Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსების პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება


ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც უდიდესმა და უმნიშვნელოვანესმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გაერომ, საერთაშორისო სასამართლოს შექმნის საჭიროება აღიარა.

მაშინ, 1948 წელს, კაცობრიობას ახალი გადატანილი ჰქონდა მსოფლიო ომის საზარელ დანაშაულთა შოკი და გაეროს წევრ ქვეყნებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული მორიგი გენოციდის აღკვეთის აუცილებლობა. ასე რომ, გაერო საკმაოდ ენერგიულად შეუდგა მუშაობას: მისი მიზანი იყო მუდმივმოქმედი გავლენიანი სამართლებრივი უწყების შექმნა, რომელიც იმას მაინც უზრუნველყოფდა, რომ ვერც ერთი ქვეყნის დიქტატორი, მმართველი აპარატი თუ არმია, დაუსჯელად ვეღარ ხელყოფდა ადამიანის უფლებებს. მაგრამ ეს დამაიმედებელი პროცესი 1953 წელს შეჩერდა. გაეროს წევრებმა ვერ მოახერხეს ცნება "აგრესიის" განმარტებაზე შეთანხმება და მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რამდენიმე ათწლეულით გაჭიანურდა. მსმენელს უთუოდ ახსოვს, რომ ასეთი სასამართლო, რომელსაც ჰააგის სამხედრო ტრიბუნალად მოიხსენიებენ, პირველად 90-იან წლებში ამოქმედდა და ისიც მხოლოდ ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს. რაც შეეხება სასამართლოს, რომელიც - თუ კოფი ანანის სიტყვებს მოვიშველიებთ - უნივერსალურ სამართლიანობაზე იზრუნებს, ახლო მომავალში, შესაძლოა, მისი ამოქმედების მოწმეც გავხდეთ. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ზოგიერთი მოვლენა, რომელთა შესახებ ქვემოთ გესაუბრებით.

სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან და ნიუ-იორკიდან გასულ კვირაში გავრცელებული ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს ძალისხმევა იმ მიზნით, რომ სამხედრო დანაშაულისა თუ სხვა მძიმე დანაშაულთა ჩამდენები ვეღარასოდეს და ვეღარსად დაემალონ მართლმსაჯულებას.

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის მხარდაჭერა. ამ გავლენიანი ორგანიზაციის კიდევ ერთი, ნიუ-იორკიდან გავრცელებული მოწოდებით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო კამპანია, რომლის მიზანი იქნება მუდმივმოქმედი ტრიბუნალის შექმნის საკითხში აშშ-ის წინააღმდეგობის დაძლევა. ხოლო ბრიუსელში ბელგიის სენატმა განიხილა შესწორებები "უნივერსალური იურისდიქციის კანონში".

1993 წელს დამტკიცებული და 1999-ში შესწორებული ამ კანონის "უნივერსალობა" იმაში მდგომარეობს, რომ კანონი ბელგიის სასამართლოებს უფლებას აძლევს, გაასამართლონ გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები იმ შემთხვევაშიც, თუ ეჭვმიტანილს, ან თვით დანაშაულს, არაფერი აქვს საერთო ბელგიასთან. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ პირთა შორის, ვის წინააღმდეგაც ბელგიის სასამართლოებში სარჩელები შეუტანიათ, შეხვდებით არიელ შარონს, იასირ არაფატს, სადამ ჰუსეინს... მაგრამ ბელგიელმა პარლამენტარებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს უნივერსალური იურისდიქციის კანონში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან სასამართლოების გადაწყვეტილებებს აქამდე რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

აი, როგორ განმარტავს ცვლილების მიზანს სენატორი ვინსენტ ვან კვიკენბორნი: [ვინსენტ ვან კვიკენბორნის ხმა] "ჩვენ უნდა გავაგებინოთ ყველას, ვინც ბოროტმოქმედებას სჩადის და ფიქრობს, ხელს ვერავინ მახლებსო, რომ მათთან პოლიტიკურ გარიგებებზე არ წავალთ, რომ მათი ადგილი სასამართლოშია და რომ მათ გასამართლება და დაპატიმრება ელის.

მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ განხორციელდება ეს ამოცანა მას შემდეგ, რაც ბელგიის სენატმა ხუთშაბათს გამართული კენჭისყრით მხარი დაუჭირა "უნივერსალური იურისდიქციის კანონის" უნივერსალობის შეზღუდვას - ეს ცვლილება შეეხება 2002 წლის 1 ივლისის შემდეგ შეტანილ სარჩელებს და ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ან მისი მსხვერპლი უნდა იყოს ბელგიის მოქალაქე, ან პირი, რომელიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს იმყოფება ბელგიაში. გარდა ამისა, დანაშაული ბელგიის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჩადენილი.

ახლა კი სტრასბურგს დავუბრუნდეთ - იქ "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელმა რიჩარდ დიკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ თითოეული მათგანი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხის ლობირებას. რიჩარდ დიკერი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. აი რა უთხრა მან სატელეფონო საუბარში ჩვენი რადიოს თანამშრომელს, დონ ჰილს [დონ ჰილის ხმა] "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის მხრივ უზარმაზარი წინსვლაა მიღწეული. მომავალ კვირაში, გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში აირჩევენ 18 იურისტს, რომელიც ამ სასამართლოში იმუშავებს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 87 სახელმწიფო, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ხელშეკრულება საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის შესახებ."

ამ ქვეყნებს, როგორც ცნობილია, არ მიეკუთვნება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო - აშშ. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა საერთაშორისო ტრიბუნალის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომელსაც ხელი მოაწერა მისმა წინამორბედმა ბილ კლინტონმა. და მეტიც: ბუშმა ამერიკის საგარეო უწყებას დაავალა, ორმხრივი შეთანხმებები დადოს სხვა ქვეყნებთან, რათა მათი, ისევე როგორც ამერიკელი მოქალაქეები, საერთაშორისო სასამართლოსაგან იმუნიტეტით იყვნენ დაცული.

[რიჩარდ დიკერის ხმა] "საუბედუროდ, შეერთებული შტატების მთავრობა, რომელსაც, ჩვენი აზრით, გაუმართლებელი იდეოლოგიური მოსაზრებები ამოძრავებს, განაგრძობს მოქმედებას ადამიანის უფლებების დამცველი ახალი, მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ", ამბობს რიჩარდ დიკერი. ხოლო მისმა ორგანიზაციამ, "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გასულ კვირაში მოუწოდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, უარი თქვან ვაშინგტონის წინადადებაზე, მასთან იმუნიტეტის საკითხში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ.

რა უფრო გაჭრის: "ჰიუმან რაიტს უოჩის" მოწოდება, თუ ვაშინგტონის წინადადება? ამ შეკითხვაზე პასუხს მალე შევიტყობთ - ამ დღეებში ხომ საერთაშორისო სასამართლოს პირველ თანამშრომლებს აირჩევენ.
XS
SM
MD
LG