Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალცეროვიჩის ცენტრი კონტრაბანდისტების წინააღმდეგ რეკომენდაციებს გვიტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველ წელს კონტრაბანდასთან და ჩრდილოვან ბიზნესთან ბრძოლის იმიტაციას აკეთებს, ამ პრობლემის რეალური მოგვარების სიმპტომები

ჯერჯერობით არ ჩანს. არადა, მთავრობას, შიდა რესურსების გარდა, ამ სფეროში სერიოზული საგარეო დახმარებაც უნდა შეშველებოდა - დასავლეთი ფისკალურ სტრუქტურებს და, განსაკუთრებით, საბაჟოს გულუხვად ეხმარება. ცოტა ხნის წინ კი თბილისში ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფის ვიზიტი დასრულდა. პოლონელი ექსპერტების სტუმრობის ძირითადი მიზანი კონტრაბანდასთან ბრძოლისათვის რეკომენდაციების შემუშავება იყო.

საქართველოს საბაჟოსათვის გამოყოფილ არცთუ მცირე დახმარებას, რომელსაც აშშ მთავრობა და სხვადასხვა დონორები პერიოდულად იძლევიან ხოლმე, ბალცეროვიჩის ჯგუფის რეკომენდაციებიც დაემატა.

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ეკონომიკური მრჩევლის, პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფის მიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებული "საქართველოს პრეზიდენტისათვის მაკროეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საკონსულტაციო პროექტის" ფარგლებში ცოტა ხნის წინ თბილისში პოლონელი სპეციალისტები სტუმრობდნენ.

ბალცეროვიჩის ჯგუფი ბოლო პერიოდში, ძირითადად, ორი მიმართულებით მუშაობდა: მათი პრიორიტეტები კონტრაბანდასთან ბრძოლა და ფისკალური პოლიტიკა გახლდათ. ამასთან, ჯგუფის წევრები, ძირითადად, პრაქტიკოსები, ექსპერტები არიან, რომელთაც თავის დროზე "შოკური თერაპიის" ავტორის კაბინეტში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ. ამდენად, მათ პრაქტიკულ გამოცდილებას, წესით, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისათვის.

ჯგუფის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ექსპერტები მუშაოდნენ ყველა იმ უწყებასთან, რომელთაც კონტრაბანდასთან ბრძოლა ევალებათ. საბოლოო ინფორმაცია კი ამ უწყებების მაკოორდინირებელ ფინანსთა სამინისტროში იყრის თავს.

ჯგუფის წევრებმა ვიზიტის ბოლოს თავისი რეკომენდაციები ყველა ამ უწყების ხელმძღვანელს დაუტოვეს. საზოგადოებისათვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა ურჩიეს პოლონელმა ექსპერტებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, თუ წინა ვიზიტებით და თავად ჯგუფის ხელმძღვანელის ლეშეკ ბალცეროვიჩის განწყობითა და მისი რეკომენდაციების შესრულების ხარისხით ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც გადამეტებული ოპტიმიზმის საბაბი არ უნდა გვქონდეს.

რაც შეეხება პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ორი წელია მოღვაწეობს, ჯერჯერობით მისი ხილული შედეგები არ ჩანს და ამაში ყველაზე ნაკლებად სწორედ პოლონელი რეფორმატორია დამნაშავე. რადგან ერთია რჩევა და მეორე - მისი აღსრულება, რაშიც ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ცუდი ან ჯიუტი "მოწაფე" იყო.

ბალცეროვიჩის ჯგუფი თავის შთაბეჭდილებებს ვარშავაში ჩაიტანს, ხოლო პრეზიდენტისადმი უშუალო რეკომენდაციებს მისი მრჩეველი თავად წარუდგენს შევარდნაძეს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის ეწვევა ბალცეროვიჩი თბილისს. სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ვარშავის ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ვიზიტი 2003 წელს შედგება, თუმცა ამ სტუმრობის რეალური შედეგები მაინც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG