Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვაო აკვატორია - სოხუმისა და თბილისის დაპირისპირების ახალი ელემენტი


18 თებერვალს რუსეთსა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სახელმწიფო კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა

სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას. თუმცა იმ დროს, როდესაც პრეზიდენტები ერთმანეთს გადაწყვეტილებებს უქებენ, თბილისი და სოხუმი ერთმანეთს კვლავ ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან. დაპირისპირების საგანი ამჯერად გახდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, გააკონტროლოს გემების მიმოსვლა სოხუმის საზღვაო აკვატორიაში.


საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა სამიტმა 1996 წლის იანვარში აფხაზეთის მიმართ ეკონომიკური ხასიათის სანქციების განხორციელებას დაუჭირა მხარი. უფრო ზუსტად, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას, ნებისმიერი სახის გადაზიდვების შეზღუდვას ხმელეთით, ჰაერითა და წყლით.

მაგრამ ამგვარი სანქციები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და თითქმის არ ვრცელდებოდა კომერციულ ფირმებზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა მხოლოდ რუსეთის ფირმებზე, რომლებიც, ძირითადად, ციტრუსებს, კივის, თხილსა და დაფნის ფოთოლს ეზიდებიან აფხაზეთიდან. სეპარატისტულ ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, გამოირჩეოდნენ თურქეთის კერძო სტრუქტურები, რომლებიც წარმატებით ახორციელებდნენ ძვირფასი ჯიშის მერქნისა და თევზის სხვადასხვა სახეობის იმპორტს აფხაზეთიდან. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვაო აკვატორიაში რამდენიმე თურქული გემი დააკავეს. თუმცა ოფიციალური თბილისი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას ყოველთვის ერიდებოდა და გემების მეპატრონეებს ან სიმბოლურ ჯარიმას ახდევინებდა, ან თავად ქართველ მესაზღვრეებს ტუქსავდა ზედმეტი გულმოდგინების გამო.

ეს, რაც შეეხება კომერციულ რეისებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ აფხაზეთიდან ზღვით ხდება იარაღისა და ნარკოტიკების მოძრაობა. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ქართველი მესაზღვრეების მთელი ყურადღება მხოლოდ სუფსის ტერმინალის დაცვაზეა გადატანილი, მაშინ როცა, მატერიალურ- ტექნიკური პრობლემების გამო, საზღვაო აკვატორიის ყოველდღიური დაცვა ვერ ხერხდება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებაში მომწიფდა აზრი, რომ გაძლიერდეს საქართველოს სანაპირო დაცვა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ პრობლემას ეროვნული უშიშროების საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რისთვისაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დიდი ხანია ემზადება. უწყებაში მომზადებული აქვთ საფინანსო გათვლები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო აკვატორიის სრულყოფილი კონტროლი. ოფიციალური ინფორმაციით, სასაზღვრო უწყება აკვატორიის მაღალ დონეზე დაცვის ორგანიზებისთვის დამატებით 6 მილიონი ლარით დაფინანსებას ითხოვს.მაგრამ ეს თანხა სახელმწიფოს არა აქვს. სავარაუდოა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უშიშროების საბჭომ იმსჯელოს ორი - სამხედრო და საზღვაო - ფლოტის გაერთიანებაზე, რასაც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო დიდი ხანია ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას. გაერთიანებული ძალით ასეთი ამოცანის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ძალიან გაიოლდება. მით უფრო, რომ აკვატორიის დაცვას ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფოთში განლაგებული სამხედრო-საზღვაო ბრიგადის გეგმებში. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 19 თებერვალს ფოთში დაიწყო საზღვაო მანევრები, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ოპერატიული კონტროლის რეჟიმის აღდგენაა.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, სპეციალური შემოწმების გარეშე არ დაუშვას სავაჭრო გემების მიმოსვლა აფხაზეთში, თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან საპასუხო მუქარა მოჰყვა. როგორც "პრაიმ-ნიუსის" სააგენტო იუწყება, სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გენედი გაგულიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები დაცხრილავენ ყველა მცურავ საშუალებას, რომელიც აფხაზეთის აკვატორიის დაკეტვას შეეცდება.

თუმცა ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ქარიშხალს ჭიქა ზღვაში, რადგან ფოთის სამხედრო პორტში მყოფ საქართველოს კუთვნილ ხომალდებს, საწვავის უქონლობის გამო, დიდ ხანია ღუზა აქვთ ჩაშვებული ნავსადგურში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG