Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ინსპექტორები სუსტმა ოპტიმიზმმა შეიპყრო


გასულ შაბათ-კვირას ერაყში გაეროს ინსპექტორების მუშაობის შედეგს ყველა მოუთმენლად ელის. თუმცა, უკვე გამოიკვეთა ერთი, რომ პარასკევისთვის დაგეგმილი მოხსენება, რომელსაც გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელები

- ჰანს ბლიქსი და მუჰამედ ელ-ბარადეი წარუდგენენ უშიშროების საბჭოს, არ შეიტანს გარდამტეხ ცვლილებებს ერაყის კრიზისის დაძლევის გზაზე, არამედ უფრო პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

10 თებერვალს გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელებმა ჰანს ბლიქსმა და მუჰამედ ელ-ბარადეიმ მორიგი მისიის შემდეგ ბაღდადი დატოვეს. გასულ შაბათ-კვირას მათ ერაყის ხელისუფლებისგან იქ არსებული იარაღის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია მიიღეს. პარასკევს, 14 თებერვალს ბლიქსმა და ელბარადეიმ გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის შესახებ ახალი ანგარიში უნდა წარუდგინონ. გაეროს ატომური იარაღის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ორშაბათს ბაღდადიდან გამგზავრებამდე ასე შეაფასა ბოლო ვიზიტის შედეგები:

[ელ-ბარადეის ხმა] 021005
"ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვტოვებთ აქაურობას და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე დღეში კონკრეტული მოქმედების მოწმეებიც გავხდებით".

ბლიქმსაც და ელ-ბარადეიმაც ერაყის საქციელი თანამშრომლობისკენ შემობრუნების დასაწყისად აღიქვეს, თუმცა, ბაღდადში ყოფნისას ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მათგან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით სწრაფ და არსებით პროგრესს ელიან.

ამ ეტაპზე ინსპექციის მიერ დასმული ორი საკითხი გადაუჭრელი რჩება: პირველი - ჯერ კიდევ გაურკვეველია დაუშვებს თუ არა ერაყი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის _ "იუ-თუ"-ს ფრენას ქვეყნის ჩრდილოეთში, ფრენისთვის აკრძალულ ზონაში და მეორე _ გამოსცემს თუ არა ერაყის ხელისუფლება მასობრივი განადგურების იარაღის ამკრძალავ კანონს. სადამ ჰუსეინის მრჩეველმა ამირ ალ-საადიმ განაცხადა, რომ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის ფრენის საკითხი პარასკევამდე შეიძლება გადაწყდეს. საკუთარი მოსაზრება კი ასე ჩამოაყალიბა:

[ალ საადის ხმა]
"ერაყს აღნიშნულ საკითხებზე ბარიერები არ შეუქმნია. ცალკე საკითხია საჯაშუშო თვითმფრინავი _ "იუ-თუ", ვინაიდან ის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, სახელმწიფოს, რომელიც "ხელს აწერს" ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რაც თავისთავად 1441-ე რეზოლუციის დარღვევას ნიშნავს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერაყის ტერიტორიაზე "იუ-თუ-ს ფრენის დროს ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა არანაირი აგრესია არ განახორციელონ."



ერაყმა ინსპექტორებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც ანტრაქსს, მომწამლავ გაზსა და 150 კილომეტრზე შორი მოქმედების ნაღმებს შეეხება. ყველა ამ დოკუმენტის სარწმუნოობის დასადგენად მათი დეტალურად შესწავლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ გაირკვეს მართლაც გაანადგურა, თუ არა ერაყმა ჩამოთვლილი იარაღი, როგორც ეს ქაღალდზეა მოცემული. "მოხარული ვართ დოკუმენტების მიღებით, თუმცა მათში არ არის სრულყოფილი პასუხი ყველა კითხვაზე", - განაცხადა ჰანს ბლიქსმა ერაყის მიერ წარმოდგენილ მასალებზე.

დოკუმენტაციის წარდგენის გარდა, ერაყის ხელისუფლებამ გასულ შაბათ-კვირას ნება დართო ინსპექტორებს ერაყის ოფიციალური წარმომადგენლის დაუსწრებლად გასაუბრებოდნენ ერაყელ მეცნიერებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერაყის იარაღის პროგრამებში მონაწილეობენ. გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა არც მეცნიერებთან პირისპირ საუბარზე ნებართვა ჩათვალა დიდ წარმატებად: ხუთშაბათიდან მოყოლებული გაეროს მიერ მოთხოვნილი ხუთი მეცნიერიდან მხოლოდ სამმა განაცხადა თანხმობა ინსპექტორებთან შეხვედრაზე.

ამას გარდა, კვირას ინსპექტორებმა ერაყში აღმოაჩინეს ქიმიური იარაღის კიდევ ერთი ცარიელი ჭურვი, რომლის მსგავსიც დღემდე 18-ია აღმოჩენილი. ერაყელმა გენერალმა ალ-საადიმ ამის თაობაზე განაცხადა და ახალი დოკუმენტიც დაიმოწმა, რომ 1999 წელს კვლევებისა და შემდგომი განვითარებისთვის 20 ქობინა აწარმოეს, რომელთაგან ორი განადგურებულია.

ჰანს ბლიქსმა თავი შეიკავა პარასკევისთვის დაგეგმილი მოხსენების ძირითად მიმართულებებზე საუბრისგან. მუჰამედ ელ-ბარადეიმ კი განაცხადა, რომ მას შედმეგ, რაც ბაღდადთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნა, უშიშროების საბჭო მხარს დაუჭერს ინსპექციის პროცესის გაგრძელებას.

მიუხედავად ლონდონისა და ვაშინგტონის კატეგორიულობისა, რომლებიც ერაყის ანგარიშგასაწევ შემობრუნებად მხოლოდ მის სრულ და დაუყოვნებლივ განიარაღებას მიიჩნევენ, უშიშროების საბჭო ამჯერადაც ინსპექციის გაგრძელებას დაუჭერს მხარს. მითუმეტეს, რომ ამ პოზიციას ემხრობა საბჭოს სამი მუდმივი წევრი საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG