Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 თებერვალი - ტრაგიკული თარიღი არა მარტო საქართველოს, არამედ ჩეხოსლოვაკიის ისტორიაშიც


25 თებერვალი ტრაგიკული თარიღია საქართველოს გარდა კიდევ ერთი ქვეყნის ისტორიაში და უცნაურია, რომ ისიც კომუნისტების აღზევებას უკავშირდება! საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 27 წლის შემდეგ,

1948 წელს კომუნისტებმა ე.წ. "ცივი სახელმწიფო გადატრიალება" განახორციელეს ჩეხოსლოვაკიაში, ხელთ იგდეს მართვის სადავეები და სულ მალე ეს სახელმწიფო, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე კლემენტ გოტვალდის ხელმძღვანელობით, მოსკოვის ერთგულ სოციალისტ მოკავშირედ აქციეს. ასე დამთავრდა მწვავე კრიზისი ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში; ასე, ჩეხოსლოვაკი კომუნისტების გამარჯვებით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრემლში ჩაფიქრებული პროცესი, რომლის მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობების ამოქმედება.

რა და რატომ მოხდა 1948 წლის 25 თებერვალს ჩეხოსლოვაკიაში?

ჩეხოსლოვაკიაში გათამაშდა სცენარი, რომელიც უკვე ნაცადი იყო პოლონეთსა და უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში: ხელისუფლების სათავეში კომუნისტების ჩადგომას წინ უსწრებდა კოალიციური მთავრობის შექმნა, რის შემდეგაც, ადგილობრივი კომუნისტებისა და მათი საბჭოთა მოკავშირეების ძალისხმევით, იწყებოდა არაკომუნისტური ძალების ჩამოშორება სხვადასხვა მეთოდით - იქნებოდა ეს მათი შეყვანა პარტიულ ბლოკებში, არჩევნების გაყალბება, თუ ტერორი.

48 წლის თებერვლამდე ჩეხოსლოვაკიას კოალიციური მთავრობა მართავდა - ის 1946 წელს დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მიზნით ჩამოყალიბდა. მაგრამ მალე ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ კოალიციაში შემავალ მემარჯვენე-ცენტრისტებს, სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის უთანხმოება უფრო ღრმა იყო, ვიდრე საერთო მიზნის მიღწევის სურვილი. 1948 წელს კრიზისი უკვე აშკარად გამოიკვეთა: როცა ცნობილი გახდა, რომ კომუნისტებმა, ფაქტობრივად, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს პოლიცია და უშიშროების სამსახური, პროტესტის ნიშნად პოსტებიდან გადადგნენ მთავრობის წევრი მემარჯვენე ცენტრისტები - 12 მინისტრი. მათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

ეს მოხდა 1948 წლის 20 თებერვალს, რის შემდეგაც ყველაფერი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ედვარდ ბენეშზე იყო დამოკიდებული: თუ ის დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელი მინისტრების გადადგომას მიიღებდა, რომ იტყვიან, ბურთი და მოედანი კომუნისტებს დარჩებოდა. რა გადაწყიტა პრეზიდენტმა ბენეშმა, ამის შესახებ მოგვითხრობს ჟურნალისტი ოლგა კოპეცკა, ჩვენს რადიოში შარშან დახურული ჩეხური რედაქციის ყოფილი დირექტორი: [ოლგა კოპეცკას ხმა] "პრეზიდენტმა ბენეშმა, რომელიც დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი იყო, მაგრამ იმ პერიოდში უკვე მძიმედ ავადმყოფობდა, შეასრულა კომუნისტების მოთხოვნა და მიიღო 12 მინისტრის გადადგომა. იმავე დღეს კომუნისტებმა დიდი დემონსტრაცია გამართეს პრაღის ცენტრში, სტარომესტკას მოედანზე, სადაც კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, კლემენტ გოტვალდმა აივნიდან მიმართა შეკრებილებს. მან ხალხს ამცნო, რომ ეს-ეს არის მოვიდა პრეზიდენტის სასახლიდან და რომ პრეზიდენტმა კომუნისტების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა".

მაინც, რატომ გადადგა ედვარდ ბენეშმა ასეთი ნაბიჯი? [ოლგა კოპეცკას ხმა] "ზოგის ვარაუდით, ბენეში შიშობდა, რომ საქმეში საბჭოთა არმია ჩაერეოდა. ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ ბენეში უკვე იმდენად ცუდად გრძნობდა თავს (ის ხომ იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა), რომ დაპირისპირებას გაურბოდა. ძნელი სათქმელია … ფაქტი კი ის არის, რომ დემოკრატიული პარტიები ძალიან ცუდად იყვნენ მომზადებული და ის, რაც მათ გააკეთეს (მინისტრების გადადგომას ვგულისხმობ), სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯი იყო."

დემოკრატიული პარტიებისაგან განსხვავებით, კომუნისტები კარგად მომზადებული აღმოჩნდნენ: 1948 წლის 21 თებერვალს მათ მომხრეთა 80 000-კაციანი დემონსტრაცია გამართეს, ხოლო 23 თებერვალს პოლიციამ იარაღი გამოიყენა სტუდენტების ინიციატივით მოწყობილი ანტიკომუნისტური გამოსვლის დასაშლელად.

მაგრამ, ოლგა კოპეცკას შეფასებით, სამოქალაქო ომის საფრთხე არ არსებობდა. მაშ, შესაძლებელი იყო ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის თავიდან აცილება? [ოლგა კოპეცკას ხმა] "ალბათ, შესაძლებელი იყო. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იან მასარიკი, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ტომაშ გარიგ მასარიკის შვილი. ის მაშინვე რომ წასულიყო დასავლეთში და მათთვის აეხსნა, რა ხდება, რომ არსებობს კომუნისტური რეჟიმის დამყარების საფრთხე, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. დღეს, ამდენი წლის შემდეგ, ძნელია ამის თქმა…"

დღეს ჩეხეთი და სლოვაკეთი ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლებიც მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეფორმებს და მტკიცედ ადგანან ევროპაში ინტეგრაციის გზას. კომუნისტური რეჟიმი ჩეხების და სლოვაკების უმეტესობას, მართალია, უსიამოვნო მოგონებად თუ შემორჩა, მაგრამ 25 თებერვალს აუცილებლად გაიხსენებენ ხოლმე 1948 წლის დრამატულ მოვლენებს. ამჯერად პრაღაში საღამო ხანს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართა სტუდენტების მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც პატივი მიაგეს კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნას.
XS
SM
MD
LG