Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის შესახებ


საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის 3 კაციანი ჯგუფის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება. მონიტორთა სტუმრობის მთავარი მიზანი ერთგვარი „რევიზიაა" იმისა, თუ რამდენად ასრულებს საქართველო

ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდებულებებს და რეკომენდაციებს. მონიტორინგის ამჟამინდელი მისია, ძირითადად, საარჩევნო სისტემითა და არჩევნების დროს მომხდარი დარღვევებითაა დაინტერესებული.

საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი გაუგებრობით ჯერ კიდევ 11 თებერვალს თბილისის აეროპორტში დაიწყო, როდესაც დელეგაციის წევრებმა და მათმა ქართველმა მასპინძლებმა ერთმანეთი ვერ იპოვეს. ხოლო 13 თებერვალს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრისას დელეგაციის ხელმძღვანელმა მეტიას ეორისმა სხვა, უფრო საფუძვლიანი, გაუგებრობების გამო აღშფოთება ვერ დამალა და განაცხადა, რომ, რაც უფრო ხშირად ჩამოდის საქართველოში, მით უფრო უჭირს გაიგოს, რა ხდება ამ ქვეყანაში. ამ განცხადებების შემდეგ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

მანამდე კი ევროსაბჭოს მონიტორინგის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებს, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც ჩანს, გაურკვევლობის გრძნობა ამ მოლაპარაკებათა შემდეგ იმდენად გაღრმავდა, რომ თავშეკავებულობით გამორჩეულმა მონიტორებმა უკმაყოფილება ვეღარ დაფარეს და ავთანდილ ჯორბენაძეს განუცხადეს, 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად იყო ორგანიზებულიო.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელენე თევდორაძე მონიტორების ჩამოსვლის პირველ დღეს ვარაუდს გამოთქვამდა, რომ, მათი ანგარიშის საფუძველზე, შეიძლება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი დადგეს. 13 თებერვალს კი ელენე თევდორაძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში, აი, რა განაცხადა:

[ელენე თევდორაძის ხმა] „მე უკვე ვიცი მათი შეფასება, ჩემთვის უკვე გასაგებია, მაგრამ მე, როგორც მონიტორინგის კომიტეტის წევრს, რომელმაც კარგად იცის რეგლამენტი, არ მაქვს უფლება ვილაპარაკო, რა მოხდება მათი ვიზიტის შემდეგ."

ელენე თევდორაძის თქმით, ექსპერტები ადგილობრივი არჩევნებისდროინდელი დარღვევებით დაინტერესდნენ. მოიკითხეს, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევების სხვა ფაქტები და საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიულობის ხარისხი.

[ელენე თევდორაძის ხმა] „მე გავაკეთე აქცენტი ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკურ ფაქტებზე. ძალიან ბევრი ფაქტები იყო, როდესაც შეიარაღებული შედიოდნენ უბნებში, რუსთავის გზატკეცილზე რაც მოხდა, ზუგდიდში რაც მოხდა, ბოლო არჩევნები რუსთავში... „[სტილი დაცულია]

ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, რადგან საქართველოში საარჩევნო კანონის დარღვევას და არჩევნებზე ძალადობას ბოლო 7-8 წლის მანძილზე ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ევროსაბჭო ბოლო დრომდე ქართული არჩევნების შეფასებისას მხოლოდ მსუბუქი შენიშვნებით გამოდიოდა ხოლმე. სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის შანსის მიცემის მიზნით კეთდებოდა. ახლა კი ამ შანსის გამოუყენებლობისთვის პასუხისმგებლობის დრო დგება.

თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერს თინათინ ხიდაშელს არ ჰგონია, არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების გამო, საქმე საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვამდე მივიდეს. ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის შემდეგი, უფრო ხანგრძლივი, ვიზიტი ზაფხულისთვის იგეგმება. სავარაუდოა, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაირკვევეს უფრო ნათლად, როგორი იქნება საქართველოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
XS
SM
MD
LG