Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყთან ომის შემდგომ ვაშინგტონის სტრატეგიის შესახებ


ვაშინგტონში მზადდება ერაყის ომის შემგომი მოწყობის გეგმა. ის ითვალისწინებს წელიწად- ნახევრიან სამხედრო ოკუპაციას და ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას. მაგრამ, სხვათა შორის,

ჩნდება კითხვა, ვინ უნდა შექმნას ეს ადმინისტრაცია - გაერომ თუ შეერთებულმა შტატებმა? ცნობილი გახდა, რომ არსებობს გეგმა გარდამავალი მთავრობის შესახებ, რომელმაც ოკუპაციასა და საბოლოო ხელისუფლებას შორის უნდა მართოს ერაყი.

ერაყში ომის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ საიდუმლო აღარ არის, რომ სადამ ჰუსეინის შემდგომი პერიოდის ერაყის მართვის გეგმა დგება. ამის თაობაზე ვაშინგტონი არაფერს ამბობს: მასმედიის გზით ვრცელდება ინფომაცია, რომელიც გაიჟონება ხოლმე ინკოგნიტო ოფიციალური პირების მეშვეობით. დღეს არსებული მონაცემებით, ვაშინგტონს სტრატეგია გადაწყვეტილი აქვს. "ნიუ- იორკ ტაიმსი" იანვარში წერდა, რომ ერაყს ომის შემდგომ, აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციასთან ერთად, სამოქალაქო მთავრობა უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციით, სამხედრო მეთაური უშიშროების სფეროს სრული გამგებელი იქნება, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ბრძოლა. სამოქალაქო ადმინისტრაცია კი ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სფეროებით დაკავდება. საკითხავი ის არის, თუ ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ეს სამოქალაქო ადმინისტრაცია - გაერომ თუ შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონის კატოს კვლევითი ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ექსპერტის ტედ კარპენტერის ვარაუდით, ვაშინგტონში ახლა უთანხმოება უნდა იყოს იმის თაობაზე, ვინ ჩაუყენონ სათავეში სამოქალაქო ადმინისტრაციას ისე, რომ მას ამერიკის მარიონეტობას არ აბრალებდნენ. [კარპენტერის ხმა] "ვაშინგტონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას სჭირდება დემოკრატის რეპუტაციის მქონე პიროვნება, რომელიც არ იქნება სადამის რბილი ვარიანტი, სხვა სიტყვებით, არ იქნება ბაღდადის კორუმპირებული ელიტის წარმომადგენელი, რომელიც ერაყში მოღვაწეობდა ბაათის პარტიის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ". კარპენტერს ესმის პრობლემის სირთულე. [კარპენტერის ხმა]
"არ არის იოლი ისეთი ვინმეს პოვნა, ვინც ვაშინგტონის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და ვისაც, ამავე დროს, ერაყელი ხალხის ლიდერის მონაცემებიც ექნება. ვაშინგტონს სიფრთხილე მართებს არ შეაჩეროს არჩევანი მოღალატეზე, რომელიც შეერთებული შტატბის მარიონეტად იქნება მიჩნეული".

პენტაგონის აზრით, ერაყის გარდამავალ მთავრობას ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. ამ დროს კი, ოპოზიცია გახლეჩილია, თუმცა ის ერაყის ნაციონალური ფრონტის სახელით გამოდის. ამიტომაც მიიჩნევს აშშ-ის ადმინისტრაცია ოპოზიციას სუსტად იმისათვის, რომ ქვეყანა ეფექტიანად მართოს.
ერაყის ოპოზიციას, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, უჭირს საერთო ლიდერის ყოლა და არც წამოაყენებს რომელიმე პოლიტიკოსის კანდიდატურას, როგორც, მაგალითად, ავღანეთში კარზაის შემთხვევაში მოხდა. ასახელებენ მაგალითად, აჰმედ ჩალაბის. მან განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო, ბანკირის პროფესიას დაეუფლა და პენტაგონისა და ერთი-ორი ამერიკელი კანონმდებლის ფავორიტია. მეორე ფიგურაა ერაყის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ადნან პაჩაჩი. მიმომხილველების აზრით, ეს კანდიდატები თავს არიდებენ საჯაროდ გამოაცხადონ სურვილი, იყვნენ გარდამავალი მთავრობის ლიდერები, რადგან მათ ოპოზიციური მოძრაობის მოჩვენებითი ერთიანობის შენარჩუნება სურთ. ლონდონში გამომავალ "ირაკი ფაილს" სათავეში უდგას ღასან ალ ატიაჰი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც ამბობს, რომ ეს ლიდერები მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ და არა ერაყელ ხალხზე.
ალ ატიაჰი განაგრძობს [ალ ატიაჰის ხმა]: "თუკი ჩვენ რამით ვჯობივართ სადამის რეჟიმს, ხალხს, სულ მცირე, უნდა დავანახვოთ, რომ მხოლოდ შუამავლები ვართ. ყველაზე უკეთესი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ შევქმნათ გუნდი, რომელიც ერაყის დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლას შეუწყობს ხელს - გუნდი, რომელიც გააერთიანებს ქურთებს, არაბ შიიტებს, სუნიტებს, სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას".


არ არის ცნობილი, ასევე, თუ ვის შეეძლებოდა ერაყში მცხოვრებთაგან ეკისრა გარდამავალი მთავრობის ლიდერობა. ასეთი პიროვნება ან მაშინ გამოვლინდება, თუ სადამის წინააღმდეგ ამხედრდება, ან კიდევ უკვე ომის შემდგომ. ამის გამოა, რომ ვაშინგტონი არ ცდილობს ომამდე გარდამავლი მთავრობა გამოაცხადოს, რასაც ასე სთხოვს ერაყის ოპოზიცია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG