Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჯარიმდება თუ არა შალვა ნათელაშვილი


შალვა ნათელაშვილს შემართება არ დაუკარგავს. იგი კვლავაც აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უარყოფილი ელექტროენერგიის ძველი ტარიფი

(ახლის დაზუსტებამდე) არ გადაიხადონ. ამ საკითხს ლეიბორისტთა ლიდერმა სატელევიზიო რეკლამებიც კი მიუძღვნა, თუმცა მოულოდნელად ეს აქცია ეკრანებიდან გაქრა. მიზეზად ნათელაშვილი მხოლოდ უსახსრობას ასახელებს.

ნათელაშვილის ტელერეკლამების ხილვით აღშფოთებულმა AES-თელასმა საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს მიმართა და გადასახადის საწინააღმდეგო კამპანიის შეჩერება სთხოვა. AES-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ლეიბორისტთა ლიდერმა არა მხოლოდ მომხმარებელი შეიყვანა შეცდომაში, არამედ იგი კერძო კომპანიის ინტერესებსაც დაუპირისპირდა. წინასწარი მონაცემებით, ნათელაშვილის ამ კონკრეტულმა აქციამ ამერიკული კომპანიის შემოსავლის შემცირება გამოიწვია.

თელასის აღშფოთებულ წერილს უმალ გამოეხმაურა ანტიმონოპოლიური სამსახური და სადავო საკითხის უკეთ განმარტების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ხსენებული განმარტების მიღებამდე კი, ტელეარხს, რომელზეც ნათელაშვილის სარეკლამო რგოლები გადიოდა, თავის შეკავების რჩევა მისცა. ფაქტია, რომ ამ მიწერ-მოწერის შემდეგ ნათელაშვილის ტელეკამპანია, მართლაც, შეწყდა, მაგრამ რის გამო მოხდა ეს, ბოლომდე გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში, ლეიბორისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებას არ შეუშინებია და უსახსრობის გამო შეჩერებულ ტელეაქციას იგი აუცილებლად განაახლებს:

(ნათელაშვილის ხმა) "ჩვენ ფული არ გვაქვს, უბრალოდ, და ამიტომ ვერ ვუშვებთ მაგ რეკლამას. როგორც კი ფულს ვიშოვით, მაშინვე აგრიალდება ეთერი ".

რა საჯარიმო სანქცია მოელის მოქალაქე შალვა ნათელაშვილს, თუკი ზემოხსენებულ რეკლამაში სასამართლომ კანონის დარღვევის ელემენტები აღმოაჩინა? ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი მელაძის თქმით:

(მელაძის ხმა) "თუკი დამტკიცდება, რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო რეკლამის გავრცელებას ანუ დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ, ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ფულად ჯარიმასა და კონტრრეკლამის დაკისრებას, ანუ იმ ინფორმაციის უარყოფას, რომელიც იქნა გავრცელებული".

დაეკისრება თუ არა ნათელაშვილს ჯარიმის სახით მის მიერ გაშვებული რეკლამის ღირებულების შვიდმაგი ოდენობა და კონტრრეკლამის ტვირთი, დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა. მანამდე კი ყოველივე ეს მთავარ ლეიბორისტს ხუმრობის ხასიათზე აყენებს:
(ნათელაშვილის ხმა) "ასეთი ზღაპარი ბარონ მიუნჰაუზენსაც კი არ მოუვიდოდა თავში. იმდენი არ აუდგეთ გვერდები, მაგათ რომ მე რაღაც მივცე; მაგრამ მაგათ რომ მე მაგარ ზარალში ჩავაგდებ და AES-ს გავაძევებ თბილისიდან, ჩათვალეთ, რომ ეს გადაწყვეტილი ფაქტია".

ამასობაში კი, დაბნეული მოსახლეობა კვლავაც ვერ გარკვეულა, გადაიხადოს თუ არ უნდა გადაიხადოს დენის საფასური. არგადახდა ხომ პირდაპირი მნიშვნელობით სიბნელეში დარჩენას ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ AES-ს ურჩ გადამხდელთათვის მაკრატელი მუდამ მომარჯვებული აქვს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG