Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იქმნება დღის მთავარი თემა


იანვრის ბოლოს ერთ-ერთ რიგით სიუჟეტში სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამა "კურიერმა" საზოგადოებას შეახსენა კანცელარიის რეორგანიზაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც,

სახელმწიფო მინისტრის უფლებები არსებითად ფართოვდებოდა. მაგალითად, ამ პროექტის მიხედვით, უშიშროების საბჭო უნდა დაქვემდებარებოდა არა პრეზიდენტს, არამედ - სახელმწიფო მინისტრს. სიუჟეტში ითქვა, რომ ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად დაიწუნა ავთანდილ ჯორბენაძის მიერ მომზადებული პროექტი. მაგრამ რატომღაც სიუჟეტის ავტორს არ განუმარტავს, რომ ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა და არც ის აუხსნია, რატომ გაიხსენა "კურიერმა" პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ძველი კონფლიქტი ერთი წლის შემდეგ.

მინდა ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე გიამბოთ, როგორ და რისთვის შეიძლება შეიქმნას ხელოვნურად ეგრეთ წოდებული "მთავარი თემა".

ზემოთ ხსენებული სიუჟეტიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა: სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები იკრიბებიან და ქვეყნისთვის საშიშ გეგმებს აწყობენო. მეორე დღეს "კურიერმა" ამ ბუნდოვან თემას ცალკე სიუჟეტი მიუძღვნა: კონკრეტულად, ვინ იკრიბება და რას გეგმავს. თურმე ავთანდილ ჯორბენაძე, ძალოვანებთან ერთად, შეთქმულებას უწყობს პრეზიდენტს. თემასთან დაკავშირებით მსუბუქი კომენტარები გააკეთეს ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ. მომდევნო დღეს ამ თემაზე პრესკონფერენცია მოიწვია ლევან გაჩეჩილაძემ, რაც აგრეთვე საფუძვლიანად გაშუქდა. ამის შემდეგ "კურიერმა" კომენტარი სთხოვა ნარჩემაშვილს და ხაბურძანიას. "ღამის კურიერის" ეთერში კი ამავე თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ მოიწვიეს კობა ნარჩემაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე. "კურიერის" სამდღიანი მუშაკობის შედეგად, "შეთქმულების" თემა არათუ დღის, არამედ კვირის მთავარ პოლიტიკურ თემად გადაიქცა და იგი ყველა საინფორმაციო საშუალებამ აიტაცა. პრეზიდენტმა კი გენერალურ პროკურორს საქმის გამოძიება დაავალა.

რა მოხდა სინამდვილეში? პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ სავარაუდო შეთქმულების შესახებ ზუსტად არავინ არაფერი იცოდა და ვერავინ ვერაფერს ადასტურებდა. არც ერთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ აზრს პატივს სცემენ, სახელისუფლო შეთქმულების თემა, რომელიც არაფრით და ვერაფრით დასტურდება, ერთი "ნიუსის" საფუძვლადაც კი არ გამოდგება. სამაგიეროდ, ჩვენს რეალობაში ამ უსაფუძვლო თემის გავრცობას ხელი შეუწყო თავად პრეზიდენტმა, რომელმაც საკითხს საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიანიჭა.

კარგად თუ დავაკვირდებით, შეთქმულების თემა საგანგებოდ გათვლილი "Pღ ტექნოლოგიით" ხელოვნურად აგორდა. შედეგად, დაზარალდა ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამიერიდან და სამარადჟამოდ ეჭვმიტანილია პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში. ამ ეჭვს არც გააქარწყლებენ, არც დაადასტურებენ, რაც ჯორბენაძეს აიძულებს, მუდმივი მორჩილებით დაუმტკიცოს პრეზიდენტს ერთგულება. შესაბამისად, "შეთქმულების" თემა მეტად მომგებიანი აღმოჩნდა როგორც ოპოზიციისთვის, ისე პრეზიდენტისთვის, ანუ იმ ძალებისთვის, რომლებსაც კარგა ხანია აღიზიანებთ ჯორბენაძის აქტიურობა. გამოვიდა, რომ სახელმწიფო მინისტრის წინააღმდეგ შეთანხმებულად და წარმატებით იმუშავეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურმა. ამის შემდეგ გასაგები ხდება, რატომ შეახსენეს საზოგადოებას ჯორბენაძის ძველი ურჩობა პრეზიდენტის მიმართ, ვიდრე ახალი ურჩობის შესახებ უამბობდნენ.
XS
SM
MD
LG