Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი იმპულსები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში


პრეზიდენტ შევარდნაძისა და პუტინის სოჭის შეხვედრის შემდეგ თითქმის ყველა ექსპერტი ერთხმად წინასწარმეტყველებს დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ერთგვარ სასიკეთო ნიშნად კი სახელდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ვლადიმირ პუტინის მიერ განხორციელებული ახალი საკადრო დანიშვნები, რომელიც საქართველოსთან ჩარჩოხელშეკრულებაზე მომუშავე რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის ხელმძღვანელ ბორის პასტუხოვსა და ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორს გენერალ ნიკოლაი ტოცკისაც შეეხო. და მაინც, რამდენად აქვს საფუძველი ასეთ ვარაუდებს და შეუწყობს თუ არა ეს ცვლილებები ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრას?


ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა და საგანგებო დავალებათა სამინისტროთა ხელმძღვანელები მოიწვიეს, რათა პარლამენტარებს უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა წერია პუტინ-შევარდნაძის ხელმოწერილ ოქმში და როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გამოთქმული სურვილების რეალიზება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დეპუტატები, ისე ქართველ დიპლომატთა კორპუსი საკმაოდ დადებითად აფასებენ თავად პრეზიდენტების შეხვედრის ფაქტს, არც ერთი მხარე ბოლომდე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნებს შორის დაგროვილი პრობლემები ერთბაშად მოგვარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეიქმნება ფორმატი, რომელმაც პრეზიდენტთა წინადადებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.
[მერაბ ანთაძის ხმა]"ფორმატი, ვადები - ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს. ჯერ წინასწარ მზადდება ჯგუფები ქართული მხარის, რომელიც მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებს, კონკრეტულ მექანიზმებს. ეს არ არის ადვილი პროცესი. ამას, ალბათ, დასჭირდება, ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვა."

გარდა ამისა, პარლამენტის კულუარებში დღეს აქტიურად ბჭობდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ჩატარებულ საკადრო ცვლილებებზე - კერძოდ, საქართველოსთან ჩარჩოხელშეკრულებაზე მომუშავე რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის ხელმძღვანელად კოკოშინის დანიშვნაზე, კოკოშინისა, რომელმაც ამ პოსტზე ბორის პასტუხოვი შეცვალა. ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან, ბორის პასტუხოვს ერთგვარ ბოროტ გენიად მიიჩნევდნენ და მისი მოღვაწეობა ჯერ კიდევ იმ დროიდან არ მოსდიოდათ თვალში, რაც მისი უშუალო მონაწილეობით- და არა მხოლოდ მონაწილეობით, გარანტიითაც - დადებული ყველა სამშვიდობო შეთანხმება აფხაზებმა უაპელაციოდ დაარღვიეს 1993 წლის ომის დროს. პასტუხოვის მემკვიდრე ანდრეი კოკოშინი კი, გარდა იმისა, რომ სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, 1996-97 წლებში, იმხანად რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში, ბევრს ცდილობდა დაეთანხმებინა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაზე, რაც იურიდიული ბაზის უქონლობის გამო ვერ განხორციელდა. საგანგებო დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის თქმით, ეს ფაქტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ცალკეულ პიროვნებათა მცდელობა, გადაწყდეს სახელმწიფოთაშორისო პრობლემები, უნაყოფოა, თუ მათ მხარს არ უმაგრებს სახელმწიფო პოლიტიკა. თუმცა კაკაბაძე დღეს უფრო იმედიანადაა განწყობილი:
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "მე მაინც მგონია, რომ ეს თანამშრომლობა უფრო კონსტრუქციული იქნება. არ იქნება შეურაცხმყოფელი, იქნება უფრო რეალობებზე დაფუძნებული."

ამ რეალობაზე მეტყველებს ის გამოცოცხლება, რომელიც ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის თითქმის ყველა დონეზე შეიმჩნევა. მოსკოვში მეორე დღეა იმყოფება საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი, რომელიც - ალბათ, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში - თავის რუს კოლეგასთან პირისპირ შესახვედრად ემზადება. მოსკოვშია ვახტანგ რჩეულიშვილიც, რომლის დიპლომატიური უფლებამოსილებები შევარდნაძის კარზე ნელ-ნელა ფართოვდება. ეს შეხვედრები, დიპლომატთა შეფასებით, უკვე ნიშნავს გარკვეულ შედეგს და იმის იმედსაც იძლევა, რომ პროცესები კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG