვილს კი არ სჯერა, რომ პუტინის დავალება რაიმეს შეცვლის. თამაზ ნადარეიშვილის თქმით : "აფხაზეთში სარკინიგზო ხაზი ისევ მუშაობს, აფხაზეთის მოსახლეობაზე რუსეთის პასპორტები უკვე გაცემულია, სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოება ზღაპარია - რუსეთი ამ მოთხოვნას არ დასთანხმდება, გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია კი მოწმობს, რომ, თუ აფხაზეთის პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების - შემედგ კი გაეროს -დამოკიდებულება არ შეიცვალა, პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდება."


აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ გაეროს მანდატის შეცვლის - ანუ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს წესდების მეექვსე თავიდან მეშვიდე თავზე გადასვლის - პროგრამა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს იმ სხდომაზე წარადგინა, რომელმაც პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრის წინა რეკომენდაციები შეიმუშავა. ნადარეიშვილი ამბობს, რომ მისი პროექტი უშიშროების საბჭომ მიიღო და ნიუ-იორკშიც გადაგზავნა. საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტად წარმოჩენაზე. ნადარეიშვილის აზრით, თუ ეს მოხდება და თუ გაერო აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით წესდების მეექვსე თავიდან მეშვიდე თავზე გადასვლას დააპირებს, რუსეთს, როგორც კონფქლიტის მონაწილე მხარეს, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა]" შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომამდე ჩვენ ჩევნი სიმართლე უნდა გავიტანოთ, უამრავი მასალით და დოკუმენტით. დიპლომატიური კორპუსი და ჩევნი სახელმწიფო სტრუქტურები თუ ყველაფერს გააკეთებენ, არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება ივლისში ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჩევნს სახელმწიფოებრიობას წაადგება. "

მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს ივლისის სხდომამდე საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG