Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გაფართოების ერთ-ერთი ავტორი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შანსებს სწავლობს


პრაღის ნოემბრის სამიტის შემდეგ ნატოში გაწევრიანების შესახებ საქართველოში დაწყებულ დისკუსიას მიმდინარე კვირაში ახალი იმპულსი მიეცა. ამის მიზეზი გახდა ორგანიზაცია აშშ-ნატოს

კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ბრიუს ჯეკსონის, სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ალიანსის გაფართოების აქტიური მხარდამჭერი ბრიუს ჯეკსონი, რომელსაც ზოგიერთი ქართული საინფორმაციო საშუალება ლამის ნატოში საქართველოს ლობისტადაც მოიხსენიებს, დარწმუნებულია, რომ ალიანსი დაძლევს ერაყის პრობლემის გამო წარმოშობილ შიდა დაპირისპირებას და მისი გაფართოება შემდგომშიც წარმატებით გაგრძელდება.


ნატოს წევრობაზე მეოცნებე საქართველოს ხელისუფლებას სულ მალე სიტყვიდან საქმეზე გადასვლა მოუწევს. ნატოში საქართველოს ელჩის დავით დონდუას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ნატოს ექპერტების მიერ მომზადებულ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, ყველა სამინისტროსა და უწყებისთვის დეტალურად გაწერილი ვალდებულებების ჩამონათვალით, რომლის შესრულებაზე უშუალოდ იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიწვევას.

მიუხედავადა იმისა, რომ ამ გეგმის პრეზენტაცია ჯერეჯრობით არ მომხდარა, საქართველოში არ წყდება სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ რა მანძილი აშორებს საქართველოს სანუკვარ მიზნამდე. პესიმისტების პროგნოზით, არსებული შესაძლებლობებით და დემოკრატიის ხარისხით, საქართველოსთვის ალიანსის წევრობა უშორესი პერსპექტივის საქმეა, ოპტიმისტები და, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკვე 2-3 წლის შემდეგ იქნება მზად ნატოში გაწევრიანებისთვის.

ჟურნალისტთა თხოვნით, ოთხშაბათს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა არაკომერციული ორგანიზაცია აშშ-ნატოს კომიტეტის თავმჯდომარემ და ალიანსის გაფართოების ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა ბრიუს ჯეკსონმა, რომელიც, საკუთარი ინიციატივით, მეორე დღეა იმყოფება საქართველოში და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

[ბრიუს ჯეკსონი] "მე არა მგონია, რომ მათ ასეთი ვადები დადგენილი ჰქონდეთ. მაგრამ გაფართოების ბოლო ტალღის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოპტიმალური დრო ოთხი-ხუთი წელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუკი ნატომდე მანძილის დაფარვა ამ პერიოდში არ მოხერხდა, ქვეყანა კარგავს ალიანსში გაწევრიანების შანსს. მაგალითად, მაკედონიამ და ალბანეთმა ვერ მიიღეს მოსაწვევი, მაგრამ მათ შემდგომი ოთხი წელი აქვთ. შემდგომი გაფართოების დროს მათი გაწევრიანების საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში."

სხვადასხვა სამეცნიერო და საკონსულტაციო წევრობის გარდა, ბრიუს ჯეკსონი ერაყის განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარეცაა. ამიტომ მე ვთხოვე მას გამოეთქვა საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ნატოს გაფართოების პროცესსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ერაყის კრიზისი.

[ბრიუს ჯეკსონის ხმა] " ჩვენ, ერაყის განთავისუფლების კომიტეტის წევრებს, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არის ტირანია. რა თქმა უნდა, ამ საკითხმა გარკეული პრობლემა წარმოშვა ნატოს შიგნით და ამ უთანხმოების დაძლევა ჩვენ დიდი დიპლომატიური და ფინანსური ძალისხმევის ფასად გვიჯდება. იმედი გვაქვს, რომ გრძელვადიანი შედეგი ამ დებატებისა პოზიტიური იქნება და იგი განამტკიცებს ალიანსს. ამ პროცესის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იქნება თურქეთის როლის გაძლიერება ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც, თავის მხრივ, იმის დემონსტრირება იქნება, რომ ეს რეგიონი და, კერძოდ, საქართველოც, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია."

ბრიუს ჯეკსონი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს და განაცხადა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა ცდილობს დაარწმუნოს კრემლი, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით, მის მეზობლობაში კიდევ ერთი სტაბილური და აყვავებული ქვეყანა იქნება, როგორც ეს ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში მოხდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG