Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


წლეულს 5 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა სომხეთში - არ ვგულისხმობთ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა დიქტატორის, სტალინის გარდაცვალების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით,

ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც უთუოდ გაიხსენებენ სტალინიზმის ეპოქას და მასთან დაკავშირებულ არაერთ ტრაგედიას. საქმე ის არის, რომ 5 მარტს სომხეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი, რითაც ერთგვარ კულმინაციას აღწევს კეჭისყრის პირველი რაუნდით გამოწვეული დაძაბულობა.

გავიხსენოთ: სომხეთში ორი კვირის წინ, 19 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა ამჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50 პროცენტი ერგო. მას შემდეგ ერევანში არაერთი მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, აღირიცხა ოპოზიციონერთა დაპატიმრების არაერთი შემთხვევა. დაპატიმრებულთა უმრავლესობა, მართალია, ისევ გაათავისუფლეს, მაგრამ ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება ამჯერადაც ჩაერევა არჩევნების ბედში: ყველაფერს იღონებს, რათა გამარჯვება არ მოაპოვებინოს პრეზიდენტ ქოჩარიანის მეტოქეს - სტეფან დემირჭიანს.

პრეზიდენტობის ორი კანდიდიტის წინასაარჩევნო კამპანია ორშაბათს საღამოს, საკმაოდ შთამბეჭდავი ფინალით დასრულდა: სომხეთის ისტორიაში პირველად გაიმართა კანდიდატთა სატელევიზიო დებატები, ერთგვარი ტელედუელი, რომელმაც ორი საათი გასტანა და მაყურებლებს, ალბათ, საკმარისი საფიქრალი გაუჩინა.

ტელედუელი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივე კანდიდატი დაესწრო მომხრეთა მიერ ორგანიზებულ ათიათასობითკაციან დემონსტრაციებს და გამოთქვა რწმენა, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. ქოჩარიანის ხმა "ჩვენ ორმაგი გამარჯვება გვესაჭიროება - მათგან ერთს რიგიანად ორგანიზებული და გამჭვირვალე კენჭისყრით მოვიპოვებთ. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაც იქნებოდა".

როცა რობერტ ქოჩარიანი თავის მომხრეებს ამ სიტყვებით ამხნევებდა, სტეფან დემირჭიანი სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მიმართავდა თავის მხარდამჭერებს: დემირჭიანის ხმა "მჯერა, რომ გავიმარჯვებ როგორც ტელედებატებში, ისე არჩევნებში. ხელისულფებასაც ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ის, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, გამანადგურებელ მარცხს იწვნევს. 5 მარტს არჩევანს გავაკეთებთ დემოკრატიის მშენებლობასა და ხუნტის გამეორებას შორის".

ტელესტუდიაში კანდიდატები უკვე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. როგორც ჩვენი ერევნელი კორესპონდენტი, ემილ დანიელიანი იუწყება, 48 წლის პრეზიდენტი ხშირად იშველიებდა სტატისტიკურ მაჩვენებლებს, და ცდილობდა, თავისი მეტოქე წარმოესახა გამოუცდელ პოლიტიკოსად, რომელიც ვერ ერკვევა ეკონომიკური პროცესებში, საგარეო პოლიტიკასა თუ კონსტიტუციურ რეფორმებში. "არჩევნებში დემირჭიანის გამარჯვება სომხეთისათვის სახიფათო იქნებოდაო", გააფრთხილა ქოჩარიანმა თანამემამულეები.

საპასუხოდ სტეფან დემირჭიანმა, რომელიც თავის მეტოქეზე 5 წლით უმცროსია, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თავი აარიდა გამოხმაურებას შეკითხვებზე, რომლებიც საარჩევნო პროგრამის სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებს ეხებოდა და დასძინა, რომ მხოლოდ "კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს" აქვს ქვეყნის მართვის უფლება.

როგორ იმოქმედებს ორშაბათის ტელედუელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგზე, დანამდვილებით არავინ იცის. სომხეთში საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარებას, ბუნებრივია, ერთ დღეში ვერავინ მოასწრებდა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დემირჭიანის სასარგებლო ფაქტორი იყო მისი გარეგნობა: თვალშისაცემი მსგავსება მამასთან, კარენ დემირჭიანთან, რომელიც საბჭოთა პერიოდში სომხეთის ხელისუფლების სათავეში იდგა. ამ ფაქტორმა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა: მიმომხილველები ირწმუნებიან, რომ სტეფან დემირჭიანი მამის სახელს და მამასთან მსგავსებას უნდა უმადლოდეს 28 პროცენტის მოპოვებას არჩევნების პირველ რაუნდში.
XS
SM
MD
LG