Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ნატოში


ნატოს სამმა ძველმა წევრმა - ბელგიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ - მომავალ ორშაბათამდე უნდა გამოაცხადოს, რატომ არ ეთანხმება ალიანსის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს თავის წევრს, თურქეთს,

თავი დაიცვას იმ საფრთხისგან, რომელიც ერაყთან მოსალოდნელი ომის შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ხუთშაბათს ამ სახელმწიფოებს ულტიმატუმი წაუყენა, ორაბათამდე გამოთქვან თავიანთი აზრი, თუ არადა, ნატოს გადაწყვეტილება ავტომატურად შევა ძალაში.

შეხვედრა ნატოში ხუთშაბათს გაიმართა. ბრიუსელში კი შეიკრიბა ალიანსის პოლიტიკური უწყება, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, იმ გეგმის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვითაც, დახმარება უნდა გაუწიონ თურქეთს, ალიანსის ერთადერთ ერაყის მოსაზღვრე წევრ სახელმწიფოს, რათა მან შეძლოს თავი დაიცვას ომის შემთხვევაში. იმ ზომებს, რომელიც ნატომ უნდა მიიღოს ამ მიზნით, ნატოს 19 წევრიდან 15 მიემხრო. სამი, - საფრანგეთი, გერმანია და ბელგია, -როგორც გითხარით, ამ აქციაში მონაწილეობის თაობაზე დუმს. როგორც მათმა წარმომადგენლებმა ნატოში განაცხადეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ისინი ვერ დაარწმუნა ბაღდადის მიმართ გამოთქმული ბრალდებებით. ამაზე პასუხად მათ მიუგეს, რომ ერაყის პრობლემა სხვაა, საფრთხე ემუქრება ნატოს წევრს და ახლა ამაზეა ლაპარაკიო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ამ სამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ისინი ნატოს ინტეგრაციას ძირს უთხრიან, და გამოიყენა თავისი, როგორც თავმჯომარის, უფლება, აამოქმედოს გადაწყვეტილების მიღების ეგრეთ წოდებული დუმილის პროცედურა: თუ რომელიმე წევრი დაარღვევს დუმილს და თავის უარყოფით აზრს გამოთქვამს, გადაწყვეტილება არ გავა. ამ შემთხვევაში ისინი, - განმარტა ერთმა დიპლომატმა ბრიუსელში, - თითით საჩვენებლები გახდებიან, როგორც თავიანთი მოკავშირეების მოღალატეები. ჩვეულებრივ, ამ პროცედურას მარტივი საკითხების გადაწყვეტისას იყენებენ, ახლა კი ის რობერტსონს გამოადგა. მან განაცხადა:

[რობერტსონის ხმა] "ყველა სახელმწიფოს გავუგზავნე წერილი, რომელშიც მოცემულია წინადადებები. ისინი ძალაში შევა, როცა დუმილის პროცედურა დასრულდება, ანუ თუკი არც ერთი ქვეყანა არ დაარღვევს ამ პროცედურას, ეს ავტომატურად იმის მანიშნებელი იქნება, რომ ყველა ქვეყანა თანახმაა". ულტიმატუმის ვადა ორშაბათს, გრინვიჩის დროით, 9 საათზე გადის.

რაზე ელიან თანხმობას, გეტყვით მოკლედ. თურქეთს ესაჭიროება ამ შემთხვევაში თავდაცვის გასაძლიერებლად - როგორც ნატოს წევრს, ამაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს - "პეტრიოტის" ტიპის რაკეტები, "ავეკსის" მეთვალყურე თვითმფრინავები და აღჭურვილობა და პერსონალი - ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმის საწინააღმდეგოდ. "პეტრიოტის" ტიპის რაკეტები, რომლებიც ერაყის "სკადის" ტიპის რაკეტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ნიდერლანდებიდან უნდა ჩავიდეს თურქეთში. გათვალისწინებულია, აგრეთვე, ნატოს ევროპაში განთავსებული ბაზებიდან, ასევე მისი ბალკანეთში განთავსებული ნაწილებიდან თურქეთში საჭირო ძალების გადასროლა. გავრცელდა ცნობა, რომ ნიდერლანდებიდან თურქეთში "პეტრიოტების" ჩატანას ერთი თვე დასჭირდება, ასე რომ, დრო არ ითმენს. ესეც არის მიზეზი, რომ ნატო გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს.
ნატოს რიგებში არაერთსულოვნება, ერთი ოფიციალური პირის აზრით, არ ნიშნავს მის აღსასრულს, არავითარ შემთხვევაში, -თქვა მან. - დუმილის პროცედურა არაერთხელ დარღვეულა, მაგრამ ამით არაფერი დაშავებულა. მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ დროის საქმეა, მოკავშირეები შეერთებულ შტატებს, ადრე თუ გვიან, მიემხრობიან და, თუკი ორშაბათს გადაწყვეტილება ჩავარდა, გერმანიაზე, საფრანგეთსა და ბელგიაზე მანამ განახორციელებენ ზეწოლას, ვიდრე ისინი არ მიხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ არის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG