Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მსოფლიოს ავღანეთში ოპიუმის ბიზნესთან ბრძოლისკენ მოუწოდებს


მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მთავრობამ ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა აკრძალა, ხოლო მეზობელმა სახელმწიფოებმა ნარკობიზნესთან უფრო ეფექტიანი ბრძოლის მიზნით გარკვეული ზომები მიიღეს,

ოპიუმის ბიზნესი ავღანეთში ძველებურად ყვავის. ამის მიზეზი, როგორც გაეროს ნარკოტიკული ნივთიერებების კონტროლის სააგენტოს ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ავღანეთში ოპიუმის ბიზნესის სახალხოობაა - სხვაგვარად თუ ვიტყვით, ყაყაჩოს მოყვანასა და ნარკოტიკის წარმოებაში მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული, რაც ავღანეთში კიდევ უფრო ართულებს ამ ბიზნესის შესუსტებას.

გაეროს ნარკოტიკული ნივთიერებების კონტროლის სააგენტო 1994 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იკვლევს ოპიუმის ყაყაჩოს წარმოების განვითარების დინამიკას ავღანეთში. ეს კვლევა იძლევა საგულისხმო ინფორმაციას ოპიუმის კულტურის გავრცელების, წარმოებისა და ფასების შესახებ. 1979 წლიდან დღემდე ავღანეთში ოპიუმის წარმოება 15-ჯერ და მეტად გაიზარდა. 2000 წლის დასასრულისთვის კი ეს ქვეყანა მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 70 პროცენტს ამზადებდა და დღესაც ლიდერი გახლავთ ამ არცთუ საამაყო საქმეში. ამდენად, ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების მასშტაბი პირდაპირ კავშირშია მისი მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების სტაბილურობასთან.

წელს გაერო გასცდა მხოლოდ ნარკოტიკების წარმოების მასშტაბის შეფასების ფარგლებს და შეეცადა დაედგინა, რით შეიძლება ავღანეთის ე.წ. "ოპიუმის ეკონომიკის" მიმართულების შეცვლა. ერთი რამ აშკარაა: ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ნარკოტიკების ბიზნესთან ბრძოლა ძალისმიერი, ავტორიტარული მეთოდებით ავღანეთშიც შეუძლებელია. გაეროს ნარკოტიკული ნივთიერებების კონტროლის სააგენტოს დირექტორი ანტონიო მარია კოსტა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

[ანტონიო მარია კოსტას ხმა]
"თუკი გინდა ამ პრობლემის დაძლევა, თუკი გინდა ოპიუმის ეკონომიკასთან შეჭიდება, უნდა იზრუნო ალტერნატიული ეკონომიკური გზების შეთავაზებაზე მათთვის, ვინც ჩათრეულია ნარკოტიკების წარმოებაში - ქალებსა და ბავშვებს: ერთნი - რაიმე სხვა საქმით, ბავშვები კი სკოლაში სწავლით დააკავო".

ოპიუმით ვაჭრობით მიღებული მოგება ძალიან მაღალია. ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებში შარშან ნარკოტიკების გადაზიდვა-გასაღებაში ჩართულმა ჯგუფებმა 4 მილიარდი დოლარი მოგება მიიღეს. თავად ავღანეთში კი ოპიუმით ვაჭრობამ მწარმოებლებს მილიარდ 200 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა.

ოპიუმის ნათესების სხვა, კომერციულად ასევე მიმზიდველი ლეგალური კულტურებით ჩანაცვლების მაგალითად გაეროს ტაილანდი, პაკისტანი და თურქეთი მოჰყავს. მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავღანეთის შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულად იქნება, რადგან საქმე, მართალია, კრიმინალურ ბიზნესში, მაგრამ მაინც, მსოფლიო ლიდერთან გვაქვს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG