Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალბადი ნავთობის ნაცვლად?


ამ დღეებში, როცა ერაყის ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალაპარაკო თემაა (პირველ ყოვლისა კი მათთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება ნავთობთან ერაყის კრიზისის უშუალო კავშირში),

განსაკუთრებული ელფერი შეიძინა ჯორჯ ბუშის ამასწინანდელი გამოსვლის ერთმა მონაკვეთმა. ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თანამემამულეებისადმი თავის ტრადიციულ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა მთავრობის გეგმაზე, რომლის მიზანია, დაჩქარდეს წყალბადზე მომუშავე საავტომობილო ძრავების სერიული წარმოება. ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ამ ხუთწლიან პროექტს საფუძვლად უდევს სწრაფვა, შემცირდეს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება.

იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ბუშის ადმინისტრაციის განზრახვა, ნათლად მეტყველებს თანხა, რომელსაც იგი მთავრობას ხუთწლიანი გეგმის დასაფინანსებლად სთხოვს: 1,2 მილიარდი დოლარი.

ამერიკელები ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარენ; აქედან ნახევარზე მეტი იმპორტზე მოდის. ბოლო ათწლეულის მანძილზე ნავთობის მოხმარების მოცულობა აშშ-ში განუხრელად იზრდებოდა, რასაც უდავოდ ხელი შეუწყო "შავი ოქროს" ფასის დაცემამ: ბოლო წლების მანძილზე ამერიკელთა შორის სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა მოზრდილი ავტომანქანები, რომელთაც საწვავის მოხმარების თვალსაზრისით "მადაც" შესაბამისი აქვთ. ეს კი, თავის მხრივ, განუხრელად ზრდიდა მავნე გამონაბოლქვის მოცულობას.

ასე რომ, ჯორჯ ბუშის მიერ შემოთავაზებულმა ხუთწლიანმა გეგმამ წესით გარემოს დამცველებიც უნდა გაახაროს. და არა მარტო ისინი. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელი ჯუდით კიპერი, რომელიც ნავთობისა და გეოპოლიტიკის ურთიერთკავშირის საკითხებს იკვლევს, ამბობს, რომ ბუშის წინადადებას სასიკეთო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

[ჯუდით კიპერის ხმა] "უდავოა, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რათა ამერიკელთა ცნობიერებაში ცვლილება მოხდეს; რათა დაიწყოს შესაბამისი კვლევა და, ბოლოს და ბოლოს, შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ბენზინის მოხმარებისადმი."

ჯუდით კიპერს ეჭვი ეპარება, აშშ-ის საავტომობილო და ენერგეტიკულმა კომპანიებმა დამოუკიდებლად ჩაატარონ კვლევა საწვავის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის მიზნით, მაგრამ ამერიკელი ექსპერტი დასძენს, რომ თუ საქმეს სათავეში პრეზიდენტი ჩაუდგა, ეს უდავოდ ბიძგს მისცემდა სამეცნიერო კვლევას ამ მიმართულებით.

კიპერის მოსაზრებას არ იზიარებს პატრიკ მაიკლსი, ვაშინგტონის კატოს კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. მისი აზრით, საქმეში მთავრობის ჩარევა არათუ სასიკეთოდ არ წაადგება თვისებრივად ახალი საწვავის ძიების საქმეს, არამედ პირიქით, შეაფერხებს სამეცნიერო კვლევას. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად მაიკლსი იშველიებს არცთუ შორეული წარსულის გამოცდილებას, როცა, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მთავრობა ჩაბმული იყო ჰიბრიდული ავტომანქანების სერიული წარმოების მიზნით შემუშავებულ პროექტში. პროექტში, რომელიც ბენზინისა და ელექტრონულ ძრავაზე მონაცვლეობით მომუშავე ავტომანქანების წარმოების შემზადებას ითვალისწინებდა, მთავრობასთან ერთად მონაწილეობდა სამი საავტომობილო კომპანია; მაგრამ ჰიბრიდული ავტომანქანების სერიული წარმოება ვერც ერთმა მათგანმა ვერ ააწყო. სამაგიეროდ, ეს მოახერხა იმ ორმა კომპანიამ - "ტოიოტამ" და "ჰონდამ" - რომლებიც პროექტში ჩაბმული არ ყოფილან.

საერთოდ, პატრიკ მაიკლსის აზრით, ამგვარი კვლევის ხარჯების სიმძიმე გადასახადების გადამხდელს არ უნდა აწვებოდეს ტვირთად.

[პატრიკ მაიკლსის ხმა] "რატომ უნდა ვაკისრებდეთ გადასახადების გადამხდელებს ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობას? გაცილებით უფრო სამართლიანი იქნება, ეს სახსრები გაიღონ იმ კომპანიების აქციათა მფლობელებმა და ინვესტორებმა, რომლებიც ამგვარი კვლევის რისკს გასწევენ."

როგორ უყურებენ კვლევით პროექტებში მთავრობის მონაწილეობას თვით ავტომანქანების მწარმოებლები? "ტოიოტის" ვაშინგტონელი პრესმდივანი მართა ვოსი დარწმუნებულია, რომ ჯორჯ ბუშის ზემოხსენებული გეგმა დადებითად იმოქმედებს წყალბადზე მომუშავე ისეთი ძრავის შექმნაზე, რომლის სერიული წარმოება ყველას დააკმაყოფილებს: ავტომწარმოებელსაც, მომხმარებელსაც და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გარემოს დამცველსაც.

ვოსის აზრით, კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ სახის პროექტებში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ერთიანი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება არა მხოლოდ ძრავის ტექნიკური მოქმედების სფეროში, არამედ საწვავით მისი შევსების თვალსაზრისითაც.

[მართა ფოსის ხმა] "ჩვენი აზრით, მთავრობას ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მსოფლიოში ინფრასტრუქტურასთან თუ ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული არაერთი ისეთი საკითხი არსებობს, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა არსებობდეს მდგრადი მსოფლიო ბაზარი, რომელსაც ორიენტირად გამოვიყენებდით. ასე რომ, გლობალურ თანამშრომლობას მივესალმებით."

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის ვიხილავთ აშშ-ის ან თუნდაც საქართველოს გზებზე და ქუჩებში წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანებს, ახლა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს გაცილებით უფრო მალე მოხდება, თუ სხვადასხვა ქვეყნის საავტომობილო კომპანიები და მთავრობები თავიანთ ძალისხმევას გააერთიანებენ. და მაშინ იქნებ ერაყის ნავთობიც აღარავის გაახსენდეს...
XS
SM
MD
LG