Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით შეიძლება დაეხმაროს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს და ანტიერაყულ კოალიციას?


ერაყის რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო ომში მორალური მხარდაჭერის გამოხატვის შემდეგ საქართველოში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საჭიროების შემთხვევაში,

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, გარკვეულ ფიზიკურ დახმარებასაც შესთავაზებს. ლაპარაკია, პირველ ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო აეროდრომებზე, რომელთა გამოყენების უფლება ამერიკულ სარდლობას ჯერ კიდევ ავღანეთში მიმდინარე საჰაერო ოპერაციის დროს ჰქონდა. მით უფრო, რომ ერაყის ირგვლივ მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჯერად ქართულ სამხედრო აეროდრომებს, შესაძლოა, მართლა დაედოთ ფასი.


ერაყის წინააღმდეგ საომარი გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, ამერიკის ადმინისტრაციას დამატებითი ძალების განლაგება საქართველოშიც რომ მოუწევდა, ვარაუდები ამის შესახებ საქართველოსა და დასავლეთის პრესაში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოითქვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები მიუთითებდნენ ორ გარემოებაზე: გეოგრაფიულ სიახლოვეზე ერაყთან და სამხრეთ საქართველოს სტრატეგიულ სამხედრო კავშირებზე თურქეთის რესპუბლიკასთან, რომელიც ამერიკისა და მისი მოკავშირეების ავიაციის მთავარ პლაცდარმად მიიჩნევა. თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულია სამი მნიშვნელოვანი - მარნეულის, ვაზიანისა და შირაქის - სამხედრო აეროდრომი, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს ოპერატიულად შეუძლიათ ცოცხალი ძალის, სამხედრო ტვირთის ან ტყვია-წამლის გადაზიდვა ჩრდილოეთ ერაყში.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ უპრეცედენტოდ ღიად დაუჭირა მხარი ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციას ომის სამზადისში, სამხედრო აეროდრომების თემამ ახალი დატვირთვა მიიღო. თანაც, საინტერესოა აღინიშნოს, რომ სპეციალისტებმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიიდან შარშან ზაფხულში სპეციალური ქიმიური და რადიოაქტიური შემოწმება ჩაატარეს შირაქისა და თელავის სამხედრო აეროდრომებზე. მაგრამ შედის თუ არა პენტაგონის გეგმებში საქართველოს საჰაერო სივრცისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურების გამოყენება, ჯერჯერობით უცნობი რჩება. ამ საკითხის დაზუსტება ქართველმა ჟურნალისტებმა 10 თებერვალს, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტეფან რედემეიკერის ვიზიტის დროს, სცადეს, მაგრამ შეიარაღებაზე კონტროლის დარგში კოლინ პაუელის მოადგილემ განაცხადა, ეს საკითხი პენტაგონის კომპეტენციაში შედისო.

გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ერაყის საკითხში ევროპაში თავის ტრადიციულ მოკავშირეებს კარგავს, ამერიკას ახალი მოკავშირეების დახმარება, შესაძლოა, ცოცხალი ძალის სახითაც დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელ კოლეგას ედუარდ შევარდნაძემ დახმარება ქართველი "კომანდოსების" სახითაც შესთავაზოს. ასეთი ვარაუდი, რადიო "თავისუფლებასან" საუბარში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემაც დაადასტურა.

[თედო ჯაფარიძის ხმა] "იცით, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენ, ალბათ, მათ გამოვიყენებთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში ქვეყნის შიგნით, თუ ეს საჭირო იქნება და, თუ ამის საჭიროება დადგება, მზადყოფნა იქნება, გამოვიყენოთ ეს შენაერთები საერთაშორისო ასპარეზზეც." [სტილი დაცულია]

ამერიკის სამხედრო უწყება სერიოზულად რომ აკვირდება "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობას, ამას მიუნხენში ყოფნის დროს პენტაგონის შეფის დონალდ რამსფელდის შეფასებაც ცხადყოფს. 8 თებერვალს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პენტაგონის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გააცნო ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "იგი განსაკუთრებით კმაყოფილია პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და დისციპლინით, რასაც პროგრამაში ჩართული ქართველი ჯარისკაცები ამჟღავნებენ და დარწმუნებულია, რომ ამ ქვედანაყოფებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG