Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ორი'' შევარდნაძის ორი განცხადება


ზვიად გამსახურდიაზე ამბობენ, რომ იგი პრეზიდენტობის

დროსაც დისიდენტად რჩებოდა. საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტზე კი თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პატარა ქვეყანაში ჩამოსვლისა და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგაც კი, მასში კვლავაც ძალუმად განაგრძობს არსებობას დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰიპოსტასი. ზოგჯერ, უბრალოდ, ძნელიც კია ერთმანეთისგან განასხვავო შევარდნაძე პრეზიდენტი და შევარდნაძე - საერთაშორისო საქმეთა ექსპერტი. მაგრამ ამ ფენომენზე ლაპარაკი პოლიტიკის ექსპერტთა საქმეა, ჩვენ კი მხოლოდ იმის გაანალიზებას შევეცდებით, თუ რატომ დაემთხვა ერთმანეთს "ერაყის რეჟიმის დასჯის" შესახებ გაკეთებული განცხადება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახალი ვადის გამოცხადება - ნატოში გაწევრიანებისა, რაც, შევარდნაძის რწმენით, სულ რაღაც 2-3 წლის საქმეა.

22 ნოემბერს ნატოს პრაღის სამიტზე ედუარდ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განაცხადის შემდეგ საქართველოში არ წყდება ვარაუდები თემაზე, თუ როდის შეიძლება გახდეს ქვეყნა ნატოს წევრი. უფრო ხშირად ამ თემით სპეკულირებას, რაც ძალიან წააგავს ყავაზე მკითხაობას, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღიდან ამ სურვილის საჯაროდ განცხადებისა, სხვადასხვა ვადებს ასახელებს.
თუ, თავდაპირველად, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, სახელმწიფო კანცელარია და უშიშროების საბჭო ნატოში გაწევრიანებას 4-5 წლის შემდეგ ვარაუდობდა, წინა კვირას იმერეთში სამოგზაუროდ მყოფმა პრეზიდენტმა ნატომდე მანძილი შეამოკლა და გაწევრიანების ოფიციალურ ვადად 3 წელი დაასახელა.

თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამ სასიცოცხლო არჩევანისადმი სახელისუფლებო ინსტიტუტების სერიოზული დამოკიდებულება ყველაზე უკეთესად სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული თავდაცვის ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტში ნატოს პროგრამებში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული თანხების სიდიდით გამოიხატება. საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის თქმით, თანხების სიმცირის გამო, შარშან საქართველომ პარტნიორობის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობაზე იძულებით თქვა უარი.

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "ჩავარდნები ბევრი იყო, ჩვენ იძულებულები ვიყავით, ამოგვერჩია მხოლოდ ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც მთლიანად იყო დაფინანსებული მონაწილეობა. მაგრამ ეს არ არის იდეალური ვარიანტი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იყო კურსები და სხვა ღონისძიებები, სადაც რაღაც ნაწილი ჩვენ უნდა გაგვეღო, მაგრამ ჩვენ ნულზე ვიჯექით. კი, დავხარჯეთ 1 მილიონი ლარი PFP("პარტნიორობა მშვიდობისათვის" კ.ლ) პროგრამაზე, მაგრამ ეს დაიხარჯა მთლიანად "ბესთ ეფორტის" სწავლებაზე." [სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წელს თავდაცვითი ხარჯები თითქმის ასი პროცენტით გაზარდა, მაგრამ ამ ასიგნებათა ყველაზე მოზრდილი ნაჭერი - დაახლოებით, 20 მილიონი ლარი - მხოლოდ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ქართული ბატალიონების შრომით ანაზღაურებას და საყოფაცხოვრებო ხარჯებს უნდა მოხმარდეს. თუმცა ნატოსკენ კურსის აღება პარტნიორობის საკოორდინაციო უჯრედმა ოფიციალურ დავალებად ჩათვალა და წელს ახალი ბიუჯეტი მოითხოვა.

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] " ამ წელიწადს საქართველომ რომ მიიღოს მონაწილეობა მაქსიმალურად "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის მიმართულებით და, ამის გარდა, უკვე შეიძლება, ამ წლის მეორე ნახევარში გაიგზავნოს ერთი ან ორი ოფიცერი სხვადასხვა ნატოს მიმართულებების სარდლობებში ორწლიანი სამსახურის გავლისთვის, ანუ ეს უკვე აჩვენებს სერიოზულ მიდგომას საქართველოსთვის, ჩვენ დავთვალეთ, რომ მაქსიმუმ დაგვჭირდება მილიონ შვიდასი ათასი ლარი."[სტილი დაცულია]

ჯერჯერობით ნატოსთან საკოორდინაციო თანამშრომლობის შტაბს არა აქვს ინფორმაცია, თუ მოთხოვნილი თანხიდან რა დარჩა დამტკიცებულ ბიუჯეტში. მაგრამ ამ თანხის სრულად მიღების შემთხვევაშიც კი, ალიანსის მიერ დადგენილი პროცედურები, რაც ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის სჭირდება, უცვლელი დარჩება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა"(IPP), სავალდებულო ორწლიანი ფაზა, რომელიც საქართველოს ყველა სამინისტრომ უნდა გაიაროს. ამ სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა შესრულების შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების პირობებში ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება, საქართველოს უფლება მიეცემა ჩაერთოს "გაწევრიანების პროგრამაში"(MAP), რასაც კიდევ, მინიმუმ, ორი წელი დასჭირდება.

ბუნებრივია, ყოველივე ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ შევარდნაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების პროცედურებს 2-3 წელიწადში დაასრულებს. თანაც, როგორც თავად ამბობს, ასეთ დასკვნამდე საქართველოს პრეზიდენტი დასავლელ კოლეგებთან კონსულტაციებმა მიიყვანა. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა და ერაყის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისმიერ მოქმედებას საჯაროდ დაუჭირა მხარი.

პატარა ქვეყნის ლიდერ ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც დიდი საერთაშორისო პოლიტიკის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია, ამერიკის ადმინისტრაციის მხარდამჭერი ასეთი განცხადებები ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. გავიხსენოთ მისი რეაქცია ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან გამოსვლისა თუ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მაშინ, როცა სხვა არაერთი დიდ ქვეყნის ლიდერი თავს იკავებდა ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან. შევარდნაძე, რომელიც უძლურია საკუთარ ქვეყანაში, რომელიმე პატარა უწყების წურბელა მინისტრის სავარძელს ჩამოაშოროს, კარგად იცნობს საერთაშორისო კონიუნქტურას და ამას მისი ქვეყნისთვის კარგი დივიდენდები მოაქვს. ამერიკა ხომ ყოველწლიურად ზრდის როგორც პირდაპირ სამხედრო დახმარებას, ისე დახმარებებს საგარეო სამხედრო დაფინანსებისა FMF და საერთაშორისო სამხედრო განათლების IMET მიმართულებებით. ცნობილია, რომ 2004 წლის ბიუჯეტში, რომლის პროექტი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 3 თებერვალს წარადგინა, თეთრმა სახლმა მომავალ წელს საქართველოს დახმარებისთვის მოითხოვა 75 მილიონი დოლარი, რაც ბევრად აღემატება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილ დახმარებებს.

ბუნებრივია, ამ თანხის დამტკიცების შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძეს მეტი საფუძველი ექნება ოპტიმისტურად ილაპარაკოს თავისი ქვეყნის პერსპექტივაზე და, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის პარალელურად, თითებზე ითვალოს ნატოში გაწევრიანებამდე დარჩენილი დროც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG