Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სპეციალისტები ქართველ ოფიცრებს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას ასწავლიან


ნატოს სისტემაზე სტრუქტურების გადასვლის პარალელურად, საქართველოს სამხედრო უწყებაში საშტაბო ოფიცერთა ინტენსიური გადამზადების პროცესი გრძელდება.

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალთა წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ პოლ სკვარკას ხელმძღვანელობით, თბილისში მესამე დღეა იმყოფება ნატოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სახეობის ჯარების მაღალი რანგის ქართველ ოფიცრებს საწვრთნელი სწავლებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებას შეასწავლის. სემინარზე აქცენტი კეთდება ლოგისტიკის სამსახურების მუშაობასა და საქართველოს სამხედრო ძალების ყველაზე მგრძნობიარე პრობლემაზე - რესურსების მართვაზე. თუმცა ყაირათიანობა ჯერჯერობით უცხო ხილია ქართული სამხედრო ცხოვრებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ოთხშაბათ საღამოს ვაზიანის სამხედრო პროკურორმა დიდი ოდენობით ქონების დატაცების ფაქტზე შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი საწყობის უფროსი დააკავა.


ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამებში 7 წლიანმა მონაწილეობამ საქართველოს სამხედრო სისტემა ძნელად, მაგრამ მაინც მიუახლოვა იმ მიჯნას, რომლის შემდეგაც, არსებითად, უკვე შეიძლება ფიქრი თავსებადობის გაღრმავებაზე. ის კი არა, ქართველი ოფიცრები დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ, ნატოს სტანდარტების მიხედვით, სამხედრო ოპერაცია თუ არა, ცალკეული სწავლება მაინც დამოუკიდებლად ჩაატარონ. ამასთან დაკავშირებით, ისინი იხსენებენ ფიჩხოვანის შარშანდელ მანევრებს, რომელშიც 1200 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ღებულობდა მონაწილეობას და ბევრი ელემენტი, მართლაც, უპასუხებდა დასავლური სტანდარტების მოთხოვნას. ნატოს სამხრეთი მიმართულების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელი, ამერიკელი ვიცე-პოლკოვნიკი პოლ სკვარკვა არ უარყოფს, რომ ქართველ ოფიცრებს მართლაც აქვთ ოპერაციების მართვის გამოცდილება, მაგრამ ეს ცოდნა მხოლოდ ოფიცერთა მცირე ნაწილს აქვს, რაც საკმარისი არ არის ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანასთან ერთად საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად.

[პოლ სკვარკას ხმა] "რა თქმა უნდა, მათ აქვთ ოსტატობა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ვუჩვენოთ მათ სხვა გზა, ოპერაციათა ისეთი დაგეგმარების ყველა წვრილმანი, როგორიც ნატოშია მიღებული. ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს ქართველი ოფიცრების გამოცდილებას და ნატოს სტრუქტურებში ინტეგრირებას გაუიოლებს."

"გზის გასაიოლებლად" ნატოელმა ექსპერტებმა უხვად ჩამოიტანეს საპრეზენტაციო მასალა და, საქართველოს გარკვეული რეგიონის მაგალითზე, ბატალიონისა და ბრიგადის დონის ვირტუალური სწავლების ჩატარებაშიც წაივარჯიშეს. ქართველმა ოფიცრებმა, როგორც თავაზიან მასპინძლებს სჩვევიათ, განაცხადეს, რომ სემინარები მნიშვნელოვანია და საჭირო გამოცდილებას იძლევა. თუმცა ოქმის გარეთ საუბარში არც ის დაუმალავთ, რომ ნატოს სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით სწავლების ჩატარებას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში სამხედრო სწავლებისთვის გამოყოფილი თანხა კი მხოლოდ რამდენიმე საკამანდო-საშტაბო თამაშობის ჩატარებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ცალკე პრობლემაა იმ მატერიალური რესურსების მიზნობრივი გამოყენება, რასაც ან მეგობარი ქვეყნები აძლევენ საჩუქრად საქართველოს არმიას ან მწირი საბიუჯეტო თანხებით შეიძინება. ოთხშაბათ საღამოს ვაზიანის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ვაზიანის საარტილერიო პოლკის სანივთე საწყობის უფროსი, რომელიც 10 000 ლარის ღირებულების სანივთე ქონების - მათ შორის, სამხედრო ფორმის ლაბადებისა და ჯავშანჟილეტების - გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. მომხდარ ფაქტზე მთავარმა სამხედრო პროკურატურამ უკვე აღძრა გაფლანგვის მუხლით სისხლის სამართლის საქმე, რაც 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა წელს ეს უკვე სამეურნეო დანაშაულის მესამე შემთხვევაა ვაზიანის ბაზაში. საერთოდ კი, სამხედრო ქონების განიავებით გამოწვეული ზარალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რამდენიმე ასეულ ათას ლარს აღემატება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG