Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის სამდღიანი ვიზიტი თბილისში


საქართველოს ვალდებულებები ევროსაბჭოს მიმართ შემდეგი ძირითადი საკითხებით შემოიფარგლება: დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება,

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა, ეგრეთ წოდებული "თურქი მესხების" დეპორტაცია და ეროვნული უმცირესობების შესახებ ჩარჩო კონვენციის მომზადება. შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ვალდებულებათა შესრულება ძალიან ნელი ტემპით, მთელ რიგ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახებით მიმდინარეობს და ევროსაბჭოს ექსპერტების არადამაკმაყოფილებელ შეფასებას იმსახურებს. ამჯერად ევროსაბჭოს მონიტორინგის სამკაციანი დელეგაცია თბილისში, ძირითადად, საარჩევნო კანონით, რელიგიურ უმცირესობათა შევიწროებისა და ძალადობის დაუსჯელობის ფაქტებით დაინტერესდა.

[მათეას მორის ხმა]"საქართველოს მთავრობასა და ევროსაბჭოს შორის ურთიერთობა კარგია, მაგრამ საქართველომ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. მის ნაცვლად ამას სხვა ვერავინ გააკეთებს."

ევროსაბჭოს მიერ მიცემული საშინაო დავალების შესრულების ჩქაროსნულ ვადად ევროსაბჭოს მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა მათეას მორმა საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს უახლოესი 4 თვე მოუნიშნა. ვადა ეხება ევროსაბჭოს მიმართ აღებული ვალდებულებებიდან ძირითადს - საარჩევნო კანონმდებლობას, რომელმაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაცია ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კოორდინაციისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, ივნისში, ისევ ჩამოვა იმის შესამოწმებლად,შეიქმნა თუ არა საარჩევნო კოდექსი და დაკომპლექტდა თუ არა ნეიტრალური საარჩევნო კომისია. სწორედ ივნისის მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეიქმნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარსადგენი რაპორტი, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს ევროსაბჭოში ყოფნა-არყოფნის ბედიც კი გადაწყვიტოს.

[მათეას მორის ხმა]" ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წავა განხილვა სექტემბერში. თუ ივნისისთვის არანაირი რეალური პროგრესი არ იქნება, სააარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის თვალსაზრისით, შესაძლოა, ასამბლეის ზოგიერთმა წევრმა შეიტანოს მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს სტატუსი და მისი წევრობის საკითხი ამ ორგანიზაციაში. არავის შეუძლია წინასწარ კენჭისყრის შედეგების პროგნოზირება თუ ეს საკითხი, მართლაც, დადგა."

თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებაში ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხზე გამოთქმულ სკეპტიციზმს და პოლიტიკურ რეალობას, რომელმაც ასე შეზარა ევროსაბჭოს ექსპერტები, ძნელი სავარაუდოა უახლოეს 4 თვეში მკვეთრი პროგრესი გამოიკვეთოს დემოკრატიისაკენ. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროიდან - 1999 წლიდან - დღემდე უფრო და უფრო მძიმდება ვითარება, როგორც ეგრეთ წოდებული სამართლიანი არჩევნების, ისე პოლიტიკური ბრძოლის კორექტულობის თვალსაზრისით. ასეთივე სურათია ადამიანის უფლებებისა და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის მხრივ. შესაბამისად კი, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ 1999 წლიდან განხორციელებული მონიტორინგის რაუნდებიდან ევროსაბჭოს ექსპერტებისთვის 2003 წლის თებერვლის რაუნდი ყველაზე მძიმე შთაბეჭდილებებით დასრულდა. არჩევნებამდე კი 8 თვე რჩება. ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები ადასტურებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებზე დასაკვირვებლად მათ საუკეთესო დრო შეარჩიეს.
XS
SM
MD
LG