Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედროები ქუვეითში სრულ საომარ მზადყოფნაში არიან


გენერალ მაიორი ბიფორდ ბლანტი აცხადებს, რომ ათასობით ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცი ქუვეითის უდაბნოში იმყოფება და მზად არის ერაყზე შეტევის განხორციელებისთვის,

თუკი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მათ ასეთ ბრძანებას მისცემს. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რონ სინოვიცი ქუვეითში იმყოფება და აგვიწერს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების განწყობას. ჩვენი კორესპონდენტი ნინო გელაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა რონს და მას ქუვეითში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოების ზომების შესახებაც ესაუბრა.

ქუვეითის მოსახლეობის 60 პროცენტს დღეს იქ მომუშავე უცხოეთის მოქალაქეები შეადგენენ. ძნელია იმის თქმა, რომ ყველა მათგანი თანაბრად არის დაცული ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგებისგან. ამაზე ცოტა მოგვიანებით ჩვენი კორესპონდენტის რონ სინოვიცისგან მოვისმენთ. მანამდე კი ამერიკელი სამხედროების განწყობაზე, რომლებიც ქუვეითში იმყოფებიან და მხოლოდ ვაშინგტონის ბრძანებასღა ელოდებიან ერაყზე შეტევის განხორციელებისთვის.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეითთა მესამე დივიზიას, რომელსაც გენერალ-მაიორი ბიფორდ ბლანტი მეთაურობს, "რკინის მუშტსაც" უწოდებენ მისი მძიმე ტექნიკის გამო. ქუვეითში განლაგებულ სხვა დანარჩენ ნაწილებს არა აქვთ იმდენივე ტექნიკა, რამდენიც მესამე დივიზიას, მაგრამ მათ უფრო დამხმარეს ფუნქციაც ეკისრებათ. სამხედრო მომზადების თვალსაზრისით ბიფორდ ბლანტს ეჭვი არაფერში ეპარება. რაც შეეხება ერაყის მიერ ბიოლოგიური, ან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას, როგორც ჩანს, მას ეს საკითხი ყველაზე მეტად აღელვებს:

[ბლანტის ხმა]
"ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენება ყველაზე მეტად მაწუხებს, მაგრამ რეალურად მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მანერვიულებს. მე არ ვფიქრობ მუდმივად ამ საფრთხეზე. ჩვენ ამისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებული და აღჭურვილი. ჯარისკაცებმა იციან როგორ გამოიყენონ შესაბამისი აღჭურვილობა. იმედია, მათ ეს არ დასჭირდებათ".

როგორც წესი ომის დროს სხვადასხვაგვარი თავდასხმისთვის სამხედროები ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუვეითის სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რომელთა ნახევარზე მეტს დღეს უცხოელები შეადგენენ. არიან თუ არა ისინი მზად მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედებისგან თავის დასაცავად. ამის თაობაზე დავუკავშირდი ჩვენს ქუვეითში მყოფ კოლეგას რონ სინოვიცს, რომელმაც მითხრა:

[სინოვიცის ხმა]
"მოქალაქეთა მომზადებულობის დონე ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუვეითის მოსახლეობის 60 პროცენტი აქ მომუშავე უცხოელები არიან. სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები ამარაგებენ თავიანთ მოქალაქეებს გაზსაწინააღმდეგო ნიღბებით. მაგრამ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ეგვიპტე, პაკისტანი, ინდონეზია, ან ფილიპინები მოქალაქეების, და ისინი ასობით ათასია ქუვეიტში, ნიღბებით მომარაგების საშუალება არ არის. გასულ შაბათ-კვირას ჩეხმა სამხედროებმა დაამონტაჟეს პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც ქიმიური, ან ბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში საათში 1000 ადამიანის მიღება შეიძლება. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ერთი პუნქტი ქუვეითისნაირი ქვეყნისთვის 2,3 მილიონი მოსახლეობით, თუკი ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღი მართლაც იქნება გამოყენებული".

რამდენად არიან მზად ამერიკელი სამხედროები და რამდენად შედის ეს მათი პასუხისმგებლობის სფეროში - დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა და შედეგებისგან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას რონ სინოვიცი ისევ გენერალ ბიფორდ ბლანტს დაესესხა:


[სინოვიცი ხმა]
"გენერალ-მაიორი ბიფორდ ბლანტ მესამე, რომელიც ქვეითთა მესამე დივიზიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ შეერთებული შტატების ჯარები ახლა მზად არიან როგორც ერაყის ნებისმიერი შეტევის მოგერიებისგან, ასევე მასზე შეტევის განხორციელებისთვისაც, თუკი ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ასეთ ბრძანებას მიიღებენ. შეერთებულმა შტატებმა განალაგა "პატრიოტის" ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა არა მხოლოდ თავიანთი ბანაკების დისლოკაციის ადგილების ირგვლივ, არამედ ერაყის საზღვართან ახლოსაც, იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი რაკეტის შეჩერება, მათ შორის - ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის შემცველისაც".

- ეს გახლდათ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რონ სინოვიცი, რომელიც ქუვეიტიდან იქ მიმდინარე საომარი მზადების შესახებ გვესაუბრებოდა.

მიუხედავად ამერიკელი სამხედროების მომზადებულობისა, ომის დაწყების შემთხვევაში სადამ ჰუსეინის მიერ ქიმიური, ან ბიოლოგიუირ იარაღის გამოყენების საშიშროება კვლავ აქტუალურია. დღეისთვის ძნელია ზუსტად იმის თქმა თუ ქუვეიტის მოსახლეობის რა ნაწილია აღჭურვილი გაზსაწინააღმდეგო ნიღბებით. ქუვეითში ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უმეტესობა სრულიად დაუცველია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG