Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუმბერ ლომინაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო


დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია დაბა ხარაგაულის საკრებულოს არჩევნების თარიღზე გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. სხდომას, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე წარუძღვება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის რანგში ეს მისი ბოლო სამუშაო თათბირი, ალბათ, არ იქნება, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ბატონი ლომინაძე თანამდებობას ტოვებს.

ჯუმბერ ლომინაძის გადაწყვეტილების აღსრულების დღე და რიცხვი ჯერჯერობით გარკვეული არ არის, მაგრამ ერთის თქმა უკვე დანამდვილებით შეიძლება: საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოდგომაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება. საქართველოს პარლამენტის მიერ კანონდარღვევებით ვადაგაგრძელებული ცენტრალური საარჩევნო კომისია, წესით, იმ დროისათვის ამ შემადგენლობით უკვე აღარ უნდა არსებობდეს. დღეისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის განმსაზღვრელი უკვე 13 კანონპროექტი შეიქმნა -მეთოთხმეტეა ამ კანონპროექტების განხილვის ეგრეთ წოდებული პრესინგის მოდელი, რომელიც ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს ეკუთვნის. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცესკოს უპირობოდ დათხოვნით პარლამენტმა ხელოვნური საკანონმდებლო ვაკუუმი უნდა შექმნას ერთი მიზნით - დაჩქარდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესის განსაზღვრა. ცესკოს გარშემო არსებული მრავალმხრივი პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, სავარაუდოდ, ჯუმბერ ლომინაძე, ისევე როგორც კომისიის ბევრი სხვა წევრი, ახალ კომისიაში არ მოხვდებოდა. ამგვარი ფონის მიუხედავად, ბატონმა თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, პრინციპულად იჩქარა, რაც, თავის მხრივ, მოარული ხმების გავრცელების საბაბად იქცა. ამ ხმების მიხედვით, ბატონმა ლომინაძემ გადაწყვეტილება ზეწოლით, მისი მოქმედი მოადგილისა და საარჩევნო გაყალბებების დიდოსტატად აღიარებული გია ზესაშვილის სასარგებლოდ მიიღო. თავად თავმჯდომარე ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს:
[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] "მე ვერავინ ვერ გამიბედავს წადიო. ნამდვილად ასეა და არც მკადრებენ. პრეზიდენტი მაგას არასდროს არ მეტყვის და არც სხვა ვინმე. ისე რომ, არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. ის, რასაც მე მივიღებ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა."
ბატონი ჯუმბერი მეცნიერებაში დაბრუნებას, ახალგაზრდებთან მუშაობის გაგრძელებასა და კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკაში მოღვაწეობის განახლებას აპირებს. საამისოდ იგი უკვე 2 გრანტს ფლობს.
[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "მივესალმები ბატონ ლომინაძის გადაწყვეტილებას და ვულოცავ მას, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაისვენებს იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც იმყოფებოდა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას ეს ადრე უნდა გაეკეთებინა და ვისურვებდი, რომ ყველა წევრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისამ მას მიბაძოს და გადადგეს დღეიდან."
ჯუმბერ ლომინაძეს არცთუ უსაფუძვლოდ აეჭვებს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" წევრის, ნუგზარ კუპრეიშვილის, ამ მოწოდების განხორციელება. თუმცა ოპონენტის კომენტარზე პასუხი აქვს და ეს პასუხი ძალზე საგულისხმოდ ჟღერს.
[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] "იმას ვამბიბ, რომ მე რომ არ ვყოფილიყავი, უარესი მოხდებოდა."
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გია ზესაშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებისას ადრინდელზე უარესი გაყალბებებია გარანტირებული? უდავოდ, ნიშნავს, რადგან იმავე "სამართლიან არჩევნებში" მიიჩნევენ, რომ გია ზესაშვილს არათუ თავმჯდომარეობის, კომისიის წევრობის მორალური უფლებაც კი არა აქვს.
XS
SM
MD
LG